რატომ ვერ ვუკავშირდებით სასწრაფოს - კვირის პალიტრა

რატომ ვერ ვუკავშირდებით სასწრაფოს

... ჩქარა, ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა

ჩვენს გაზეთში დაბეჭდილ წერილებში ხშირად წაიკითხავთ ფრაზას, "ბრმები არ ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლების გაკეთებული საქმეები ვერ დავინახოთო". ჩვენც ასე ვფიქრობთ, მაგრამ კარგს თუ ხარვეზი გაუჩნდება, ეს ფსიქოლოგიურად მეტ ტრავმას იწვევს, ვიდრე იმის ყურება, რომ ასაშენებლის აშენებას საშველი არ დაადგა. მით უფრო, თუკი საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.

რაც მე შემემთხვა, არ ვისურვებდი, სხვამაც გადაიტანოს. მადლობის მეტი რა მეთქმის თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის, რომლებიც პროფესიონალებიც არიან და არაჩვეულებრივი ადამიანებიც. მაგრამ პრობლემა, რომელიც ბოლო ხანს თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში შეიქმნა, აუცილებლად მოსაგვარებელია, რადგან საფრთხეს ჩვენს სიცოცხლეს უქმნის. რამდენიმე დღის წინ დამჭირდა სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახება - ჩემი ორი წლის გოგონა წყლის გამაცხელებლის მილიდან უკან დაბრუნებული გაზის ნამწვით მოიწამლა. არც კი მახსოვს, ფანჯრები როგორ გავაღე, ამასობაში ძიძა #113-ზე რეკავდა, თუმცა ამაოდ. გამწარებულმა გამომძახა, - რა ვქნა, არ იკრიფება, შენ სინჯეო. უკვე თვალებდახუჭული ბავშვი ძიძას მივეცი და ახლა მე დავიწყე ნომრის აკრეფა. გეფიცებით, ჩემს ცხოვრებაში არ მომჩვენებია რაიმე ხმა ისე შემზარავად, როგორც თბილისის სასწრაფო დახმარების ავტომატური ოპერატორისა, - ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია და გთხოვთ, დაელოდოთო. უმწეოდ შევყურებდი, ჩემი პატარა როგორ ცდილობდა ამოესუნთქა. ბოლოს და ბოლოს, როცა სასწრაფოს ექიმები მოვიდნენ, ბავშვი გონს მოსული დახვდათ. ამის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემი შვილი ბოლომდე გამოკეთებულიყო. ბოლოს, როცა ყველაფერი მორჩა, მათ ვკითხე, - რა სასწრაფო დახმარებაა ის, რომელსაც 40 წუთი ვერ უკავშირდები. ასე ხომ ადამიანს ცოცხალს ვეღარ მიუსწრებთ-მეთქი. შეწუხებულებმა მიპასუხეს, - იმდენი ითხოვს სასწრაფო დახმარებას, ოპერატორები მართლაც დაკავებულები არიანო. მაგრამ ეს ხომ შედეგს არ ცვლის.  სასწრაფო დახმარების სატელეფონო კავშირის ტექნიკა ხომ არ არის მოძველებული-მეთქი. რა გითხრათო... იქნებ თქვენ დაუკავშირდეთ ამ სამსახურს და გაიგოთ, რა ხდება. ამით ბევრ ადამიანს დაეხმარებით.

P.S. საკითხი იმდენად მნიშვნელოვნად მოგვეჩვენა, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურს მართლაც სასწრაფოდ დავუკავშირდით და სიტუაციაში გარკვევა ვთხოვეთ:

- ხალხი ჩივის, რომ თქვენს სამსახურთან დაკავშირება თქვენივე საკონტაქტო ნომრით ზოგჯერ შეუძლებელია. ეს კი შეიძლება საბედისწეროდ დამთავრდეს.

- გეთანხმებით, მაგრამ რა ვქნათ, როცა გამოძახება იმდენად ხშირია, რომ ჩვენი მონიტორი მთლიანად გაწითლებულია...

- 113-ის გარდა, იქნებ არის სხვა საკონტაქტო ნომრები, რომლითაც თქვენთან დაკავშირება შეიძლება.

- თუკი ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და სხვა გზა არ არის, შეუძლიათ დარეკონ ჩვენს ზოგად სასამსახურო ნომრებზე: 254.70.04; 254.70.03. აქედან შეტყობინება სასწრაფო სადგურს გადაეცემა.

- # 112-ის ახალ მომსახურებაზე რას იტყვით?

- ამ ნომრიდან შეტყობინება ჯერჯერობით მხოლოდ პატრულს გადაეცემა და ის ჩვენ გადმოგვცემს..

P.P.S. იმედი გვაქვს, ამ ნომრების გამოქვეყნებით ადამიანებს თავიდან ავაცილებთ დიდ რისკს. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.