ტყე ვიღას ახსოვს?! - კვირის პალიტრა

ტყე ვიღას ახსოვს?!

ბორჯომის ხეობა განადგურების პირასაა

"ხმაური  2008 წელს რუსების გაჩაღებულ ხანძარზე ავტეხეთ, არადა ხანძარს იმის მეასედი ზარალის მოტანაც არ შესძლებია, რაც  ხოჭო ქერქიჭამია ტიპოგრაფს"

ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რაც ბუნებამ გვიბოძა, თუ არ მოვუფრთხილდებით, მარადიულად გვექნება. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მანანა ჭყოიძემ ეს რომ იცის, იმიტომაც გვწერს, - "სანამ ჯერ კიდევ რამის გადარჩენა შეიძლება, მანამდე ვიბრძოლებ".

ეს ქალბატონი ერთადერთია, რომელიც ჩვენს უზარმაზარ საუნჯეს - ბორჯომ-ბაკურიანის წიწვოვან ტყეებს სწავლობს და პატრონობს. წლებია, ამ ტყეებს ისეთი მავნებელი ჰყავს შესეული, რომ ჰექტრობით მოსპო, ჩვენ კი ხმაური მხოლოდ 2008 წელს რუსების გაჩაღებულ ხანძარზე ავტეხეთ. არადა, თურმე ხანძარს იმის მეასედი ზარალის მოტანაც არ შესძლებია, რაც  ხოჭო ქერქიჭამია ტიპოგრაფს. ამიტომაც ქალბატონ მანანასთან შეხვედრა აუცილებლად მივიჩნიეთ.

- ქალბატონო მანანა, წლების წინ თავში ხელს ვირტყამდით - ბორჯომის ტყეებს ნაძვის დიდი ლაფნიჭამია შეესია და ვიღუპებითო.  ეს ქერქიჭამია ტიპოგრაფიც იმავეს აკეთებს?

- გადამხმარი ბორჯომის კორომები რომ ნახოთ, გული მოგიკვდებათ. მაგრამ ამ უბედურების სანახავად იმ ხალხს არ სცალია, ვინც ტყეებს უნდა უშველოს. 70-იანი წლების დასასრულს, როცა ბორჯომის ტყეებს ლაფნიჭამია შეესია, მსოფლიოში ცნობილ ზოოლოგთან, პროფესორ დავით კობახიძესთან ვმუშაობდი და თავად ვხედავდი, რას განიცდიდა ამის გამო დიდი თუ პატარა. მაშინ დავით კობახიძემ შეუძლებელი შეძლო, - ყველაფერი დაიარა და შეისწავლა და ბოლოს ჩეხოსლოვაკიაში მიაკვლია ლაფნიჭამიას ბუნებრივ მტერს, ხოჭოს - დიდ რიზოფაგუსს.  ხელოვნურად გაამრავლა და ტყეში გაუშვა, ასე გადაარჩინა ტყეები. ლაფნიჭამია ახლაც არსებობს. ბორჯომში ნაძვს ქერქს თუ ჩამოაცლით, ადვილად შეამჩნევთ, მაგრამ იქვე აუცილებლად იპოვით  რიზოფაგუსსაც, რომელიც ლაფნიჭამიას გამრავლების საშუალებას არ აძლევს. ერთი რამ მინდა ვთქვა: ამ რიზოფაგუსის გამრავლების მეთოდი სრულიად უსასყიდლოდ წაიღეს ჩვენს მეზობელ თურქეთში, როცა ლაფნიჭამია მათ ტყეებსაც შეესია. გამოხდა ხანი და, ჩვენმა ენტომოლოგებმა თავში ცემა  დაიწყეს, - როგორ ვერ მივხვდით, რომ ამაში სერიოზულ სახსრებს ვიშოვიდითო.

- ეს ტიპოგრაფი როდისღა აღმოაჩინეთ?

- 1997 წელს. ხუთი ენტომოლოგი ვიყავით მივლინებით ბორჯომის ხეობაში და ყველა სახერხში შევედით. იქ ტყიდან შემოტანილი ნაძვის მორები ეწყო. ვუყურებ, ზემოდან ნასვრეტები აქვს. დავარტყი ნაჯახი და რას ვხედავ, ქერქს ქერქიჭამია ტიპოგრაფის პატარა ხოჭოები მიჰკვროდა. წამოვიღე და შევისწავლე - თუ მიკროსკოპული ანალიზით მავნებლის სისხლში რაიმე ტიპის პათოლოგია არ აღმოჩნდა, მაშინ ამ პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობა მაღალია. ამას ემატება ისიც, რომ მეზობელი თუ შორეული ქვეყნებიდან შემოსული მავნე მწერები საშინლად აგრესიულები არიან. აგრესიას კი ის უდევს საფუძვლად, რომ ამ მწერებს ადგილობრივი ბუნებრივი მტერი ვერ ერევა. თანაც მათ აქ მზიანი და თბილი ამინდები ხვდებათ და მეტი არც აღარაფერია საჭირო მათი მასობრივი გამრავლებისთვის.

ეს მავნებელი ძლიერი პოპულაციის შემთხვევაში მცენარეს ერთ წელიწადში ახმობს. განსაკუთრებით საშიში კი ამ ხოჭოს "აფუტკრება", ანუ აფეთქების პერიოდია. 2003 წლის პირველ აფუტკრებაზე მან ბორჯომში უზარმაზარი ტყის მასივები მოსპო. ბევრი მცდელობით მივაგენი მის დამამარცხებელ პრეპარატს, ფერომენ "ვერტენოლს". მას ტყეში ხეებზე კიდებენ და მწერს ასე შორი მანძილიდან იზიდავენ. ამის შემდეგ იოლია მათი განადგურება. 2003 წელს ბორჯომის ხეობის ტყეებში 6 ათასი ფერომონიანი მწერსაჭერი ჩამოკიდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ღონისძიებას დიდი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ყოველივე უსისტემოდ და არამეცნიერულად გაკეთდა. ამას დაემატა ისიც, რომ 2006 წლის მერე ეს საშინელება არავის გახსენებია.

ამის შემდეგ  შევიმუშავეთ ფერომონებით ბრძოლის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგია, რომელიც გამორიცხავს მავნებლებთან ბრძოლის ქიმიურ მეთოდებს. თანამედროვე ტექნოლოგია მოწონებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ხოლო "საქპატენტის" მიერ გაცემულია საავტორო უფლება.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით აგრარულ უნივერსიტეტში წარვადგინე პროექტი - "ბორჯომის ხეობის საკურორტო ტყეებში საშიში ქერქიჭამიების წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ". უნივერსიტეტის პრორექტორმა, ბატონმა ზვიად ჭეიშვილმა მითხრა, - ტყე სახელმწიფოს კუთვნილებაა და პროექტიც მანვე უნდა დააფინანსოსო. აგრარულ უნივერსიტეტს ეკუთვნის ის სატყეო ინსტიტუტი, რომელშიც მე ვმუშაობ და ამ ყველაფრის პატრონი კერძო პირი, ბატონი კახა ბენდუქიძეა. ვერ გამიგია, თუკი სატყეო ინსტიტუტი კერძო პირს ეკუთვნის, რა შუაშია სახელმწიფო? რადგან სხვანაირად ვერ მივწვდი, გაზეთით მინდა მივმართო ბატონ კახას, - გადაარჩინოს ბორჯომის ხეობის ტყეები!

სატყეო ინსტიტუტს წარვუდგინე მოხსენება, რომელშიც ტყეების მოსალოდნელ გახმობაზე ვწერდი და ტენდერის ჩატარებას ვითხოვდი მავნებლის არეალის შესასწავლად. პასუხი არ იყო. მერე მივხვდი ამის მიზეზსაც - მშვიდად ელოდებოდნენ ტყეების გადახმობას, რომ ამ ფაქტის საფუძველზე მოეთხოვათ ფული ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთვის. ასეც მოხდა. ტენდერი  თოვლსა და ქარბუქში ჩატარდა. არადა, ტყეში ზაფხულში ვერ შევდივარ და ზამთარში რა უნდა გამოეკვლიათ?!

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კაცი აღარ დარჩა, ვინც ამ უბედურებაზე დაფიქრდება.

- 2011 წლის ოქტომბერში კვლავ ჩემი ხარჯებით წავედი ბორჯომის ტყეებში. ორი კვირა წმინდა სერაფიმე საროველის მონასტერში ვცხოვრობდი. მთელი ბორჯომის ხეობა ამოდიოდა  - ქალბატონო მანანა, ოღონდ ტყეები გადაგვირჩინე, ჩვენ ყველგან გაგყვებითო.

არა მგონია, ეს წერილი უბრალო ქართველ ხალხს არ მოხვდეს გულზე.

ეგებ მათმა რეაქციამ მაინც ჩააფიქროს ის, ვინც მოვალეა და მომავლის წინაშეც არის პასუხისმგებელი, ჩვენს ქვეყანას ეს საუნჯე შეუნახოს...