"რომ იცოდეთ, დუშელები როგორ უვლიან პუშკინის ბებიის საფლავს" - კვირის პალიტრა

"რომ იცოდეთ, დუშელები როგორ უვლიან პუშკინის ბებიის საფლავს"

ქართველებს ბევრ ნაკლი გვაქვს, მაგრამ უსაზღვრო სიყვარულიც შეგვიძლია და გარდაცვლილი ადამიანებისადმი პატივისცემაც რომ იტყვიან, ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი. იქნებ სწორედ ეს გვშველოდა და გვინახავდა.

მე პირველი არ ვარ, ვინც ჩვენს ისტორიაზე დაფიქრებულა, მაგრამ  ამ ისტორიაში ყველაფერთან ერთად ერთი რამ მაოცებდა, - თუ ისე ვძულდით ყველა დამპყრობელს, რომ ჩვენი გადაშენება უნდოდა, ასე თავგამოდებით რატომ მოილტვოდნენ ქართველ ხალხთან დასაახლოებლად? ბევრს არ ჩამოვთვლი, - ეს პატარა წერილი საუკუნეებს როგორ გასწვდება, მაგრამ სულ ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის ინტელიგენციის მაგალითიც კმარა საიმისოდ, რამდენად ჰქონდათ ჩვენი ქვეყანა გულში ჩარჩენილი. დუშელი ვარ და ამიტომ პუშკინს გავიხსენებ, რომელმაც სამხედრო გზის გამოვლისას დუშეთის ქარვასლაში გაათია ღამე და აღფრთოვანებული იყო არა მარტო საქართველოს ნახვით, არამედ ქართველი ხალხის ნიჭიერებით. თუმცა ახლა პუშკინის შემოქმედებაზე საუბარი არ მაქვს მიზნად. ის მინდა გითხრათ, როგორი თავგამოდებით უვლიან დუშელები პუშკინის ბებიის, ნატალია ჰანიბალისა და იმ რუსი ჯარისკაცების საფლავებს, რომლებიც იმ დროს დაღუპულან, როცა დუშეთში რუსის ჯარი იდგა. პირველი დუშეთის ობსერვატორიის ეზოშია დაკრძალული, დანარჩენები კი ქალაქის წმინდა ბარბარეს ეკლესიის ეზოში. შეიძლება ამის აღნიშვნა აუცილებელი არ არის, მაგრამ რატომ არ უნდა ვთქვა, მეც ერთი იმ დუშელთაგანი ვარ, რომელსაც საკუთარი ხელით დამიწყვია ამ საფლავებზე ყვავილები. ეს საფლავები ყოველთვის მოვლილი, დასუფთავებული და გალამაზებულია. ამის შემხედვარეს, განსაკუთრებით კი ახლა, როცა რუსეთში და მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულ სიწმინდეებს ანადგურებენ, გულით მინატრია, - ღმერთო, რა იქნება, ის ადამიანები, ვინც ამას სჩადიან, აქ მოიყვანა და ეს საფლავები ანახა-მეთქი!

ვითომ ბრიყვები ვართ? არა მგონია... ალბათ ჩემი ერის ეს თვისება იმით აიხსნება, რომ უფალი ყოველივეს ხედავს და ყოველივეს სანაცვლოდ მოგვაგებს. ახლა კი, ცნობილი რუსი პოეტის ბებიის საფლავზე მოგახსენებთ: ზოგი იტყვის - რატომ უნდა იყოს რუსი პოეტის ბებიის საფლავი დუშეთშიო, მაგრამ დუშელებს არა გვგონია, ეს საკითხი სადავო იყოს. გადმოცემით ყველამ იცის, რომ პუშკინს ისე მოეწონა პირველი მოგზაურობისას საქართველო, რომ მეორედ თან ბებია ჩამოიყვანა, რომელიც აქ გარდაიცვალა და უკან ვეღარ წაასვენეს. მის საფლავზე ამჟამად წარწერა წაშლილია, თუმცა, გასული საუკუნის 70-იან წლებში არსებულა და მაშინ გაუვრცელებიათ ხმა, - დიდგვაროვანი რუსი ქალბატონი ნატალია ჰანიბალი დუშელი თავადების - ყარანგოზიშვილებისა და მოზდოკელების სასაფლაოზეა დაკრძალული და იმის სიმბოლოა, თუ როგორი მოკრძალება და პატივისცემა იციან ქართველებმა იმ ქვეყნად წასულებისო. დუშეთში ასევე ისევ დგას ის ორი ქარვასლა, რომლებშიც პუშკინთან ერთად სამხედრო გზით მოსულ არაერთ სტუმარს გაუთევია ღამე და საქართველოს მტრად თუ მოყვრად გამოსდგომია. მერე რა, რომ მათი სახელიც არავის ახსოვს, სხვა თუ არაფერი, ეს ქარვასლები უტყუარი მოწმეა იმისა, რომ წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიან...

დუშეთი, ზეინაბ ძიძიშვილი.