"შენმა სიმარტოვემ შემაშფოთა..." - კვირის პალიტრა

"შენმა სიმარტოვემ შემაშფოთა..."

ეს თემა ბუნების შემსწავლელ მეცნიერებებს არ ეხება, მაგრამ ფიზიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონი, ენერგიის შენახვის კანონი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც არსებობს, არასოდეს ქრება, უბრალოდ, რაიმე ენერგიად გარდაიქმნება, რომელიც სადღაც ყოველთვის იქნება, - ამ ამბავმა რაჭის ქალაქის, ონის სახელობის მოედნის გახსნა გაგვახსენა ისრაელში, ხოლო ისრაელმა - ჯვრის მონასტერი, რომელიც ქართულ ენერგიას ისე ინახავს, რომ მის დაბრუნებაზე ფიქრი არ გვასვენებს.

ონის რაიონში ყველაზე კომპაქტურად დასახლებული ებრაელობა ცხოვრობდა და იმდენი სითბო წაიღეს, რომ ამდენი წლის შემდეგაც ისევ ამ ქალაქზე ფიქრი არ ასვენებთ. ამ რაიონმა,  საქართველოსთან ერთად, არაერთი ძნელბედობა გადაიტანა. გასაჭირში ონელებს ონელი ებრაელები ედგნენ გვერდით. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ოფიციალურად მიგვიწვიეს ისრაელში, სადაც ჩვენებური ებრაელობა ლამაზ ქალაქ ბეერ-შევაში ონის სახელობის მოედანს ხსნიდა.

როგორც ონელ ებრაელობას არ დავიწყნია ონი, ისე ჩვენ არ დაგვავიწყდება ამ დღეების სითბო - რაჭიდან ისრაელში ამოსულმა ქართველმა ებრაელებმა ულამაზესი ერთი კვირა გვაჩუქეს ყვავილებით, სიმღერებით, ცეკვებით, გაშლილი სუფრით... და ეს ყველაფერი იყო ქართული, ზუსტად ისეთივე ქართული, როგორი ქართული ცხოვრებითაც ცხოვრობდნენ ონელი ებრაელები. მერე ჩვენი უფლის ფეხდანადგამი ადგილები ვნახეთ... იერუსალიმი, გოლგოთა, ჯვრის მონასტერი, წმინდა გიორგის საფლავი, ქრისტეს ნათლობის ადგილი...

მერე მივედით ჯვრის მონასტერთან. გაგვახსენდა და ცხადად წარმოგვიდგა, თუ როგორ ამაყად შემოდიოდნენ წმინდა მიწაზე ცხენებზე ამხედრებული ქართველები საქართველოს გაშლილი დროშით, რაც იმ დროში ყველას არ შეეძლო. საოცარი სევდა მოგვეძალა ჩვენი ერის ბედუკუღმართი ისტორიის გამო, იძულებით მიტოვებული ჯვრის მონასტრის გამო, რომლის კედლებიდან თითქოს საყვედურნარევი სიყვარულით შემოგვცქეროდნენ ლამაზი ქართული ასოები, - სანამ კიდევ აქ ვართ, მოგვეშველეთო...

ნუ მიწყენთ და ჯვრის მონასტრის ხილვით მოგვრილ განცდას ერთხელ კიდევ გავიხსენებ ჩემი მაშინდელი ლექსით. იქნებ ეს ლექსი ამ განცდის შესაფერისი არ იყოს და არც პოეტური შედევრი, მაგრამ ერთი რიგითი ქართველის ფიქრი ხომ არის, რომელსაც ამ მონასტრის წმინდა კედლებიდან ქართველ მამათა ლოცვა-ვედრება ისევ შემოესმის და მისი შეწევნის იმედიც აქვს:  *  *  *

შენმა სიმარტოვემ შემაშფოთა, / შენმა სინატიფემ დამათრო, / სადღაც, ამ შორეულ წმინდა მიწას, / როგორ უხდები და ამაყობ, / მარტო, სიმწვანეში ჩაძირული, / ჩუმად ლოცულობ და ქართულობ, / შენ კვლავ ივერიას ელოდები, / მისთვის არსებობ და მარხულობ...

ჯონი მეტრეველი