სანამ რისხვას შადრევანივით ამოუხეთქავს... - კვირის პალიტრა

სანამ რისხვას შადრევანივით ამოუხეთქავს...

ჩვენო საყვარელო "კვირის პალიტრა"! იმიტომ გწერთ, რომ ხალხის გასაჭირის გულთან მიმტანად თქვენ გვეგულებით. ეს ჩვენი მეორე წერილია. ადრეც გწერდით

ნაძალადევის რაიონის ჯავის ქუჩის უბედურების შესახებ. უბედურებაა, აბა, რა არის, - თითქმის 3000-კაციან ქუჩაზე ამდენი წელიწადია, მოჩქეფს სასმელი წყლის ნიაღვრები და ისედაც დახრამულ დაღმართს მილეკავს. რაც აქ ვცხოვრობთ, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქეთ, როცა "კვირის პალიტრაში" ჩვენი წერილის დაბეჭდვის შემდეგ, მილები მოიტანეს და ქუჩის შეკეთება დაიწყეს. ვიფიქრეთ, გვეშველაო, მაგრამ ასე თქვენს მტერს ეშველოს, - მიწის ქვეშ მილების ნაწილ-ნაწილ ჩაწყობა და ზედ ასფალტის ნაწილ-ნაწილ დაგება რომ დაიწყეს, ასფალტის "ნაჭრებიდან" წყალმა ისევ შადრევანივით ამოხეთქა. ჩვენს "ბედნიერებას" კი ის დაემატა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულ წყლებს შეერია და ახლა იძულებული ვართ, გადადუღებული წყალი ვსვათ. თბილისის მერიასა და "საქართველოს წყლებში" ამაოდ დავრბივართ იმის გასარკვევად, რა ტრიალებს ჩვენს თავს...

პატივისცემით, ჯავის ქუჩის მცხოვრებლები

P.S. ჯავის ქუჩელების წერილს რედაქციაში იდენტური შინაარსის მეორე წერილიც მოჰყვა იმავე ნაძალადევის რაიონში მდებარე ქსოვრელის ქუჩის მცხოვრებთაგან. ჩვენც ორივე ქუჩა მოვიარეთ და ნეტავ არ გვენახა - დაღარულ-დასერილი დაღმართებიდან სასმელი წყლის ნიაღვრები მოჩქაფუნობს, ირგვლივ კი ყველაფერი ათასნაირი ნაყარნუყარითაა სავსე. თუმცა, ამ შემზარავ სურათზე მეტად იმან გაგვაოგნა, ამ ქუჩებზე ხალხი როგორ ცხოვრობს.

როცა ეს აზრი თბილისის მერიის პრესცენტრს გავუზიარეთ, გვიპასუხეს, - შესაბამისი სამსახურების ცნობით, მაგ ქუჩებს მერია კი არემონტებს, მაგრამ სამწუხაროდ, სამუშაოები, იმიტომ ყოვნდება, რომ მიწის ქვეშ წყლის მილებია უვარგისიო. ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება ასფალტის დაგება მილების აღდგენის გარეშე დაიწყო. რა თქმა უნდა, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" (ყოფილი "წყალკანალი") დავუკავშირდით და შევეკითხეთ, თუ რატომ არ ცვლიან ამ ქუჩებზე წყალგაყვანილობის მილებს. მათი პასუხი ასეთი გახლდათ: აღნიშნულ ქუჩებზე გამავალი კომპანიის მაგისტრალები წესრიგშია (აბა, წყლის შადრევნები როგორღა ამოდის?!), მხოლოდ კერძო ქსელებია დაზიანებული. მას კი ჩვენ ვერ გამოვცვლით, მოსახლეობამ ან მერიამ უნდა გამოცვალოსო. ამის შემდეგ ალბათ, ქალაქის მერიას უნდა მივბრუნებოდით და გვეკითხა, - ახლა რას იზამთო, მაგრამ ამ ქუჩების მოსახლეობის მწარე გამოცდილება გაგვახსენდა (წლებია, ამ ორ ორგანიზაციას შორის დარბიან) და ამიტომ გაზეთიდან მივმართავთ: ასე ხალხის წამება არ შეიძლება, ბატონებო, - ერთხელაც მათი რისხვა იმ შადრევნებივით ამოხეთქავს, ამ ქუჩებზე რომ მოთქრიალებს...