"დაგვიბრუნეთ ჩვენი შვილები!" - კვირის პალიტრა

"დაგვიბრუნეთ ჩვენი შვილები!"

ძვირფასო "კვირის პალიტრავ", არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ იმის გამო, რომ იმის ნიჭი გაგაჩნიათ, ქართველობა ქვეყნის ბედზე ჩააფიქროთ. კაცი ვარ,

მაგრამ თქვენი წერილების კითხვისას, უნდა გამოგიტყდეთ და თვალზე ცრემლი ხშირად მომდგომია. მით უფრო, თუ გადახვეწილი ქართველები შეგეხმიანებიან. გაიხარეთ, რომ სამშობლოსთან მოსაჭიდებელ ძაფს მათ ასე უნახავთ და უფრთხილდებით. ჩემი სამი ქალიშვილიც გერმანიაში, მიუნხენში ცხოვრობს. მათზე გაუნელებელმა დარდმა და ფიქრმა კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა. ჩემი უმცროსი გოგონას შვილი, გიორგი რომ არა, სულიერად გავტყდებოდი. რად მინდა შვილების გამოგზავნილი ლუკმა, თუ სამშობლოში არ იცხოვრებენ და ჩემ გვერდით არ იქნებიან... აქეთ საქართველოზე და ქართველ ხალხზე, მის მომავალზე ფიქრი მანადგურებს. როდემდე უნდა ვიყოთ ამ დღეში, როდემდე უნდა ილეოდეს საქართველო მიწითა და შვილებით? ის მაინც მოგვეხერხებინა, მშრომელი კაცისთვის შეგვეწყო ხელი, სამუშაო გვქონოდა, რომ გადახვეწილები უკან დაბრუნებულიყვნენ. მარტო ის რას გვარგებს, საზღვარგარეთ ყველა ჩასვლაზე ჩვენმა პრეზიდენტმა აქეთ მოიპატიჟოს წასულები, თუ აქ სამუშაოს ვერ იშოვიან, ნერვიულობით გულები დაუსკდებათ!

ერთი ჩემი თანაკურსელის ამერიკაში განათლებამიღებული შვილიც გამოეხმაურა პრეზიდენტის მოწოდებას და ორი ბიჭის მამა დღემდე უმუშევარია, სასოწარკვეთილი ინტერნეტით ეძებს სამუშაოს, მაგრამ ვერაფერს გახდა. მასობრივ უმუშევრობას კი ისიც ემატება, რომ თუ რაიმე სამუშაო გამოჩნდა, სამსახურში მოწყობა ისევ ნაცნობ-მეგობრობით ხერხდება (გუბერნატორებისა და სხვათა დონეზე!)... ამიტომ ამ გუბერნატორებსა და ხელისუფალთ მივმართავ: - იწამეთ ღმერთი, იწამეთ ხალხი! მობრუნდით ქართველობისკენ, ქართველი საზოგადოებისკენ, საქართველოს მომავლისკენ. დაგვიბრუნეთ შვილები და შვილიშვილები! ვეჭვობ, ამ ქვეყნის წამალი სხვა რამ იყოს.

პატივისცემით, თეიმურაზ პაიკიძე