მე ხანძთაში ჩემი საქართველო ვიპოვე! - კვირის პალიტრა

მე ხანძთაში ჩემი საქართველო ვიპოვე!

ჩვენი ერის გენეტიკური კოდის ძლიერებით ყოველთვის აღტაცებული ვრჩები. ის, რასაც ამ წერილის ავტორი სტუდენტი გვწერს, ერთხელ კიდევ იმის დადასტურებაა, რომ  გადაშენება არ გვიწერია...

მშობლები სულ გვამუნათებდნენ, ახლანდელი ბავშვები როგორ გვეცოდებით, ზიხართ კომპიუტერებთან გაშტერებულები, მთა თქვენ არ იცით და ბარი, ჩვენ კი მთელი საქართველო ფეხით გვაქვს შემოვლილიო. ერთხელ ბიჭებს ვუთხარი, - მოდი, ფული შევაგროვოთ, საპატრიარქოს ხალხი ტაო-კლარჯეთის სანახავად დაჰყავს და ჩვენც წავიდეთ-მეთქი. ვთქვით და დავიძარით. ეს შარშან იყო, ოქტომბერში. მოკლედ, ხანძთის მონასტერში რომ ავდიოდით, მაშინღა დავიწყეთ რაღაც-რაღაცების გამოკითხვა ხანძთაზე. გვრცხვენოდა, მაგრამ სხვა გზაც აღარ იყო. ასე მივუახლოვდით სოფელ ხანძთას. ალაგ-ალაგ ბუჩქნარმორეულ მთებში ჩაფლული ხანძთის ტაძარი უნდა გვენახა. ისიც უცებ გამოჩნდა... უეცრად ისეთი რამ დამემართა, ნაბიჯი ვეღარ გადავდგი და - უნდა დავისვენო-მეთქი. თურმე ბიჭებსაც იგივე დამართნიათ. მერე ჩემს თავს ვკითხე, - იქნებ ეს არის ის, რითიც უნდა მიხვდე, რომ შენ ნამდვილად ქართველი ხარ-მეთქი. ხანძთაში სადღაც, ღობესთან დათესილი პომიდორი და ლობიო შევამჩნიე. დავდექი და დიდხანს ვუყურე, თითქოს პირველად ვხედავდი - რაღაც ძალიან კარგი განცდა დამეუფლა. მერე ქოხი დავინახე (გვითხრეს, ხანძთაში ხალხი მარტო ზაფხულობით ამოდისო). იქვე ულამაზესი ვარდები ყვაოდა. ახლოს მივედი და...

აი, აქ დამემართა, რაც დამემართა: ქოხის კარაპანში (დერეფანს რქმევია!) ნამდვილი საწნახელი იყო შედგმული. სწორედ ისეთი, როგორიც იმერეთში, ჩემი ბაბუის ბაბუას ჰქონდა და დღესაც გვიდგას მარანში! საწნახელს მივჩერებოდი, ბიჭები რომ თავზე დამადგნენ. ბიჭო, ამას აქ რა უნდაო და იქაურობას ვერც ისინი მოსცილდნენ. სიძველისგან უკვე ნაცრისფერი ხის საწნახელი მაგარი რამე გამოდგა. ტაძარში დავბრუნდით. ჩვენებმა გვკითხეს, სად იყავითო. საწნახლის ფოტო ვაჩვენეთ. ცრემლი მოერიათ.

ახლა ჩემს ტელეფონში დარჩენილი ეს ფოტო მინდა თქვენც ნახოთ, ამიტომ წერილთან ერთად გიგზავნით - მართალია, მთლად კარგი ხარისხის ვერ არის, მაგრამ მთავარია, რომ მე ხანძთაში ჩემი საქართველო ვიპოვე!

გელა აბულაძე