"წინ მთელი ცხოვრება მაქვს” - კვირის პალიტრა

"წინ მთელი ცხოვრება მაქვს”

16 წლის ესმა გუმბერიძე კი განსაკუთრებული გოგოა. თუ გრძნობა-გონება სხვას თვალებში აესახება, ესმას განწყობილებაზე პირსახე მეტყველებს - ესმა უსინათლოა. ჩვენთან წერილი მოიტანა. ფოსტით რატომ არ გამოგზავნე-მეთქი.ბრაილის შრიფტით (მხედველობაშეზღუდულთა დამწერლობაა) არის დაწერილი, ჩემ გარდა ვერავინ წაიკითხავთო. წაიკითხა. მერე გავაცილე. დედას ჩაჰყავდა კიბეზე. გულმა არ მომითმინა და - შენ როგორც მითხარი, წინ მთელი სიცოცხლეა, ამიტომ სულ წინ უნდა იარო-მეთქი. ვიციო, გამიღიმა... მეც ვიცი, ასე იქნება. როცა ამ წერილს წაიკითხავთ, თქვენც გაიგებთ.

ჩემი მოთხრობების ნაწყვეტები პირველად "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა. ვფიქრობ, ჩემსავით ბევრს ამხნევებთ. ეს კი ნებისმიერს სჭირდება. მათ შორის მეც - წელს უსინათლოთა სკოლას ვამთავრებ და ცხოვრების გზისა ცოტა მეშინია...

აი, რაზე გწერთ: განათლების სამინისტრომ ინგლისური ენის შესასწავლად მთელი ჩემი კლასი - 7 ბავშვი და ერთი სტუდენტი უსინათლო გოგონა ინგლისში წაგვიყვანა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მადლიერები დავრჩით. ჩვენ, მართალია, პირში არავინ გვეუბნება, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბევრს უაზრობად მიაჩნია, მხედველობაშეზღუდულებმა უცხოეთში ისწავლონ - ურთიერთობები აქაც მშვენივრად შეუძლიათ, რა საჭიროა, მათი უცხოეთში გაგზავნაო! მე ასე არ ვფიქრობ, განსაკუთრებით იმ ორი კვირის შემდეგ, რაც უცხოეთში გავატარე - ნებისმიერი ნაბიჯი წინ უნდა იყოს გადადგმული, რომ ადამიანი  სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს. როცა გრძნობ, წინ მიდიხარ, ბედნიერიც მაშინ ხარ. ასეთი ბედნიერები ვიყავით მე და ჩემი კლასელები ინგლისში, როცა ჩასვლისთანავე იქაურ პედაგოგებს დაველაპარაკეთ.  გაუკვირდათ, - თქვენს ქვეყანაში ნიჭიერი ბავშვები ყოფილანო.

ამიტომაც მინდა ყველა ჩემს ტოლს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, ნახოს, როგორ ცხოვრობს ნორმალური ქვეყანა, მერე თავადაც რომ ნორმალური ქვეყანა ააშენოს. ჩვენ, მართალია, ვერ ვხედავთ, მაგრამ დღეს თუ თვალსაწიერი არ გავიფართოვეთ, უკეთეს ქვეყანაში ვერასოდეს ვიცხოვრებთ. ამიტომ აუცილებლად უნდა ვისწავლო, წინ მთელი სიცოცხლე მაქვს და წინ წასვლა უნდა მოვახერხო. თუ ეს შევძელი და ალბათ, შევძლებ, ეს იმ ადამიანების დამსახურებაც იქნება, რომლებმაც ინგლისში წასულებს იმის შესაძლებლობაც მოგვცეს, ოქსფორდის უნივერსიტეტში შეგვებიჯებინა, სადაც კაცობრიობის საუკეთესო ადამიანები სწავლობდნენ და თქვენიც - ვინც ჩემი პირველი მოთხრობების ამონარიდები დაბეჭდა, - ამას ყოველთვის სიამოვნებით წავაკითხებ ჩემს შვილებს. თქვენ კი გისურვებთ, ყოველთვის ყოფილიყავით ჩემი ტოლების გულშემატკივარნი - ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება...

პატივისცემით, ესმა გუმბერიძე