"როდის უნდა დამთავრდეს ჩვენი მტრობა" - კვირის პალიტრა

"როდის უნდა დამთავრდეს ჩვენი მტრობა"

რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ აფხაზეთი და სოხუმი ძნელად დასავიწყებლად გვექცა - ღმერთმა ნუ დაგვავიწყოს ის, რაც დასავიწყებლად არასოდეს უნდა ვაქციოთ.

აფხაზეთი ჩვენი გაუნელებელი ტკივილია და ეს ტკივილი მანამ არ დაყუჩდება, სანამ არ დავიბრუნებთ.  ჩემთვის,  ჩემი აფხაზეთი და სოხუმი დარდთან ერთად ის მოგონებაც არის, რითაც უნდა ვიცოცხლო. სოხუმში მე ახლაც ვხედავ ჩემი ბავშვობის ნაფეხურებს და რამდენჯერაც აფხაზეთს ახსენებენ, იმდენჯერ დამესერება ხოლმე გული. ვწერ და ვერ მოვუძებნე სევდის იმ გორგალს თავი - დავშალო, ასე ლოდად რომ მაწევს გულზე. ისე არ გავივლიდი სანაპიროზე, რომ სოხუმის სახელმწიფო თეატრის წინ არ შევჩერებულიყავი და თვალი არ შემევლო ლომების ქანდაკებებისათვის, ცეცხლის ნაცვლად წყლის ვეებერთელა ნაკადს რომ აფრქვევდნენ ფაფარაყრილები...

ახლა რუსულ ტელეარხებზე  თვალს წამით მოვკრავ ჯერ ისევ დანგრეულ ქალაქს და შურისძიების გრძნობა მახრჩობს, - ვისთვის და რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი?! სად გაქრა ჩემი ლამაზი სოხუმი, სადაც ჯოჯუას ქუჩაზე, სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გვერდით, დეიდაშვილებთან მთელ ზაფხულს ვატარებდი და საიდანაც აფხაზების სიყვარულიც მომქონდა... მოსაღამოვდებოდა თუ არა, ხარაბაძეები გადმოსძახებდნენ ღურწკაიებს, აშბებს, მათ სხვებიც გამოეხმაურებოდნენ და ეზოში, ცაცხვის ძირში გაჩაღდებოდა ლოტოს თამაში. ისმოდა ქართული, აფხაზური, რუსული, მაგრამ არავის მოუვიდოდა აზრად, რომ ერთმანეთის მტრები იყვნენ. მოხუც სომეხ ქალს ყოველ მესამე დღეს ახალი თევზი მოჰქონდა ეზოში. ერთს დაიძახებდა - "რიბა!" და გამოიშლებოდნენ დიასახლისები... მოხუცმა ფულის არათუ თვლა, ცნობაც არ იცოდა, წერა-კითხვის უცოდინარი იყო, მაგრამ არავის უკადრებია მისი მოტყუება. ჩაუდებდნენ ხოლმე კალთაში 3 მანეთს (ამდენი ღირდა მაშინ კეფალი) და ისიც მშვიდად გავიდოდა ეზოდან.

მაშინ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, გოგოებთან ერთად საღამო ხანს საქალაქთაშორისო სადგურში რომ წავედით შინ დასარეკად. შეკვეთის მოლოდინში სამი ნასვამი აფხაზი ბიჭი დაგვადგა თავზე, ჩვენი გაცნობა და საცეკვაოდ წაყვანა უნდოდათ. ყურადღება რომ არ მივაქციეთ, ისე გაგვიბრაზდნენ, შეშინებულებმა აღარ ვიცოდით, რა გვექნა. მაშველად ლამაზი შუახნის ქალბატონი გამოგვეცხადა და აფხაზურად ჯერ ბიჭებს დაუცაცხანა, მერე ჩვენ, - აბა, ჩქარა შინ წამოდით, ამ სიშორეზე რამ წამოგიყვანათო. მივუხვდით ჩვენს მხსნელს, შეშინებულები მორჩილად ამოვუდექით გვერდით და გავყევით. გოგონებო, გეტყობათ, ჩამოსულები ხართ, ახლა რომ მიგატოვოთ, შეიძლება ის ბიჭები არ მოგეშვნენ, - წამოდით ჩემთან, დაისვენეთ, ჩემს ვაჟს გაგაცნობთ, სოხუმში მას ყველა იცნობს, საკმარისია მისი სახელი - ვალერი კოცბა ახსენოთ, რომ ბუზსაც ვერავინ აგიფრენთო.

იმ მადლიანი აფხაზი ქალბატონის (ვენერა ერქვა) დახმარებას, მისი ხნის რომ გავხდი, ახლა უფრო პატივისცემით ვიხსენებ - რა ხიფათს გადაგვარჩინა და ასე დედაშვილურად "დაგვასაჩუქრა" ვალერის ავტორიტეტით. იმ დღის შემდეგ, მთელი ოცი დღე 18-20 წლის გოგონები პრინცესებივით დავდიოდით სოხუმში და ვალერის სახელით ვსარგებლობდით ისე, რომ სახეზე არც ვიცნობდით. აბა, გაებედა ვინმეს გადახვეული სიტყვა, გამოხედვა, იმ წუთშივე პირზე გვეკერა მისი სახელი.

რამდენი წელი ჩამოიმარცვლა იმ შემთხვევიდან და ახლაც თვალწინ მიდგას ქალბატონი ვენერა, მისი ერთსართულიანი სახლი, ხეივნიანი ეზო და ახლაც ვგრძნობ მის მიერ მორთმეული ყავის სურნელს...

ნეტავ, როგორ მოიქცა იმ ომის დროს ის ქალბატონი, იქნებ ისევ იფარავდა თავის ჭერქვეშ ტყვიისთვის განწირულ ქართველებს! ან შენ სად ხარ ახლა, ასეთი ქალბატონის გაზრდილო შვილო, ვალერი კოცბა? როდის უნდა დამთავრდეს ჩვენი მტრობა, რომ ისევ ერთმანეთის ძალისა და სახელის იმედად ყოფნა ისე შევძლოთ, როგორც ყოველთვის.

ლია გრძელიძე,

ქობულეთი