"ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ახლა ვიწყებ" - კვირის პალიტრა

"ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ახლა ვიწყებ"

ხშირად გაგვიგონია, რა გვეშველება, ამ გადაჯიშებულ ახალგაზრდობას რა უნდა მოსთხოვოო. შეუძლებელია არსებობდეს მხოლოდ ცუდი და მის გვერდით არ იყოს კარგი. ეს, სხვა თუ არაფერი, სიცოცხლის კანონია. მადლობა ღმერთს, რომ ასეა - მომავალი მოდის და ვინც დაინახავს, გულსაც ათბობს კიდეც. მე ასე გამითბო გული "კვირის პალიტრაში" ინტერნეტით გამოგზავნილი უცნობი ბიჭის წერილმა.

ამ დილას ისეთ გუნებაზე გამეღვიძა, ვიფიქრე, ვინმეს თუ არ მოვუყევი, გუშინ მთელი დღე რა მიხაროდა, ვერ ავიტან-მეთქი.  ერთი ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე ძალიან მაგრად ვიქეიფეთ, მე, განსაკუთრებით. ვცდილობდი, ძალიან ნასვამი არ გამოვჩენილიყავი, მაგრამ ფეხი მაინც მეშლებოდა. ჩემმა მეგობარმა გოგონამ აიჩემა, - გეხვეწები, ერთ ადგილას გამყევი, მეგობარი მელოდება, რაღაც მაქვს წამოსაღებიო. მოკლედ, ვარკეთილში აღმოვჩნდით. იქ რომელიღაც მაღაზიაში მეგობრისგან რაღაც გახვეული წამოიღო. ჩასაცმელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვიფიქრე, თუ ამაზე დავუწყე ლაპარაკი, იმდენ რამეს მოჰყვება, მომწყინდება-მეთქი, ამიტომ გაჩერებისკენ ლამის სირბილით წამოვიყვანე, - მაგრად ყინავდა და ერთი სული მქონდა, ტრანსპორტში შევვარდნილიყავი. ვხედავ, კორპუსის კუთხეში ბებო ზის და  სამათხოვროდ გაწვდილ ხელში პატარა ჭიქა უჭირავს. თან რაღაცნაირი საცოდავი ბებოა, ისეთ მათხოვრებს არ ჰგავს, ფულს ძალით რომ წაგართმევენ. მაგარ უხერხულობაში ჩავვარდი, - მარტო გზის ფული მქონდა დარჩენილი და რა უნდა მიმეცა იმ საწყლისათვის? ისიც ვიცოდი, რომ ჩემს მეგობარსაც არ ჰქონდა ფული. პირი მივიბრუნე და ასე ჩავლას ვაპირებდი, რომ ჩემმა მეგობარმა გოგონამ - დაიცაო.  ჩანთა გახსნა, კანფეტი ამოიღო და ბებოს გაუწოდა, - მაპატიე, ფული არა მაქვს, მაგრამ თუ უარს არ მეტყვი, ეს უნდა მოგცეო. ვითომ არაფერია, არა? რა ვიცი, უცებ ისეთ გუნებაზე დავდექი, მეგონა, ჩემზე კარგად ამ ქვეყანაზე აღარავინ იყო. ასეც იყო: მივხვდი, რა გული ჰქონდა იმ ადამიანს, ვინც გვერდით მომყვებოდა. ეს ბებომაც იგრძნო და რაც იმან ჩემი საცოლე და მისი ხათრით მე დამლოცა, ნახევარი რომ ამისრულდებოდეს, ბედნიერი ვიქნები.

აი, ასე იყო. წერილი დავამთავრე... ცხოვრებას კი, რა თქმა უნდა, ახლა ვიწყებ.

დათო