ღრუბლების მეგობარი გოგონა - კვირის პალიტრა

ღრუბლების მეგობარი გოგონა

უცნობი ამბავი პირველი მფრინავი ქართველი ქალისა

ჩვენ მუდამ წარსულის შენახვისთვის ვიბრძოდით, მაგრამ თავისუფლების მოპოვებით გახარებულებმა დროს ისეთი სახელები გადავაყოლეთ, რომელიც წარსულს ფერებს აკლებს. პირველი ქართველი მფრინავი ქალის ნინო ხუბულავას სახელი ისე მიეცა დავიწყებას, რომ დღეს მისი ფოტოც არ არსებობს. არადა, დრო რომ არა, ამბობენ, ნინო, სილამაზითა და სიმამაცით მაია წყნეთელისა და თამარ ვაშლოვნელის გვერდით შეიძლებოდა დამდგარიყოო. ამიტომაც ვუხდით გულწრფელ მადლობას სოხუმის აეროპორტის ფრენების ყოფილ ხელმძღვანელს, ზაურ მესხიას ნინოს გახსენებისთვის.

მთელი სიცოცხლე მფრინავებთან, ანუ იმ ხალხთან ერთად გავატარე, ვინც ისე იცხოვრა, ერთხელ ვერავინ ეტყოდა, სიმხდალე როგორ მოგრევიაო. ესენი კი ის მფრინავები იყვნენ, რომლებსაც ყოველდღე ვხვდებოდი სოხუმის აეროპორტში. დღეს ეს აეროპორტი და ხალხი მხოლოდ სიზმრებში დარჩა. მინდა ჩვენმა ახალგაზრდობამ იცოდეს, რომ ბევრი  ვერ დაიკვეხნის იმ ღვაწლს, რაც ქართველმა ხალხმა შეიტანა მსოფლიო ავიაციაში (გავიხსენოთ ამერიკაში მოღვაწე ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელმაც ბომბდამშენი შექმნა  მეორე მსოფლიო ომის დროს), დღეს კი იმაზე გწერთ, რომ მფრინავთა შორის ქართველი ქალიც იყო, ნინო ხუბულავა - ლამაზი და მამაცი. თავის ხანმოკლე სიცოცხლეში იმდენი მაინც მოასწრო, რომ მაშინდელ საქართველოს შეეყვარებინა და  მისით ეამაყა. მისი პატარა მეგრული სოფელი ეკი, მზად იყო, თვეობით უსასყიდლოდ ემუშავა და ნინოსთვის თვითმფრინავი ეყიდა. შესაძლოა, ვინმე შემომედავოს, ერთი სოფელი ამას როგორ შეძლებდაო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ქართული სოფლები ტანკს ყიდულობდნენ ფრონტისთვის და თვითმფრინავის ყიდვა რატომ ვერ უნდა მოეხერხებინათ, მით უფრო, რომ იმდროინდელი საბჭოთა თვითმფრინავები არც ისე ძვირი ღირდა.

ნინო ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მასზე მხოლოდ მისი თანასოფლელებისგან და მაშინდელი პრესის ძუნწი ცნობებით შეიძლება გავიგოთ. ეს ცნობები კი იუწყება, როგორ დაამთავრა პატარა გოგონამ ბატაისკის საფრენოსნო სასწავლებელი და მფრინავი გახდა. რაც მთავარია, იმდენად მოსწონდა თავისი პროფესია, პროპაგანდასაც კი უწევდა, - სოფლებში დადიოდა და ხალხს ეუბნებოდა, -  მფრინავობას თუ გადაწყვეტთ, ბედნიერები გახდებითო.

ნინო ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. ოჯახის მეოთხე შვილი იყო. მათი გაჭვარტლული ჯარგვალის შემხედვარე კაცი ვერ იფიქრებდა, რომ მის კედლებში გაზრდილ ბავშვს ოდესმე ფრენა თუ მოუნდებოდა, მაგრამ ასე მოხდა, - მხოლოდ ნინომ კი არა, მისმა უფროსმა ძმამ, ვალენტინმაც მფრინავობა გადაწყვიტა.  გოგონას მშობლები მალე დაეხოცა, მათ ვერა, მაგრამ თავის სოფელს მართლაც მოუტანა ბედნიერება. ფრენა კი თურმე ცეკვით დაიწყო: სოფელში ამბობდნენ, - ნინო კი არ ცეკვავს, დაფრინავსო. და როცა ერთხელ მფრინავი ძმა შინ დაბრუნდა, ნინო იმდენს ემუდარა, ძმას შეებრალა და რუსეთში წაიყვანა სასწავლებლად. მერე, როცა სასწავლებლიდან დაბრუნდა, თანასოფლელები მასზე ამბობდნენ, - ჩვენი ნინო ღრუბლების მეგობარიაო.

ნინოს წარმატება, მართალია, სოფელს ახარებდა, მაგრამ თავად მას უბედურება მუდამ თან სდევდა, - ობოლს უფროსი მფრინავი ძმა გარდაეცვალა. ამან ისე იმოქმედა გოგონაზე, ფიცი დადო, - ჰაერში მის ადგილს მე დავიკავებო. დაიკავა კიდეც, - სადაც მისი თვითმფრინავი ჯდებოდა, გახარებული და გაოცებული ხალხი ამბობდა, - ნუთუ შეიძლება ასეთი ლამაზი და ნაზი გოგო ასეთი მამაციც იყოსო!

მაგრამ ახალგაზრდამ არასოდეს იცის, რომ სიცოცხლისთვის მხოლოდ სახელი, სილაღე და ბედნიერება არ კმარა. ჩანს,  ჯანმრთელობას ნაკლებად აქცევდა ყურადღებას. 1935 წელს გარდაიცვალა. მხოლოდ ასე დაუბრუნდა მიწას გოგონა, რომელსაც მუდამ ზეცაში ყოფნა უნდოდა.

მისი სახელობის თვითმფრინავი კი ქართველებმა მაინც იყიდეს, თუმცა ნინო ამას ვეღარ მოესწრო.