"მათ, ვისაც ეს ამბები ჩემნაირად სტკივა" - კვირის პალიტრა

"მათ, ვისაც ეს ამბები ჩემნაირად სტკივა"

საქართველოს მოსახლეობის მესამედს რეპრესიის წლები მძიმე ლოდად აწევს. მხოლოდ ჩვენს თაობებს მიეცათ შესაძლებლობა,  ეს ტვირთი მოგონებების გამხელით შევუმსუბუქოთ.

ბებიაჩემის წვალებით გაზრდილი შვილები ბოლშევიკებმა  შეიწირეს. მახსოვს ლეჩხუმში, ჩემს სოფელ ტვიშში, ჩემი ბიძების, მექი და გრიგოლ ასათიანების სახლებთან ჩავლისას შავთავსაფარმოხდილი ბებიაჩემი რა გაავებული სახით იწყებდა ჩურჩულს. 11 წლის ვიქნებოდი, როცა ვკითხე, ამ დროს რას ჩურჩულებ-მეთქი.

სხვანაირი თვალებით შემომხედა,  მერე კი - გეტყვი, მაგრამ საიდუმლო შეინახეო. ჯერ გრიგოლზე მომიყვა: - პირველად მაგან მომკლა, 25 წლის იყო, თავის ბიძაშვილთან, არქიფო ასათიანთან ერთად, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს რომ შეუერთდა. ბოლშევიკებმა ყველანი სოფელ ალპანასთან,  ხეობაში მოიმწყვდიეს, საფლავი თავისი ხელით გააჭრევინეს, მერე დახვრიტეს და შიგ ერთმანეთის მიყოლებით ჩაყარესო.

როგორ გაიგე-მეთქი, - ხმააკანკალებულმა ვკითხე. ხმაჩახლეჩილმა მიპასუხა, - ამქვეყნად დამალული არაფერიაო და განაგრძო: - დედები ღამით საიდუმლოდ ვხვდებოდით ერთმანეთს და მკვდარი შვილების მოპარვას ვგეგმავდით. რომ გაეგოთ, დანარჩენ შვილებსაც დაგვიხვრეტდნენ. მერე ქალებმა - რაც მოხდება - მოხდესო. ცაგერის რაიკომის მდივანთან მივედით. ხუთნი შევედით, მე კარში დავიჩოქე და ისე წავედი მისკენ. უცებ  ადგა და წამომაყენა - რა ხდება, რამ შეგაწუხათო. გვინდა იცოდეთ, რომ შვილებს ღამე ამოვთხრით, ისე, რომ ვერავინ გაიგოს, ხარ-ურმით წავასვენებთ ჩვენ-ჩვენს სასაფლაოებზეო. სახე გაუშავდა და წაიჩურჩულა, - წადით, რაც გინდათ, ქენით, მე არაფერი ვიციო (დღემდე ვნანობ, რომ ამ ღვთისნიერი ადამიანის გვარი მაშინ ვერ ვათქმევინე ბებიას). წამოვედით. ერთ მთვარიან ღამეს ყველა სოფლიდან გამოსული დედები შვილების საფლავზე შევხვდით ერთმანეთს. პირველი მე ჩავდექი მკვდრებში და ბიძაშენს დავუწყე ძებნა. აზიაცკებითა და ჩოხით ვიცანი.  ყველა ცალ-ცალკე კუბოში ჩავასვენეთ -  დაასრულა ბებიამ ყრუდ.

მეორე ბიძა მექი 1937-ში გააციმბირეს. 1946 წელს დედაჩემმა სტალინს მისწერა, - გთხოვთ, გამაგებინოთ, რა ბედი ეწია ჩემს ძმას, მექისო. რამდენიმე თვის შემდეგ დედა ცაგერში რაიკომში დაიბარეს, - როგორ გაბედე სტალინთან წერილის გაგზავნაო. ჩვენ მის დაბრუნებასაც აღარ ველოდით. რა დამავიწყებს, როგორ მივშტერებოდით მთელი დღე ჭიშკარს. მაგრამ დედა დაბრუნდა. ხელში ეჭირა წერილის პასუხი. ჭიშკარში მოთქმით შემოვიდა. მოგროვდნენ მეზობლები და წერილი წაიკითხეს, - მექი ასათიანი დაიხვრიტა, როგორც სამშობლოსა და ხალხის მტერიო. მერე დადგეს ტახტი, დაალაგეს ბიძაჩემის ტანსაცმელი და დაიტირეს... 60-იან წლებში კი სხვა წერილი მოგვივიდა, - მექი ასათიანი რეაბილიტირებულიაო და ყველა დასახელებული იყო, ვინც ჩემი ბიძები დაასმინა, სულ ოთხი კაცი, რომლებიც ხელმოწერის მაგივრად ნიშანს სვამდნენ. ბებიამ და დედამ ეს ხალხი ისედაც იცოდა, მაგრამ ხმამაღლა არასოდეს უთქვამთ. არც მე ვიტყვი, -  ღმერთმა შეუნდოთ მათაც და მათ შთამომავლებსაც.

გრიგოლ და მექი ასათიანების დისშვილი