"თავბედი ვიწყევლეთ, სამშობლოში რომ დავბრუნდით" - კვირის პალიტრა

"თავბედი ვიწყევლეთ, სამშობლოში რომ დავბრუნდით"

როცა ხალხი და მისი ხელისუფალი ქვეყნის რეალობას სხვადასხვანაირად ხატავენ, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის ხიდი უფრო და უფრო ტყდება, რაც მტრის გარდა, არავისთვის კარგი არ უნდა იყოს.

ჩვენ, უცხოეთში ქართულ სატელევიზიო არხებს მიჯაჭვული ემიგრანტები, პრეზიდენტისგან გამუდმებით ვისმენთ, დაბრუნდნენ ქართველები სამშობლოში და ყველანაირი შეღავათი ექნებათო. აი, 2012 წლის 19 აპრილს ჩვენც გამოვემგზავრეთ საქართველოში, თან წამოვიღეთ ყველაფერი, რაც საბერძნეთში თხუთმეტწლიანი ცხოვრებისას დავაგროვეთ. ვიცოდით, რომ კანონი თითოეულ ჩვენგანს ანიჭებდა უფლებას, წამოგვეღო 15.000 ლარის ღირებულების საქონელი. არც ჩვენი ტვირთი აღემატებოდა ამ რაოდენობას. ამ ტვირთში შედიოდა ჩვენი ნათესავებისათვის განკუთვნილი ჩანთები და ბანდეროლები, რომლებზეც მათი სახელები ეწერა. აი, სწორედ ამან დაგვღუპა, - მიუხედავად იმისა, რომ ისინი შედიოდა განუბაჟებლად გადმოსატანი ტვირთის რაოდენობაში, მაინც გახდა მიზეზი ჩვენი დამცირებისა და შეურაცხყოფისა.

22 აპრილს სარფის საბაჟოზე  მანქანა დაგვაცლევინეს და გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, 12 კმ-ის იქით, წაგვიყვანეს. იქ ხელმეორედ გადმოტვირთვეს ჩვენი ბარგი, პარკები და ჩანთები დაჭრეს და იქიდან ყველაფერი ამოყარეს, რაც მანამდე მონიტორითაც შეამოწმეს. დღის 12 საათიდან საღამოს 8 საათამდე საბაჟოზე დაქანცულები და მშივრები ვიტანდით ამ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ ხელმეორედ დაგვატვირთვინეს მანქანა და დააყენეს ტერმინალში. ჩვენ კი წამოვედით კახეთში ნათესავებთან (საუბედუროდ, სამშობლოში საკუთარი სახლიც არ გაგვაჩნია, ის ჩვენს ყოფით პრობლემებს შეეწირა). მეორე დღეს ისევ დავბრუნდით სარფში, სადაც ჩვენი მანქანა უკვე მერამდენედ გადმოცალეს, გაჩხრიკეს, ის ჩანთები ჩამოგვართვეს, რომელსაც ნათესავების სახელები ეწერა და გამოგვიცხადეს, - მაშინ გაგატანთ, თუ განაბაჟებთო. ამას კი, თავის ჯარიმებიანად, რამდენიმე ათასი ლარი სჭირდებოდა, ამიტომაც საკუთარი ხელით დავწერეთ - ჩამორთმეულ ტვირთს ჩვენი ნებით ვტოვებთო. მოკლედ ოფიციალურად, "კანონის" ფარგლებში დაგვაყაჩაღეს!

ახლა გვითხარით, ვინ გაგვცემს ყოველივე იმაზე პასუხს, რამაც სამშობლოში დაბრუნებულებს თავბედი გვაწყევლინა. სინამდვილეში მართლაც ვის აწუხებს უცხოეთში გახიზნულ ქართველთა ბედი? ჩვენ კი იმედს არ ვკარგავთ, რომ  ეს წერილი დაგაინტერესებთ და დაბეჭდავთ. იქნებ ბატონმა პრეზიდენტმა, რომელიც ტელევიზიებით გამუდმებით სამშობლოში დაბრუნებას გვიქადაგებს, წაიკითხოს და გაიგოს, ქართველებს  საქართველოს საბაჟოზე როგორ ამცირებენ და აწვალებენ.

გიორგი  და ლევან ხმალაძეები, ელენე ხმალაძე, ლიანა დინუაშვილი