დაიცავით თქვენი წილი საქართველო - კვირის პალიტრა

დაიცავით თქვენი წილი საქართველო

- დაიცავით თქვენი წილი საქართველო თქვენს გულში და თქვენ გარშემო. ახლა ეს არის თქვენი ბასიანი და თქვენი დიდგორი - ამბობს ჩვენი სულიერი მამა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.ვეთანხმებით. ტყუილად ჰგონია ვინმეს,  უმნიშვნელო ადამიანი ვარ და ვერაფერს გავხდებიო. ვინც სამშობლოსთვის, როგორც შეუძლია და რაც შეუძლია, იმას აკეთებს,  ის მეომარია, რომელმაც ქვეყანა დღევანდელი განსაცდელისგან უნდა გამოიყვანოს. დუშელი ქალბატონი, ზეინაბ ძიძიშვილი ასეთი მეომარია, - არავინ რჯის და არავინ ავალებს, მაგრამ თავის კუთხეს საკუთარი გულივით უსმენს და უფრთხილდება. წერილი, რომელიც მან რედაქციაში გამოგვიგზავნა, იმ ზრუნვითაა გამთბარი, როგორიც იცოდნენ ქართველებმა სამშობლოს მიმართ.

უპირველესად, მადლობას გიხდით იმის გამო, რომ ჩვენი გაზეთი, "კვირის პალიტრა", რა თემაზეც უნდა წერდეს, სამშობლოს სიყვარული ყველგან იგრძნობა. ესაა მთავარი და გინდ დამძრახეთ, გინდ არა, როცა ახალი თაობა, მათ შორის ჩემი მცირეწლოვანი შვილი მოზღვავებული ინფორმაციის გამო სხვა ქვეყნების კულტურას იხდის პრიორიტეტად, შიში მიპყრობს, - ვაითუ, ეს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვეს! მე რაც შემიძლია, ვცდილობ, ჩემ გარშემო ახალგაზრდობას სამშობლოზე ველაპარაკო, თავისი მიწა შევაყვარო, ამიტომაც მისხალ-მისხალ შევისწავლე ჩემი უძველესი ქალაქის, დუშეთის ისტორიაც. მიყვარს აქაურობა, მტკივა, როცა უჭირს და მიხარია, როცა რაიმე კარგი კეთდება. დუშეთს ისტორიულად ბევრი კარგი ქართველი გულშემატკივრობდა, - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა... მართალია, ამ სახელებთან ვერავინ მივა, მაგრამ ამ კუთხეს ახლაც ჰყავს მოამაგე ქართველები, - დუშელი ახალგაზრდები და თუ ამ მთის პატარა, ისტორიულ ქალაქში რაიმე სასიკეთო  კეთდება, მათი დამსახურებაა, ბევრი რამ გადაარჩინეს. ისე, მინდა ჩემმა საქართველომაც იცოდეს, რომ ამ ისტორიულ ქალაქში ბევრი სიმდიდრე გვაქვს. მათ შორისაა დუშეთის 200-წლიანი გეოფიზიკური ობსერვატორია - ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში და ერთადერთი - ამიერკავკასიაში, რომელშიც ორი საუკუნის უნიკალური მასალაა თავმოყრილი.

ისიც მინდა იცოდეთ, რომ ამ შენობაში თავის დროზე ორი სრულიად განსხვავებული, მაგრამ უდავოდ ცნობილი ქართველი მოღვაწეობდა - ნიკოლოზ ბარათაშვილი და იოსებ სტალინი. სხვათა შორის, ამ ობსერვატორიის ეზოშია დაკრძალული რუსი კლასიკოსის, ალექსანდრე პუშკინის ბებია და აქაურები მის საფლავის ქვას დღემდე ვინახავთ, - მადლობა ღმერთს, რომ საფლავთა პატრონობა, თუნდაც უცხოთა, ქართველებს წმინდა საქმედ მიგვაჩნია. ნებისმიერი ქალაქი იამაყებდა, IX საუკუნეში აშენებული ეკლესია რომ ამშვენებდეს და თანაც იქ წირვა-ლოცვა აღევლინებოდეს. ჩვენი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სწორედ IX საუკუნისაა. ჩვენ, დუშელებს, კიდევ ერთი წმინდა ეკლესიაც გვაქვს, წმინდანად შერაცხილი ქართველისაგან აგებული. დუშეთის ცენტრალური პარკი უკვე საუკუნეზე მეტი ხნისა იყო, დუშეთის მომრიგებელმა მოსამართლემ, ილია ჭავჭავაძემ, იქ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის აგება რომ მოინდომა და ააგო კიდეც. ვერ აგიწერთ, როგორ გავიხარე, როცა ერთი დუშელის ოჯახში ამ ეკლესიის იმდროინდელი ფოტო ვნახე. ეს წარსულიდან შემორჩენილი ერთადერთი ფოტოა და ასე მეგონა, როცა ილია ჭავჭავაძე ამ ეკლესიას აშენებდა, მეც იქ ვიდექი. ამ ფოტოსავით ვეფერები ხოლმე გულში დუშელი ქველმოქმედის, კეზელის 1914 წელს აშენებული სასახლის წინ შემორჩენილ ერთადერთ ნაძვის ხეს. ამ სასახლის ასაგებად ევროპაში განსწავლულ კეზელს იტალიიდან ჩამოუყვანია არქიტექტორები, სასახლის წინ შვეიცარიიდან ჩამოტანილი განსაკუთრებული ჯიშის წიწვოვანი ხეებიც დაურგავს. 30-იან წლებში კი ეს მშვენიერი სასAახლე რაიკომის მდივანს მოსწონებია, იქიდან კეზელის ოჯახი გამოუგდია და ნაძვებიც მოუჭრია - ფანჯარას მიბნელებსო. ერთი ისევ მყარად დგას და დუშელებს იმას გვახსენებს, რომ წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიან.

ასე დარჩება და შეინახება დღევანდელი საქართველოც ჩვენი შრომით და ტვირთით. ალბათ არასდროს ჰქონია და არც ექნება არც ერთ ქართველს ამაზე დიდი მოვალეობა ამქვეყნად.

ზეინაბ ძიძიშვილი