"ჩემი დაიკოს გახარება მინდა" - კვირის პალიტრა

"ჩემი დაიკოს გახარება მინდა"

ადამიანი ბევრ რამეს ივიწყებს, მაგრამ ბავშვობას - ვერა. განსაკუთრებით ტკივილად გვრჩება  ბავშვობის აუხდენელი ოცნებები და რას არ მივცემდით, რომ ასრულებულიყო. რედაქციაში ერთი ბიჭის წერილი მოვიდა. რომ წავიკითხე, ბევრი აღარ მიფიქრია, გაზეთში გამოსაქვეყნებლად გადავდე. მას მხოლოდ ერთი ნატვრა აქვს, - თავის 13 წლის  დაიკოსთან ერთად ეზოში გაისეირნოს და ამისთვის ეტლი სჭირდება. გვჯერა, რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც მას ნატვრას აუსრულებს...

ძალიან მინდა სავარძელი, რომლითაც ჩემს დაიკოს  ლიფტში შევიყვან და მერე - ეზოში გავასეირნებ. მერე ალბათ ასე ძალიან აღარ შემეცოდება - ფანჯრიდან აღარ დაუწყებს ყურებას ეზოს. ჩემი და 13 წლის არის, ადრე დადიოდა... უკვე ორჯერ გაიკეთა ფეხების ოპერაცია, მაგრამ მაინც ვერ მორჩა და სადმე წასვლა რომ სჭირდება, მამას ხელით ჩაჰყავს კიბეზე. მაგრამ მამა  მუშაობს. მის მოსვლას ჩემი და ფანჯარასთან ელოდება. როცა ღამდება, არც მაშინ  დგება - მამა მოვა და ეზოში ჩამიყვანსო. ზოგჯერ იქვე ჩაეძინება ხოლმე. მამა წუხს, - ღმერთო, რა   გაგვიხდა ერთი სავარძლის შოვნა, არადა, შეიძლება ვიღაცის სარდაფში ტყუილად დგასო. თვალებს დავხუჭავ და მართლა ვხედავ სავარძელს, რომელიც სადღაც გდია და  არავის სჭირდება. თვალებს რომ ვახელ, ვფიქრობ, - ნუთუ მართლა ძნელია ამ ნატვრის ახდენა?! ამიტომაც მოვიფიქრე წერილი მომეწერა, - ამ სავარძელზე მეტად არაფერი მინდა და თუ ეს ოცნება ამისრულდა, ბედნიერი ვიქნები, - ვიცი, როგორ გავახარებ ყველას ოჯახში, ყველაზე მეტად კი ჩემს დაიკოს.

გურამ ებანოიძე

P.S. გურამის ოცნების ახდენა არ უნდა იყოს შეუძლებელი.  ჩვენ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ ინვალიდის ეტლებზე დიდი რიგია, მოცდა  მოგიწევთო. მოლოდინში ზოგჯერ იმხელა დრო გადის, ოცნების ასრულებას აზრი აღარ აქვს, ამიტომაც გურამთან ერთად ვთხოვთ მათ, ვისაც ინვალიდის ეტლი აქვს და არ სჭირდება, დაგვიკავშირდით.