საფრთხე, რომლისთვისაც არ "გვცხელა" - კვირის პალიტრა

საფრთხე, რომლისთვისაც არ "გვცხელა"

ჩვენ ნამდვილად გვინდა უკეთესი ქვეყანა გვქონდეს; ამიტომაც ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, სასიცოცხლო პრობლემების დროულად გადასაწყვეტად გროშებს რომ ვერ იმეტებს და გასართობ ღონისძიებებზე კი მილიონებს ხარჯავს. ასეთ პრობლემად მიგვაჩნია ქართველი დოქტორ-ნემატოლოგების მიერ წარმოჩენილი საკითხიც.

ჩვენი საქმე ისე წავიდა, ნემატოლოგიაზე საქართველოში, ჩვენ გარდა, უკვე არავინ მუშაობს. უცხოეთში კი ეს დარგი უფრო და უფრო ვითარდება, რადგან ნემატოდები, დედამიწის ეს ძლიერი პარაზიტები, არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ მცენარეებსა და ცხოველებს ისეთ ზიანს აყენებენ,  ნებისმიერი ჭკუათამყოფელი რაიმეს იღონებს. ამ პარაზიტის 50% ზღვებსა და ოკეანეებში ბინადრობს (მაგალითად, ვეშაპის ჭია-ნემატოდა, 15 სანტიმეტრსაც აღწევს), 25% მტკნარ წყლებსა და ნიადაგში, 10% კი მცენარეებში. ერთი სიტყვით, ყველგან,  სადაც სიცოცხლეა (ყინულებშიც კი),  და  სადაც შეაღწევს, ბოლომდე აძაბუნებს. ვვარაუდობთ, რომ გამანადგურებელი სახეობის ნემატოდამ ჩვენთან ციტრუსების ნერგებით შემოაღწია, და არა მხოლოდ ციტრუსებს, არამედ სხვა საკვებ მცენარეებსაც გაანადგურებს. ამიტომაც ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ მცენარეთა ნემატოდას მონიტორინგისთვის თანხა გამოყოს.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები: ირაკლი ელიავა, ეკა ცქიტიშვილი, თამაზ ცქიტიშვილი, ნანა ბაღათურია, ლალი ჟღენტი, მედეა გოგოლაშვილი.

ნემატოლოგთაგან რედაქციაში პროფესორი ირაკლი ელიავა მობრძანდა.

- ბატონო ირაკლი, გვწერთ, რომ ჩვენს ისედაც მწირ მოსავალს განადგურების საფრთხე ემუქრება...

- დიახ. პარაზიტი, რომლის შესახებაც მოგწერეთ, კაცობრიობისთვის კარგადაა ნაცნობი. ის ანადგურებს მსოფლიო ციტრუსების მოსავლის 25%-ს და რომ არა პროფილაქტიკური ღონისძიებები, ზარალი ყოველწლიურად 70% მაინც იქნება. მით უფრო, რომ მცენარეთა ნემატოდას საკვირველი ადაპტაციის უნარი აქვს: ნემატოდამ ისე გაანადგურა კალიფორნიის სან-ხუაკინის დაბლობების ციტრუსები, რომ პლანტაციები აჩეხეს და ვაზი დარგეს. 2-3 წელიწადში ვაზსაც შეესია.

ჩაქვში, 7 ჰექტარზე, ესპანეთიდან ჩამოტანილი ციტრუსების ნერგები  დაირგო. ისინი არავის გამოუკვლევია. საიდან გამოიკვლევდნენ, როცა ჩვენ, ანუ 7 კაცის გარდა, საქართველოში ნემატოლოგი აღარავინ არის, ჩვენთვის კი არაფერი შეუტყობინებიათ.

- ეს პარაზიტი შესაძლოა, ყველა მცენარეს ჰყავდეს?

- არათუ ხეხილის, ყვავილების ნემატოდებიც კი არსებობს. მაგრამ არსებობს ჩვეულებრივი სახეობები და გამანადგურებელიც, რომლებიც ხეებს ბოლოს უღებს. სამწუხაროდ, ამის გამოკვლევის საშუალება არ არის. რატომ დაიწყო ჩვენში ატმის, ვაშლის ან თუნდაც ციტრუსის მასობრივი ხმობა. სხვებთან ერთად, არც კარტოფილის საქმე გვაქვს კარგად. ნემატოდა კარგა ხანია, მოსავლის დიდ ნაწილს აზიანებს. ამ პარაზიტით დაზიანებული პროდუქტები შემოაქვთ საზღვარგარეთიდანაც, მაგრამ მიმხედავი არავინ არის. ეს მაშინ, როცა მსოფლიო ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს ამ პარაზიტის საწინააღმდეგოდ. რამდენჯერ მივმართეთ შესაბამის სამსახურებს, რომ საქართველოს საზღვრებზე მაინც ჩატარებულიყო კვალიფიცირებული ნემატოლოგიური ექსპერტიზები, მაგრამ ამაოდ.

- რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ამ საქმეს ეშველოს?

- იმისთვის, რომ ამ საშინელებისგან ქვეყანა ვიხსნათ, მხოლოდ 60 ათას ლარს ვითხოვთ. ამაში ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებაც იგულისხმება, თორემ ეს დარგი საქართველოში მოკვდება. ვის არ მივმართეთ, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებში ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ჩვენი განაცხადი გააცნობიერა, ანტიკრიზისული სამსახურის თანამშრომელი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, დაბალი თანამდებობის პირები ჩვენთან გადაწყვეტილებებს არ იღებენ.