მიტოვებული "უკვდავების წყალი" - კვირის პალიტრა

მიტოვებული "უკვდავების წყალი"

ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ არის ლამაზი, მაგრამ ვანში მდებარე სულორი მათგან გამორჩეულია. კურორტი სულორი მრავალი დაავადების მტერია, ვისაც ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ევალება, სანამ ბოლომდე არ განადგურებულა, იქნებ გაიხსენოს მისი არსებობა.

ყველა სიკეთით სავსე კურორტი თავზე გვენგრევა, იმერეთის მაღალჩინოსანი მოხელეები კი კარგა ხანია გვეუბნებიან, ცოტაც დაიცადეთ და გიშველითო. ამასობაში რამდენიმე სანატორიუმი დაინგრა, დანარჩენები დანგრევის პირასაა. სულორისკენ მომავალი გზის ბოლო ოთხი კილომეტრი კი უფსკრულად იქცა. ასე რომ, ადამიანს ძალიანაც რომ უნდოდეს სულორში მოსვლა, ვეღარც მოაღწევს. არ იფიქროთ, სოფელი დაცლილია და იმიტომაც აღარ წუხს მასზე არავინო - არა ბატონო, სულორში ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს და ხვალინდელ დღეს მაინც იმედით შესცქერის. პატრონი რომ გამოჩნდებოდეს, სოფელი ჩვენს თერმულ და მინერალურ წყლებზე სამკურნალოდ ჩამოსულების შემოსავლიდანაც გაიმართებოდა წელში. ვინც არ იცის, ეს რა წყლებია, ამისთვის ამ ლეგენდის გახსენებაც კმარა: ერთ დღეს კლდიდან თბილი წყლის ნაკადული გადმომსკდარა. მასში შემთხვევით დავრდომილი გოგონა ჩაუსვამთ, რომელსაც წყლიდან ამოსვლისთანავე გაუვლია. ჩვენი წყლების ასეთი სასწაული სინამდვილეშიც არაერთხელ გვინახავს სულორელებს. მოკლედ, ჩამოვთვლით იმ დაავადებებს, რომელსაც სულორი შველის: ართრიტი, ანთებები, ჰიპერტონია, კარდიოლოგია, ნერვული სისტემა, სისხლძარღვები. შთამბეჭდავია არა? ამიტომ ეს წერილი დაბეჭდეთ, ეგებ ჩვენს მთავრობაზეც მოახდინოს შთაბეჭდილება.

სულორელები