"ჩვენ ხომ წლებია, ვიწამლებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ხომ წლებია, ვიწამლებით"

ვიდრე დევნილები გვყავს, მით უფრო არაადამიანურ პირობებში, ბედნიერი ქვეყანა არ გვექნება. ეს უბრალო  აქსიომაა, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება. თუმცა, სამწუხაროდ, ამის გაკეთება გამუდმებით გვიხდება. ამ წერილის ავტორი წლებია ხელისუფლებას აი, რას უმტკიცებს...

ჩვენო მეგობარო "კვირის პალიტრა", რახან თქვენ მაინც გაქვთ უნარი, ხალხის ტკივილს ხელი არ აუქნიოთ და გაითავისოთ, ამ წერილს დიდი თხოვნით გიგზავნით, - ნუ დაიზარებთ იმის გადამოწმებას, რასაც გწერთ. ამიტომ, თავად ამობრძანდით ნუცუბიძის ფერდობის მეორე მიკრორაიონის დევნილთა კორპუსში და გვჯერა, რომ გვერდით დაგვიდგებით და ამბავს ხელისუფლების ყურამდე მიიტანთ, - ჩვენ ამას წლებია ვცდილობთ, მაგრამ მათ ნამდვილად მოახერხეს თავისსა და ხალხს შორის ისეთი ბარიერის ჩადგმა, ჩვენი პრობლემებით თავს აღარ იტკივებდნენ. ამ კორპუსში იმ ავადსახსენებელ დღეებშივე შეგვასახლეს, როცა აფხაზეთი დავტოვეთ. როგორც ყველა, ჩვენც ვფიქრობდით, რომ დროებით. მერე, გვინდოდა თუ არა, ჩვენი ახალი საცხოვრებლის მოწყობა მოგვიხდა, - ასეა ადამიანი, სულ ჰგონია, რომ დღეს თუ არა ხვალ, მაინც ამოისუნთქავს. ახლა წარმოიდგინეთ ჩვენი შოკი, რომ ამოსუნთქვა კი არა, ის გამოვარკვიეთ, რომ ჭაობში ვიძირებოდით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, - ჩვენი კორპუსის გარშემო გაჩენილ ფეკალურ ტლაპოში ნელ-ნელა ლელიანი ამოიწვერა და კოღოების ლაშქარიც გაჩნდა. ვინც ნუცუბიძის ფერდობის მდებარეობას იცნობს, ამ ამბავს არ დაიჯერებს, - ამ მთაგორიან ადგილზე ჭაობს რა უნდაო! მაგრამ ჩვენი კორპუსი, რომელიც თურმე  პოლიტექნიკური ინსტიტუტისთვის აშენებული საერთო საცხოვრებელი იყო,  მთების ქვაბშია მოქცეული და ამ მთების ნაწრეტი წყალი მის გარშემო გროვდება. ამით იმის თქმა ნამდვილად არ გვინდა, რომ შენობის არქიტექტორმა ეს გარემოება ვერ გაითვალისწინა... რას იფიქრებდა, ოდესმე კორპუსის სანიაღვრე სისტემა ისე გამოვიდოდა წყობიდან, მთელი ეს ნალექი, გაწოვის ნაცვლად, კორპუსის საკანალიზაციო ქსელში შევიდოდა, იქიდან კი მიმდებარე ტერიტორია და სარდაფი ფეკალური მდინარეებით აივსებოდა. ეს დიდი საშინელებაა. გვაპატიეთ, რომ ასეთ ადგილას გეპატიჟებით, მაგრამ იქნებ მაინც ამოხვიდეთ, ჩვენ ხომ წლებია, ვიწამლებით.

ნუცუბიძის მეორე ფერდობის 55-ე კორპუსის მცხოვრებლები

ამ წერილის ავტორებს კიდევ ერთი საშინელი ფაქტი გამორჩათ, - იმის მიუხედავად, რომ ამ კორპუსს წვიმასა და სიცივეში მივადექი, ფეკალური ჭაობის სუნი რამდენიმე ათეულ მეტრზე ვიგრძენი. საშინელება კი თავად კორპუსის გარშემო დამხვდა, - მთელ ტერიტორიაზე სიბინძურის ტლაპოები ისე ზიმზიმებდა, პირველი სართულის ბინებში შესვლა შეუძლებელი იყო, სარდაფებიდან გამოსული სქელი, სუნიანი წყლის მდინარეები კი იქაურობას ნელ-ნელა ავსებდა. ამიტომაც კაციშვილი ვერ ვიპოვე, რომ დავლაპარაკებოდი. იძულებული გავხდი, ფონი როგორმე მომეძებნა და სართულებს ავყოლოდი, რომლებიც ასევე კანალიზაციის სუნით ყარდა. ბოლოს და ბოლოს, ერთი მცხოვრები ვიპოვე და ვკითხე, - აქ როგორ ძლებთ-მეთქი. გაქვავებული სახით მომიგო, - აბა, სად წავიდეთ, რა, აფხაზეთში ჩვენი სახლ-კარი გველოდებაო?!

- შვილები გეწამლებათ, რატომ უფრო არ გამოიღებთ ხელს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- ვინ გითხრათ, რომ არ ვიბრძვით?! დავდივართ განცხადებებით ხელისუფლების კარზე, ჩვენს რჩეულ დეპუტატებს მოსვლას ვეხვეწებით. ისინი კი საპასუხოდ წერილებს გვწერენ, - დღეს თუ არა, ხვალ უსათუოდ გაგიკეთებთ სანიაღვრე სისტემასო. მხოლოდ წინა საკრებულოს არჩევნებზე ჩვენი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა დოლიძე მობრძანდა, - აი, ხალხო, ტრაქტორი მოდის და უკვე იწყებს მუშაობას თქვენი კორპუსის სანიაღვრე სისტემის შესაცვლელადო.

- მერე, თქვენი თვალით ვერ ნახეთ, ტრაქტორი მართლა მოდიოდა თუ არა?

- რომ გვენახა, ამ კაცს ომს გამოვუცხადებდით, თუ რას ვიზამდით? შენი ხალხი თუ იმდენად არ გიყვარს, სულერთია, ტყუილს ეტყვი თუ მართალს, ძალად ვერავინ შეგაყვარებს.

- ახლა რას აპირებთ?

- ყოველ შემთხვევაში, სიბინძურეში ამოხრჩობას არა. ამიტომ მოგმართეთ. იმედი გვაქვს, ის, ვინც ჩვენი, ხალხის სახელით ვაჭრობს, გაზეთში დაწერილს მაინც წაიკითხავს, რაც გვჭირს. და თუ კიდევ მოგვატყუეს, ბრძოლას სასამართლოში განვაგრძობთ.

...მინდოდა, ნანახ საშინელებაზე ქალაქის შესაბამისი სამსახურებიდან მიმეღო ინფორმაცია. ამაოდ გავისარჯე. ზოგან არ მპასუხობდნენ, ზოგან თითს სხვადასხვა დაწესებულებისკენ იშვერდნენ - კითხვებზე ისინი გიპასუხებენო. ერთადერთი თბილისის მერიის პრესსამსახურიდან  გვიპასუხეს, რომ ამ კორპუსის გადასარჩენად სამუშაოები ნამდვილად უახლოეს ხანში დაიწყებაო.

დიდი იმედი გვაქვს იმისა, რომ თბილისის აღმშენებლობით თავმომწონე ხელისუფლება ამ კორპუსს, სხვა თუ არაფერი, დასანგრევს არ გახდის და არცთუ მცირერიცხოვანი დევნილების კიდევ ერთხელ გადასახლებას არ დაუშვებს.