"ჩამოვედი, რომ ჩემი თვალით მენახა, როგორები ხართ..." - კვირის პალიტრა

"ჩამოვედი, რომ ჩემი თვალით მენახა, როგორები ხართ..."

ამას წინათ ჩვენს ფოსტაში ლამაზად ხელნაკეთ კონვერტს წავაწყდი. უნებურად გავიფიქრე, - ამის გამკეთებელმა ნეტავ რა ამბავი გამოგვიგზავნა-მეთქი და სტრიქონებს მივყევი...წუთისოფლის ბილიკებს ადვილად ვერ გაივლი, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც ამ ბილიკებზე ერთი დღე არ ჰქონია უეკლო, თუმცა მაინც ისე იარა, თავისი თუ სხვისი ცხოვრების გალამაზება მოახერხა. ახლა ასეთი ქალბატონის წერილს გაგაცნობთ. მის წერილს რომ ვკითხულობდი, სულ იმას ვიმეორებდი, - ყველას რომ ასეთი საქვეყნო ტვირთი აგვეწია, წელში გამართული ვიქნებოდით-მეთქი.

ჩემო "კვირის პალიტრა", რომ იცოდეთ, როგორ გელით  რაჭის ერთ ულამაზეს და დაცლილ სოფელში. ჩემი სოფელი სხვავაა, მიუხედავად იმისა, რომ მე რუსი და რუსეთში დაბადებული ვარ, ამქვეყნად სხვავაზე უკეთესი არაფერი მეგულება. ამიტომაც არც წასვლა მინდა სადმე და თუ წავედი, არც დიდხანს გაჩერება შემიძლია - ისევ ჩემი მთებისკენ მომიწევს გული. აქ მიხარია გათენება და დაღამება, იმ მეზობლებთან ყოფნა, რომლებიც თითო-ოროლა შემომრჩა. როცა საქმეს მოვითავებთ, მოვინახულებთ ერთმანეთს, დავსხდებით და შევცქერით ამ მშვენიერ ადგილებს, რომლებსაც ვერ შევლევივართ. ველით შვილებს და თქვენს გაზეთს - ორშაბათიდან კვირამდე "კვირის პალიტრის" წაკითხვის სიხარულით ვცხოვრობთ. მე რაც გამოვიარე, ალბათ ქვაც ვერ გაუძლებდა, მაგრამ გავუძელი და საქართველოს, რომელიც ახლა ჩემი სამშობლოა, სამი კარგი შვილი და შვილიშვილები აღვუზარდე. ახლა ერთი ოცნება მაქვს, - თბილისში ჩამოვიდე  და თქვენს რედაქციას ვეწვიო. მინდა საკუთარი თვალით გნახოთ, როგორები ხართ. მერე  ჩემს რაჭაში რომ დავბრუნდები, თქვენთან შეხვედრის შესახებ მოვუყვები ჩემს მეზობლებს.

მარია კრასნოპიოროვა-ტოროშელიძე

გამოხდა ხანი და ეს ქალბატონი შვილიშვილთან ერთად  რედაქციაში გვესტუმრა.

- ასე როგორ შეგიყვარდათ ჩვენი გაზეთი, რომ იმ სიშორიდან ჩვენს სანახავად ჩამობრძანდით. ან ასე კარგად როგორ ისწავლეთ ქართული წერა-კითხვა?

- აბა, ისე აქ როგორ უნდა მეცხოვრა?! რომ ჩამოვედი, სანამ სწავლას დავიწყებდი, ქართული ანბანი უკვე მიყვარდა, ძალიან ლამაზია. წერა-კითხვა ერთმა ჩვენებურმა მასწავლებელმა მასწავლა, - თითო ასოს გამოყვანაზე ვხარობდი. მერე წავიკითხე ანა კალანდაძის ლექსები, ძმები ჭილაძეები, მუხრან მაჭავარიანი...

- ახლა ის მითხარით, როდის და რამ გადმოგხვეწათ საქართველოში.

- წუთისოფელმა და... სიყვარულმა.  ჩემი მომავალი ქმარი ჯარში როსტოვში მსახურობდა. ერთ დღესაც მითხრა, მე თუ არ წამომყვები, შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავო. სხვა გზა არ მქონდა, წავყევი.

დედ-მამა თავდაპირველად როსტოვში ცხოვრობდა, მე კი ურალში დავიბადე. იქ, სადაც სიკვდილმისჯილებს ასახლებდნენ. 1933 წელს მამა როსტოვიდან  იქ გადაასახლეს  - კოლექტივში რატომ არ შედიხარო. რაც ორთვალაზე დაგეტევათ, მარტო იმის წაღება შეგიძლიათო. დედაჩემი თურმე ჩემს აკვანს რომ დებდა ორთვალაზე, ერთმა კომკავშირელმა გადაუგდო, - მაგის წაღება არ შეიძლებაო. იქ, ურალში  სიცივით და შიმშილით 24 წლის დედა მომიკვდა,  მამაკაცებს ხელში ნაჯახები მისცეს, - ტყეებში გადით და სახლები თავად აიშენეთო. სანამ სახლები აშენდებოდა და ხალხი რამეს დათესავდა და მოიყვანდა, ნახევარი სოფელი ამოწყდა. პატარა ვიყავი, მამაჩემმა ისევ იქ გადასახლებული ქვრივი რომ შეირთო, - ჩემს დედინაცვალსაც  ორი შვილი  მოუკვდა  სიცივითა და შიმშილით. არ იყო ცუდი ქალი, მაგრამ დედინაცვალი მაინც დედინაცვალია.

მერე ბაღიც გახსნეს. იქაც გვშიოდა ბავშვებს, - მახსოვს, საჭმელს თუ მოვითხოვდით,  მასწავლებლები მუხუდოს მარცვლებს დაგვიყრიდნენ და სამი წლის ბავშვები მუხლებზე დაჩოქილები ვაგროვებდით, ასე გვზრდიდნენ, რომ ხმა არ ამოგვეღო. 37 წელიც მახსოვს, - ურალში ჩვენ თვალწინ მიდიოდა პატიმართა რიგები. იქ ცხრა თვე ზამთარია. საწყლებს ცალ ფეხზე კალოში შერჩენოდათ, მეორეზე "ტელოგრეიკის" ნახევი ჰქონდათ ამოკრული. ჩვენ უკვე კარტოფილი მოგვყავდა. ქალებს ვედროებით მიჰქონდათ პატიმრებთან და ახლოს რომ არ უშვებდნენ, პირდაპირ ვედროებითვე ისროდნენ კოლონიებში. ქართველები რომ ჩაივლიდნენ, მამა იტყოდა, - "გრუზინებმა" ჩაიარესო. ომი რომ დაიწყო,  ურალი ფრონტის წინა ხაზად გადაკეთდა, იქ მზადდებოდა ყველაფერი. მერე მივიღეთ როსტოვში დაბრუნების უფლება, მაგრამ ომს ისე გაეჩანაგებინა იქაურობა, უკან ვაპირებდით გაბრუნებას. ამასობაში ამირანიც გამოჩნდა 1952-ში.

- ეტყობა, თქვენი ბედი იყო, მთელ მზიურ საქართველოს გჩუქნიდათ, არა?

- ცხადია. სხვავაში გამურული ქოხი დამხვდა - ღარიბად ცხოვროდნენ. მაინც არ გაუძლო სხვაგან გულმა - თავისი მთა ეძახდა.

თავდაპირველად გამიჭირდა, რამდენჯერ ვიფიქრე სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ - ვერა. მამაჩემიც სხვა კაცი იყო: - შვილო, მე შენნაირს ათს შევინახავ, მაგრამ შენს შვილებს დედაც უნდათ და მამაცო. ამას მეც ვხვდებოდი. დავიდე უღელი. რადგან რუსული  ვიცოდი, ჯერ კომისარიატში მიმიღეს სამუშაოდ, მერე ფოსტაში.  ფოსტაში ჩამოვკიდე ჰამაკი, ჩემს უმცროს შვილს მთელი სოფელი იქ ზრდიდა, - ატირდებოდა და არწევდნენ. მაშინ ფოსტის გარდა, ტელეფონი არსად იყო, ვინმე ავად რომ გახდებოდა, სანამ სასწრაფო არ მოვიდოდა და ავადმყოფი არ მოფერიანდებოდა, ფოსტაში ვიჯექი. სამაგიეროდ, სახლი ვიყიდე, - მალაქია ტოროშელიძის, იყო ასეთი ცეკას ფუნქციონერი. მისმა ცოლმა მომყიდა. ამ დროს ჩემი ქმარი ჩხუბის გამო  ციხეში იHჯდა - უკვე სახლი გვაქვს-მეთქი, - ვუთხარი. გაგიჟდა სიხარულით. ასე დავდექით ფეხზე.

- დადგება, აბა, რა იქნება, კაცს რომ თქვენისთანა მეუღლე შეხვდება.

- არც თვითონ ყოფილა გულხელდაკრეფილი. მშრომელი რომ არ ყოფილიყო, წუთისოფლის ამ ტვირთს რა მატარებინებდა. 1991 წელს მიწისძვრისას მტვერი გაიფანტა, მივიხედე და - ჩვენი ნაწვალები სახლი უკვე აღარ იდგა. მერე მეორედ გავმართეთ სახლ-კარი. ახლა ჩემი ამირანი აღარ არის. დავცქერი მის სურათს და ვეუბნები, - ამირან, შენ ამ ქვეყნიდან ბედნიერი წახვედი, სოფელს ორივენი ვუყვარდით, გავმრავლდით, თანაც შენს საყვარელ ადამიანებს გზაზე დაყენებულს ვტოვებ, ამქვეყნად ამის მეტი არც არაფერია სანატრელი-მეთქი.

P.S. წასვლის წინ  ქალბატონმა მარიამ ყველანი დაგვლოცა, - თქვენც, ჩვენც, მთელი საქართველოც.