"ნუ გეშინია..." - კვირის პალიტრა

"ნუ გეშინია..."

როგორი იზრდება ჩვენი ახალგაზრდობა? - ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა არ არის, ეს მომავალია, რამაც უნდა გადაგვიწყვიტოს, ვიქნებით, თუ არ ვიქნებით. ჩვენს არეულ დროში ამ კითხვას ხშირად უარყოფითი პასუხიც გაეცემა ხოლმე. ჩვენ კი, რაც შეიძლება ხშირად გეტყვით - "ნუ გეშინიათ"! დასამოწმებლად ჩვენს ფოსტასაც გამოვიყენებთ.

შესაძლოა, არცთუ ისე დიდი მნიშვნელობის წერილს გწერთ, მაგრამ რაც მიხარია და რაზეც ვფიქრობ, უსათუოდ უნდა გაგაგებინოთ. მეც ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც უიმედობა მომავლის გამო ხშირია. მე იმ პატარა ბიჭის დედა ვარ, რომელიც ერთ ჩვეულებრივ სკოლაში მისნაირ გოგო-ბიჭებთან ერთად სწავლობს და როცა ვუყურებ მის კლასელებს როგორ უყვართ სამშობლო, რისკენ აქვთ აღებული გეზი, ვფიქრობ, რომ საშიში არაფერია.

ამას წინათ ჩემმა შვილმა და მისმა მეგობრებმა გამოგვიცხადეს, - აუცილებლად უნდა შევხვდეთ ჯუმბერ ლეჟავას, გვაინტერესებს, როგორ შემოუარა ველოსიპედით მსოფლიოსო. ბევრი არ გვიფიქრია, მისი ტელეფონის გასაგებად თქვენი გაზეთის რედაქციაში დავრეკეთ. ამ შეხვედრაზე ბავშვებს მეც ვახლდი. ენა ვერ იტყვის, რამდენი იმედი და სითბო წამომყვა იქიდან. რომ მეგონა ჩვენი ახალგაზრდობა მხოლოდ გასართობი შოუებით ინტერესდება-მეთქი, ასე სულაც არ ყოფილა!  როცა 11 წლის აღტაცებულმა ბიჭებმა მოწვეულ სტუმარს  ჰკითხეს, - როგორ ფიქრობთ, რა არის ბიჭისთვის მთავარიო, ჯუმბერ ლაჟავამ ჯერ ხომ კაცობის მაგალითები მოუყვანა, მერე სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული ბიჭების სურათებთან მიიყვანა, - აი, აქ ერთი ბიჭია, რატი კიკაჩეიშვილი, 24 წლისა დაიღუპა. ამ ბიჭმა "ვეფხისტყაოსანი" იცოდა ზეპირად და ესეც ხომ გმირობის ტოლფასი იყო. ამიტომ "ვეფხისტყაოსანი" თქვენც უნდა იცოდეთ, მეც ეს წიგნი ყველა მოგზაურობაში ბიბლიასავით დამქონდაო.

მერე წამოვედით და ბიჭებიც წამოვიყვანე. ვკითხე, ესე იგი, "ვეფხისტყაოსანს" თქვენც გულისყურით შეისწავლით-მეთქი? აბა, რაო! დარწმუნებული ვარ, შეისწავლიან და ვაჟკაცობას ისწავლიან. ამისთვის ბატონი ჯუმბერივით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენს მომავალს ამ წიგნს შეახსენებს. მადლობას გიხდით თქვენც, რადგან სწორედ თქვენ ხართ "ვეფხისტყაოსნის" ბოლო, მშვენიერი გამოცემის დამსტამბავნი.

აი, სულ ეს არის. ეს "სულ" კი მე მათქმევინებს "ნუ გეშინიას" და მინდა ეს ყველამ თქვას.

ნატო დილიძე