თუ კაცი გონიერია - კვირის პალიტრა

თუ კაცი გონიერია

გლეხობამ აღარ იცის, რას გაუმკლავდეს, უსახსრობას,  გაჭირვეულებულ ბუნებას თუ ბაღ-ბოსტნების მტერს, რომელიც მოწეულ მოსავალს ანადგურებს. ამიტომაც სიამოვნებით ვაქვეყნებთ მცხეთელი გლეხის, შალვა დიდებაშვილის წერილს. ვფიქრობთ,  მისი უბრალო, მაგრამ საჭირო მიგნება ჩვენს გლეხობას ძალიან დაეხმარება.

გმადლობთ გაზეთის იმ ფურცლებისთვის, რომელიც უბრალო ხალხის ტკივილსა და მის წამლობას ეხება. მეც ამაზე უნდა მოგწეროთ. სანამ მთავარს გეტყოდეთ, მამაჩემზე უნდა გითხრათ: მცხეთაში, ნატახტარში, ატმის ნარგავებს სხლავდა და შეწამლული ატმებიდან თვალში შხამქიმიკატების მტვერი ჩაუცვივდა. თბილისში, კრწანისის ცნობილ თვალის კლინიკაში ვერაფერი ვუშველეთ - ჩინი დაკარგა... ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევა ხდება იმ შხამქიმიკატებით, რომლებსაც ჩვენში ხეების მავნე მწერების გასანადგურებლად იყენებენ. ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და, ჩემი აზრით, კარგი რამ მოვიფიქრე. ყოველ შემთხვევაში, ეს მეთოდი აუცილებლად ყველას გამოადგება ჭიანჭველებსა და მწვანე ბუგრებთან საბრძოლველად. ამის მოგვარება ჩვენში ასე თავმომაბეზრებლად ქცეული ნახმარი ცელოფანის პარკებით შევძელი, რომლებიც ხის ტანს შემოვახვიე. ეგ არის და ეგ. ხეზე შემოხვეულ ცელოფანზე ვერც ჭიანჭველა იკიდებს ფეხს, ვერც ბუგრი და ვერც მატლი. იმ შემთხვევაში, თუ ხის შტამპი გლუვი არ არის და შემოხვეულ ცელოფანს შორის ღრიჭო რჩება, ამ ღრიჭოს დანით ვფხეკ და ვასწორებ. ასე რომ, ჩემს ბაღში მწერებს მუსრი გავავლე. ჩემი მთავარი მიზანია, ამ მეთოდის შესახებ ხალხმა გაიგოს და დროზე უშველოს ბაღჩა-ბაღებს, ამიტომაც თქვენ გწერთ და ნუ დაიზარებთ, ხალხს გააგებინოთ.