"თუ ყველაფერს გავანადგურებთ, რომელ ქვეყანას ავაშენებთ?!" - კვირის პალიტრა

"თუ ყველაფერს გავანადგურებთ, რომელ ქვეყანას ავაშენებთ?!"

ვერაფერი შეაჩერებს სიცოცხლეს, თუ გადასაშენებლად არ არის განწირული, ასევე ვერაფერი დაუდგება წინ ერის განვითარებას. მაგრამ რადგან ნგრევის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ, ეჭვიც თითოეული აგურის დადებაზე ჩნდება. და თუ მავანი იტყვის, - ჩვენ არაფრის ღირსნი არ ვართო, ამაოდ გაირჯება - განვითარებას კი არავინ ეღობება წინ, მაგრამ ნგრევას რა შეიძლება მოჰყვეს, ვიცით და გვეშინია.

ვისაც განვლილი ბნელი წლები ახსოვს, უგუნური იქნება, ელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგოდ ხმა ამოიღოს, მაგრამ როცა საქმე შენს ქვეყანას ეხება, რა გაგაჩუმებს?! პროფესიით ინჟინერი ვარ და ცოტაოდენი მაინც მესმის ამ საქმისა.  თითქოს ის არ კმაროდეს, უკვე დაგუბებული მდინარეებით რა ზარალიც მოგვადგა... ახლა საქართველოს მთავრობამ აიჩემა, ევროპაში ერთ-ერთი მთავარი ენერგოექსპორტიორი ქვეყანა უნდა გავხდეთო. შე დალოცვილო, ევროპის ბევრ ქვეყანას არ აკლია მდინარეები, მაგრამ ეს აზრადაც არ მოსდის იმიტომ, რომ მთავარი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა კი არ არის, არამედ ის, რომ სათბობენერგეტიკული საკითხები მჭიდროდ არის დაკავშირებული გარემოს დაცვასთან - ენერგეტიკას ხომ ბუნების დაბინძურებაში დიდი ადგილი უკავია - დიდი რაოდენობით იხარჯება წიაღისეული, მტკნარი წყალი, ატმოსფერული ჟანგბადი, სახე ეცვლება ბუნებრივ ლანდშაფტს, ჭუჭყიანდება ჰაერი და წყალი.

ჯერ კიდევ 2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიამ გამოაქვეყნა ანალიზი - გიგანტური ჰიდროელექტროსადგურები არ განეკუთვნება მდგრადი ენერგეტიკის წყაროსო. ამასთანავე, მათი ექსპლუატაციით ეკონომიკური სარგებელი ბევრად ნაკლებია იმ სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ ზარალზე, რომელსაც ასეთი პროექტების განხორციელებით იღებს ქვეყანა... ახლა კი ამ უსიამოვნო საუბარს აღარ გავაგრძელებ და თქვენს ყურადღებას ისეთ ულამაზეს კუთხეზე შევაჩერებ, როგორიც ლეჩხუმია. სამწუხაროდ, აქაურებმა შესანიშნავად უწყიან თუნდაც ლაჯანურჰესის აშენებით გამოწვეულ კატაკლიზმები - უკვე დაიმეწყრა და წყალმა წაიღო ამ მხარეში დარჩენილი ისედაც მცირერიცხოვანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწების დიდი ნაწილი. ამას შეიძლება უახლოეს მომავალში მდინარე რიონის ხეობის სოფლებიც დაემატოს, მერე კი, "ტვიში-ნამოხვანი-ჟონეთის" აშენების შემდეგ იგივე ბედი ეწიოს სხვა ადგილებსაც. კერძოდ, ამ უკანასკნელი პროექტით, დატბორვის ზონაში ხვდებიან სოფლები: ალპანა, ზოგიში, ლახეფა, ქორენიში, ჟონეთი, მამაწმინდა, ნამოხვანი, საკირე, ზედა და ქვედა ონჭეიში, ბენთქოულა, მექვენა, ვანისჭალა, ვანი, დერჩი... იქმნება საშიშროება ეკომიგრაციის და ადგილობრივი ეთნოსის გაქრობისა.

არადა, არ გაინტერესებთ, რატომ შეაჩერა თურქეთმა "იუსიფელის" კაშხლის მშენებლობა? მხოლოდ იმიტომ, რომ განსახლების წინაშე დადგა მისი ორი სოფელი! როგორი საქმეა?  აქვე დავამატებ იმასაც, რომ  პროექტებში არაფერია ნათქვამი მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესიების ნგრევაზე! სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას ყოველივე ეს არ აინტერესებს. არადა, ჩვენს ქვეყანას ულევად გააჩნია განახლებადი წყაროები, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და პლანეტის ენერგეტიკულ ბალანსსაც არ არღვევს.

დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ერთი კაციც არ მოიძებნება, რომელსაც არ ესმოდეს, რომ ეკონომიკური სტაბილიზაცია ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გარეშე ვერ მოხერხდება, მაგრამ თუ ამას ქვეყანას გადავაყოლებთ, სოფლებს მოვსპობთ და გავანადგურებთ, ასეულობით ჰექტარ ტყეს გავჩეხავთ და ასეულობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას დავტბორავთ, მაშინ რომელი ქვეყანა უნდა განვავითაროთ?

ოთარ ტყემალაძე