ათვლის წერტილი - კვირის პალიტრა

ათვლის წერტილი

ალბათ ბევრი წერილი მოგდით და ეს გასაკვირიც არ არის, - ნაკლებად მეგულება ქართველი, რომელსაც ერთნაირად არ აწუხებდეს საკუთარი და ქვეყნის ბედი. მეც ხშირად ვფიქრობ, რა დაგვემართა მაინც ასეთი, რომ გაჭირვებიდან ვერა და ვერ გამოვედით. უმეტესობა ჩვენგანი ალბათ ამის მიზეზად გარეშე მტერთა სიმრავლეს დაასახელებს. კი, ბატონო, არის მტერიც, მაგრამ არ შემიძლია, ის არ გითხრათ, გულში რასაც ვფიქრობ: ჩვენ, ქართველებმა, თავმოყვარეობა მივაძინეთ, რის გამოც შინაურიც და გარეულიც თავზე გვაზის. ამის თქმის უფლებას ის მაძლევს, რომ ამდენი უბედურება ერთად დაგვატყდა და გაუგონარი რამ მოხდა - გამარჯვებული, ბედნიერი ხალხის მენტალიტეტი გვაქვს შექმნილი, შურისძიების, ღირსების შელახვის გრძნობა აღარ არსებობს. ასეთი რამ კი არც ერთ თავმოყვარე ერს არ დამართნია. ამიტომ უნდა ჩამოვთვალო მაგალითები, რომლებისაც, გამოვტყდები და, ხშირად შემშურებია კიდეც.

1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხების გამო რუსეთის სამეცნიერო საზოგადოების 1500-მა წევრმა მთავრობას წერილი გაუგზავნა (ამ წერილმა რომანოვთა რისხვა გამოიწვია), სადაც ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ დამარცხების გამო. ისინი პირდაპირ ხელს ადებდნენ რუსეთის საზოგადოებას, რომ ის იყო "ჭაობი", უძრავი, გაუნათლებელი, უკულტურო, უღირსებო და დამარცხება, ხელისუფლების დანაშაულთან ერთად, ამანაც გამოიწვია. ჩვენ? ჩვენი დამარცხების, თავმოყვარეობის შელახვის განცდა სადღაა? როგორ ვიქეცით იმ ერად, რომელსაც ეს არ აღელვებს?

და როგორია ჩვენი ფსიქოლოგია და მენტალიტეტი? ისეთი, როგორსაც ვხედავთ - თავზარდამცემი მოვლენების შემდეგ ჩვენი ცხოვრება ისე მიედინება, თითქოს არაფერი ხდებოდეს. და თუ ვინმეს მაინც აქვს ის გრძნობა, რომ "რაღაც" ხდება, ისიც კი იმას ფიქრობს, რომ თავად ვერაფერს შეცვლის. ეს მაშინ, როცა იმ ჩვენს მოწონებულ ამერიკაში, ლოს-ანჯელესის ცენტრში, დგას მრავალსართულიანი სახლი, რომლის ფასადს დიდი ასოებით აწერია "Pარტიოტიც ჰალლ". ეს სახლი ამერიკელთა ბუნების გამოხატულებაა. ყველა ამერიკელს გულწრფელად სჯერა, რომ მის ხელშია თავისი ქვეყნის ბედი და მომავალი. ამიტომაც აიძულებენ ქვეყნის ნებისმიერ მთავრობას თუ პრეზიდენტს ყველგან და ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენოს თავის ქვეყნის ინტერესები და მხოლოდ შემდეგ - პირადი. აი, ასეთი თავმოყვარეობა გვჭირდება ჩვენ, ყველას ერთად და ცალ-ცალკე, თუ გვინდა, ყველაფერი ის დავიბრუნოთ, რაც ხელიდან გამოგვეცალა, მათ შორის, ღირსებაც.

მედეა თავდიშვილი