"ნუ გეშინია, შვილო" - კვირის პალიტრა

"ნუ გეშინია, შვილო"

როცა დედა იმ ქვეყნად მიდის, შვილები მის მზრუნველობას ზეციდანაც გრძნობენ. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჟურნალისტ ანზორ პატეიშვილის წერილმაც, რომელიც ჩვენ ყველა იმ ქვეყნად წასულ დედას მივუძღვენით.

ეს ამბავი  ორმოცდაათი წლის წინ მოხდა. მე და ჩემი და-ძმა სტუდენტები ვიყავით. მამამ სოფლიდან დარეკა, - დედა თავს კარგად ვერ გრძნობს, იქნებ სამკურნალოდ  წაიყვანოთ, მე კი ოჯახს მივხედავო. წამოვიყვანეთ.  გუშინდელივით მახსოვს ის 5 იანვარი. ბიძაშვილმა დაგვირეკა: - დედა სასწრაფოდ სოფელში წაიყვანეთ, იქ რაღაც უბედურება ხდებაო. სოფელში ჩასულებს მამის ცხედარი ნაძვის ქვეშ დასვენებული დაგვხვდა, სახლი კი დამწვარი.

ის ღამე მე, დედამ და დედაჩემის დეიდამ შეკოწიწებულ ქოხში გავათიეთ. მწუხარებამ ძილი დამიფრთხო, მათ საუბარს თავზე საბანწაფარებული ვისმენდი. დეიდამ ოხვრით გადაულაპარაკა დედას, - მძიმე ტვირთი დაგაწვა მხარზე, მაგრამ მადლობა ღმერთს, ბავშვობა მაინც არ გქონდა მძიმე, გამზრდელებმა ტკბილად გამოგზარდესო. ამას დედაჩემის ქვითინი მოჰყვა, - აბა, რას ამბობ, დეიდა, ის დრო რომ მახსენდება, გული მიკვდება. ღმერთმა ის სიმწარე არავის ანახოსო. მე რომ ცუდი არაფერი გამიგიაო?! - შეიცხადა დეიდამისმა. დედაჩემმა, - კარგი, მოგიყვებიო და ხმადაბლა გადმომძახა, - ანზორ, შვილო, გძინავსო? თავი მოვიმძინარე. დედამ ჩათვალა, რომ მეძინა და თხრობა დაიწყო:  სამი თვის ვიყავი, როცა დედაჩემი მეზობლის გოგომ დანით მოკლა - რას ჰქვია, იმ ბიჭს წაყევი ცოლად, ვინც მე მიყვარდაო. მამაჩემმა დაობლებული ხუთშვილიან ოჯახს მიმაბარა, - გამიზარდეთ, ყოველთვე ფულს გადაგიხდითო. მერე ომი ატყდა და ფული სადღა იყო.

ჩემს გამზრდელებსაც გაუჭირდათ და ათი წლისა  მოხუცის მომვლელად გამიშვეს. როცა გარდაიცვალა, ახლა მწყემსის მოსამსახურედ გამამწესეს. ლოთი იყო. ერთხელ მცემა და თოვლში გამაგდო. ვეხვეწებოდი, - შემომიშვი შინ-მეთქი. მან კი, არც მომისმინა. გაყინული საღორეში შევედი და გოჭებს ჩავეხუტე, გავთბი და ჩამეძინა. დილით კი გამოვიპარე, გაყინულმა და მშიერმა სახლი ორი დღე ვეძებე, მივაგენი და გამზრდელს ჩავეხუტე, - შინიდან არასოდეს გამიშვა-მეთქი. კაიო, მითხრა, მაგრამ ორ თვეში ისევ მოსამსახურედ გამიშვა. ცამეტი წლის ვიყავი, იმ ოჯახის უფროსმა ნამუსის ახდა მომინდომა.  ხელიდან დავუსხლტი, კარზე დაკიდებულ წალდს დავავლე ხელი, - მოგკლავ, თუ მომეკარები-მეთქი და ასე გადავირჩინე თავი - თხრობა დაასრულა დედამ და აქვითინდა.

როგორი ასატანია ამის მოსმენა ბიჭისთვის? დედაჩემს ბღავილით შევძახე, - დედა, რატომ არაფერი ვიცოდი-მეთქი. მაპატიე, შვილო, არ მინდოდა გცოდნოდა, არავის უთხრა, ახლა კი დაიძინე, მძიმე დღეები გვაქვს გადასატანიო და ჩამიხუტა.

მერე ის მძიმე დღეებიც გადავიტანეთ, დროც გავიდა და სახლიც ავაშენეთ, წელშიც გავიმართეთ და უკვე დაოჯახებულები დედას ჩვენ ვიხუტებდით გულში. 82 წლისამ დაგვტოვა და იმ შავბედითი 5 იანვრის მოგონებაც დაგვიტოვა. ერთ წელიწადს 5 იანვარს ისევ წავედი მშობლებისა და წინაპრების  საფლავების მოსანახულებლად. საოცარი სიზმარი ვნახე, - ვითომ სასაფლაოზე ვიყავი და უცებ დედაჩემი დაეშვა ციდან, ზუსტად ისეთივე, როგორც 50 წლის წინ იყო, თვალები მზის სხივებივით ენთო... მხედავ, შვილო? შენ სანახავად მოვედი. გულის ტკივილი უნდა გითხრაო.

- რა იყო, დედა, გული რამ გატკინა? - შევწუხდი მე.

- შენ, მატკინე შვილო,  დარდიანი დადიხარ, ავად ხარო?

- მე არა, დედა, სხვების ბედი მაწუხებს, ხალხს ძალიან გაუჭირდა.

- ნუ გეშინია, შვილო, ეგ დროც მალე გაივლის. მთავარია, შენ არ წაგაქციოს მაგ დარდმა, სირცხვილიაო. - მითხრა დედაჩემმა  და ნელა-ნელა აცურდა ცისკენ. მეც თვალი გავაყოლე, ფეხზე წამოვდექი და ლანდად ქცეულს მივაძახე, - უკვე ავდექი, დედა! და... გამეღვიძა.

მეორე დღეს დედ-მამის სასაფლაოდან მიწა წამოვიღე, სასოებით შენახულ დედის ნაქონ ხალათის ნაჭერში გავახვიე და გულთან შევინახე, - ამაზე თბილი და სანუკვარი განა რა უნდა იყოს?