"იქნებ ვინმემ გამიხსენოს" - კვირის პალიტრა

"იქნებ ვინმემ გამიხსენოს"

რას იზამ, ცხოვრება ასეთია! - ხშირად ასე ვიმშვიდებ თავს, როცა მსგავსი შინაარსის წერილს ვკითხულობ. მაგრამ მაინც როგორ ხდება, რომ ადამიანი, რომელიც თავისი სიბერისთვის მთელი სიცოცხლე ემზადება, მარტო რჩება? როგორ უნდა გავიგოთ, როდის ვუშვებთ შვილის აღზრდაში ისეთ შეცდომებს, რომელსაც მწარე მოხუცებულობა მოაქვს? აი, ასე ვფიქრობდი, როცა "კვირის პალიტრის" ფოიეში მოხუცი სტუმრის შესახვედრად მივდიოდი.

"მოხუცი ვარ და ჩემთვის დღეებს კი არა, წუთებს აქვს მნიშვნელობა.  ამიტომ ვიფიქრე, მოდი, წერილს თავად წავიღებ, თან თავად  შევემუდარები "კვირის პალიტრას," ეგება ეს წერილი და ჩემი ლექსების  რამდენიმე სტრიქონი  დამიბეჭდონ, რათა ხალხმა გაიგოს, რომ ისევ ცოცხალი ვარ-მეთქი. ჩემმა სისხლმა და ხორცმა სასჯელად  თავშესაფარში ყოფნა გამომიტანა და ყველას დამაშორა. ასე რომ, თუ ამ წერილს დაბეჭდავთ, იქნებ ხალხმა გაიგოს, ნოდარ წიკლაური ცოცხალია, "კათარზისში" ცხოვრობს და მნახონ. ეს იქნება ჩემი ბედნიერება".

ამ წერილის ჩაკითხვის შემდეგ ბატონი ნოდარისთვის თვალის გასწორება იმდენად გამიჭირდა, თავჩაღუნულმა ვკითხე, - კი მაგრამ, ასეთი რა მოხდა, რომ ოჯახმა თავშესაფარში გაგიშვათ-მეთქი?

- რა უნდა გითხრათ... ზოგჯერ მშობელი შვილს ვითომ ყველაფერს აძლევს და ამ დროს ყველაზე მთავარი ავიწყდება, - შვილის აღზრდაში ყველაზე მთავარი ის არის, თბილ, მოსიყვარულე ადამიანად გაზარდო.

- ანუ?

- სხვას ნურაფერს მკითხავთ. გული ყველაზე მეტად იმაზე მტკივა, რომ ეს ცოდვა ჩემს სისხლსა და ხორცს უკან დაუბრუნდება.

-  ნუთუ იმ სახლში, რომელშიც მთელი სიცოცხლე გაატარეთ, აღარავინ გელით?

- ჩემი ხუთი წლის შვილიშვილი. ის ერთადერთია, რომელიც იღიმის, როცა სახლში ზოგჯერ რაიმე ნივთის წამოსაღებად მივდივარ ხოლმე. 85 წელი პატიოსნად ვიცხოვრე, ცოტა ახლობლები არ მყავდა. თუ ჩემზე დაწერთ, იქნებ მათ მაინც გამიხსენონ და გამოჩნდნენ. იმ ქვეყნადაც მყავს ახლობლები, მათგან ორმა გადამარჩინა. ერთი ჩემი მასწავლებელი კლარა ალასანია იყო, - განათლების მინისტრს მიაკითხა, - თუ ნოდარს ოქროს მედალს არ მისცემთ, სკოლიდან წავალო; მეორე ჩემი ექიმი, ვალია ცომაია, - ჩემს რექტორს უთხრა, - ამ ბიჭს ფილტვების ანთება აქვს და თუ ჯარში გაუშვებთ, მოკვდებაო. აი, მათ განსაკუთრებულად ვუყვარდი - მათი ხსოვნაც მაცოცხლებს, - \თქვა ბატონმა ნოდარმა და  გზას "კათარზისისკენ" მძიმედ გაუყვა.  მე კი მისი ლექსებიდან სწორედ ის ჩავიკითხე, რომელშიც მისი გაზაფხული გაზაფხულობდა... სოფელში ნაწვიმარზედა| / ამოსულიყო იაო, / თაიგული მაქვს საჩუქრად, / პატარა გოგონიაო. მინდა რომ გიძღვნა შაირი, / ვფიქრობ, თან მეშინიაო, / ამინდი თუ არ შეგიშლის / კარი დატოვე ღიაო. არავის გააგებინო, / ქალობაც ამას ჰქვიაო, / შენ, ჩემო თვალის სინათლევ, / ცისფერთვალება იაო/. მე მინდა შენთან დავბერდე, / მოგიკლა გულის ჭიაო, / ჩემი სიცოცხლის მედროშევ, / პატარა გოგონიაო...

ჩავიკითხე და უცებ გავიფიქრე, რომ როცა გაზაფხული გვიდგას,  თურმე სწორედ მაშინ უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრების ზამთარიც არსებობს.