"იქნებ მითხრათ, ყოველივეს თავი როგორ გავართვა" - კვირის პალიტრა

"იქნებ მითხრათ, ყოველივეს თავი როგორ გავართვა"

კარგი რამაა იუმორი, ხანდახან ადამიანს იმ მდგომარეობიდან გამოიყვანს, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. ამ წერილის ავტორი სტუდენტიც ასეა - თანამემამულეებივით იმდენი პრობლემა აყრია, საიდანაც "თაგვიც ვერ გამოძვრება", ის კი თავის თავზე რასკოლნიკოვის მეტსახელით ხუმრობს. სხვათა შორის, რასკოლნიკოვი ცნობილი რუსი მწერლის, ფეოდორ დოსტოევსკის გმირია, რომელიც, ჩვენი წერილის გმირივით, საკუთარ თავზეც ხუმრობდა, ბინის ქირას ვერ იხდიდა და ვერც იცვამდა-იხურავდა. ამან კი სასტიკ პროტესტანტად აქცია.

ღმერთმა დაიფაროს, ჩვენი სტუდენტიც პროტესტანტად იქცეს, მაგრამ ისე, რა ხდება, ბატონებო, როდის უნდა ამოვისუნთქოთ?

მე ის სტუდენტი გახლავართ, სოფლიდან ზურიკელა ვაშალომიძესავით მატარებლის "პლაცკარტით" რომ ჩამოვედი. როგორც კი ჩვენი მატარებელი სადგურზე ჩამოდგა, მეც მუხიანისაკენ გავწიე, - მამაჩემისგან წინასწარ 100 ლარად დაქირავებულ ბინაში. კაცი გახარებული იყო. ბინა გიქირავეო,  რომ მითხრა, მაშინვე მივხვდი, ის ბინა რა იქნებოდა, მაგრამ მეტის გადამხდელი მამაჩემი ვერ იყო და ხომ ვერ მოვკლავდი კაცს!

ერთი სიტყვით, ბინა რომ მივათვალიერ-მოვათვალიერე და გაზის ქურაც  რომ ვერსად დავინახე, კინაღამ ავტირდი, მაგრამ ცოტა მესირცხვილა, ამიტომ ვაჟკაცურად შევხვდი ამ ამბავს. ისევ მამაჩემს ვთხოვე, - მე თბილისში "დენის პლიტას" სად ვიშოვი, არავის ვიცნობ, ან მაგის საყიდელი ფული ვის აქვს, ეგება მანდ მეზობლებში მოიკითხო და გამომიგზავნო-მეთქი. გამომიგზავნა. არა უშავს, გამოდგა, სანამ ზამთარი მოვიდოდა, კარგი პატივი მცა, - სადილს წამში ვათუხთუხებდი. ზამთარი რომ დადგა, ჩემი "პლიტის" პატივისცემა შხამად მექცა, - მთელი დღე ნაცნობ-მეგობრებში გამომთბარი გვიან კი შევიძურწები სახლში, - ვითომ დენს ვზოგავ, მაგრამ რადგან ჩემ მაგივრად წიგნს ჩემი ნაცნობ-მეგობრები ვერ წაიკითხავენ და ვერც იმეცადინებენ, იძულებული ვხდები, ჩემს "პლიტას" ზოგჯერ ღამის 2-3 საათამდე ჩავეხუტო.  ამასობაში, დენის გადასახადი 88 ლარი მომივიდა, საიდანაც 19 ლარი ნაგვისა გახლდათ. ჰოდა, ახლა ისევ თბილად ჩაცმული ვზივარ და ვფიქრობ, ან მე ვარ გონებაჩლუნგი, ან ის ხალხი, ვინც ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმად 156 ლარი დააწესა, ყოველ შემთხვევაში, მე ვერაფრით ავხსენი, საიდან უდრის: დენის ფული 88 ლარი, მგზავრობა 15 ლარი (თუ მოვახერხე უბილეთოდ მგზავრობა. და არავინ თქვას, რატომო) სწავლის გადასახადი 225 ლარი, კვება 100 ლარი - 156 ლარს. თუ ვინმე მოახერხებს ამ მონაცემების ბოლო მონაცემთან დაკავშირებას, რაიმე ლოგიკის საფუძველზე, მზად ვარ, 10 წელი უფასოდ ვემსახურო, ან იქნებ ის მაინც მითხრათ, ყოველივეს თავი როგორ გავართვა.

რასკოლნიკოვი