წერილი დიდ პაპას - კვირის პალიტრა

წერილი დიდ პაპას

კვლავ მოვიდა 9 მაისი და რაოდენ სამწუხაროა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები არავის ახსოვს... ალბათ ამიტომაც ჩნდება კითხვა, ეხსომება კი მომავალ თაობებს ცხრა მაისი? არადა, ეს Dდღე ხომ ბნელ ძალაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა - ისტორიას კი ფასი მით უფრო ედება, რაც მეტი დრო გვაშორებს მნიშვნელოვან მოვლენებს...

ეს წერილი დასტურია იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებით მომავალი თაობებიც ამაყობენ.

გამარჯობა, პაპა. მე კასპის რაიონში ვცხოვრობ, ანუ იქ, სადაც შენ დაიბადე, თანაც იმავე სახლში, სადაც ომში წასვლამდე ცხოვრობდი. შენს სურათს დიდი სიამაყით ვინახავთ. შენი სურათი მას შემდეგ გაუდიდებიათ, რაც იმედი გადასწურვიათ, რომ ცოცხალი აღარ იყავი, თუმცა არც შენი დაღუპვის ამბავი მოსულა. პატარაობისას, როცა შენს სურათს ვუყურებდი, ცოტა მეშინოდა, ახლა აღარ მეშინია. ის ქუდიც მომწონს, შენ რომ გახურავს. ერთი, ზუსტად ასეთი სურათი ჩვენი სოფლის ცენტრში, მემორიალურ კედელზეა გამოსახული. იქ სხვების სურათებიც არის - შენსავით ომში დაღუპულებისა. მამა ამბობს, - ჩვენ კარგი ხალხი ვართ, მათი ხსოვნა რომ შევინარჩუნეთ, რადგან ასეთი მემორიალები ბევრგან განადგურებულია, ჩვენთან კი ხალხის თავშეყრის ადგილად ქცეულაო. მემორიალთან მართლაც ყოველთვის ბევრი ხალხია, ხან რაზე ლაპარაკობენ, ხან - რაზე. მამა ამბობს, - მემორიალზე გამოსახული ბიჭებიდან თითქმის ყველა უგზო-უკვლოდ არის დაკარგულიო. ოჯახებს სიკვდილის ცნობაც კი არ მოსვლიათ. სადღეგრძელოებსაც ამბობს ხოლმე, - შინმოუსვლელებს გაუმარჯოს პაპაჩემის თამადობით, იმ ომში ხომ ათასობით ქართველი ჩაიხოცაო!

ვუსმენ და სიამაყით ვივსები, - შენ ხომ ჩემი გმირი დიდი პაპა ხარ, შენზე ხშირად ვფიქრობ... როცა დავბერდები, მაშინაც ვიფიქრებ... მერე რა, რომ მე ბებერი ვიქნები და შენ ისევ ახალგაზრდა... იმ მემორიალს რომ ჩავუვლი, მისკენ ვიხედები და სიამაყეს ვგრძნობ... მგონია, რომ შენც მიყურებ...

გიორგი თუშიშვილი