რა ძალამ შეაძლებინა - კვირის პალიტრა

რა ძალამ შეაძლებინა

60 კილომეტრი თავგანწირვით გამოევლო, რომ შვილი მოეძებნა

ადამიანი ბუნებით მუდამ სიახლეს ეძებს. ჩვენც ვცდილობთ ბევრი სიახლე მივაწოდოთ მკითხველს. თუმცა არის თემები, რომელიც ზუსტად იმ დღეს გაჩნდა, როცა სულიერი და გონიერი არსებები მოევლინნენ დედამიწას; მაგრამ მაინც მუდამ ახალია და სულს აფორიაქებს. ასეთი დედაშვილობის თემაა. ამ თემაზე გამოგზავნილი წერილის წაკითხვისას, დარწმუნებული ვართ, სული თქვენც შეგეძვრებათ. სწორედ ამიტომ ვუხდით მადლობას ამ წერილის ავტორს.

ეს ამბავი ათეული წლების წინ მოხდა, მაშინ როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში და დროდადრო ისე ამეკვიატება, თითქოს გუშინ მოხდაო. აი, ახლა თქვენც გწერთ...

წლების წინ მთიან მარტვილის რაიონში მომხდარმა მიწისძვრამ არა მხოლოდ მარტვილი, მისი მიმდებარე რაიონებიც საფრთხეში ჩააყენა - ექვსბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი მარტვილის რაიონის სოფლებში, ბარდასა და ინჩხურში იყო. იქაურობა შეშინებულმა მოსახლეობამ დატოვა და თავშესაფრის საძებრად მეზობელი რაიონებისკენ დაიძრა.

ჩვენთან, ჩხოროწყუში მიწისძვრის ბიძგები პერიოდულად კი მეორდებოდა, მაგრამ საშიშროება ნაკლები იყო, ამიტომაც ძირითადად ჩვენი რაიონი გახდა მათი თავშესაფარი. ყველა ოჯახის კარი გაიღო მშობლიური კერიდან აყრილი ადამიანების მისაღებად.

ერთ მშვენიერ დღეს ქებურიების ოჯახს ჩარდახიანი ურემი მოადგა ექვსსულიანი ოჯახით. ურმის ძარაზე ბეღურებივით ისხდნენ პატარები, რომლებიც კალათას ჩასჭიდებოდნენ. მასში პატარა ბოჩოლა ჩაესვათ, რომელიც გამუდმებით ბღაოდა. როგორც ოჯახის უფროსისგან გავიგეთ, ბოჩოლა მხოლოდ ორი თვისა იყო. დილით საძოვარზე გაშვებული ძროხა უკან აღარ მობრუნებულა, მიწისძვრით აფორიაქებულ ოჯახს მისი ძებნის თავი აღარ ჰქონია, მაგრამ ბოჩოლა  დასატოვებლად ვერ გაუმეტებიათ. მასპინძლები ჩვეული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ სრულიად უცნობ ადამიანებს. ჩვენც,  ბავშვური ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდით ყველაფერს. უღელზე შებმული მოვლილი ხარები კი წვეტიანი რქებით და ფშვინვით იწევდნენ უცნობი ადამიანებისაკენ, მაგრამ პატრონების გაფრთხილება, - "ქოოორე ხოჯი სიიი..." საკმარისი იყო, მაშინვე მშვიდდებოდნენ. ეს პატარა ხბო კი მაშინვე გახდა ჩვენი საზრუნავი, - მთელი ქუჩა ჩამოვატარეთ, მაგრამ არც ერთმა ძროხამ არ გაიკარა. რაღა გვექნა და პატარას რძიან საწოვარას ძალად ვტენიდით პირში. მერე  და მერე  შეეჩვია და ხარბად ქაჩავდა. მალე ეზოში კუნტრუში დაიწყო, თუმცა დროდადრო ჭიშკართან შეჩერდებოდა და რაღაცის მოლოდინში იმ გზას გაჰყურებდა, რომელი გზიდანაც ჩამოიყვანეს.

და... სუსხიანი ზამთრის ერთ დილას ქებურიების ოჯახი სტუმარმასპინძლიანად ლოგინიდან ძროხის ბღავილმა წამოყარა, რომელიც რქებით და ფეხებით ჭიშკრის განგრევას ლამობდა. გომურში დამწყვდეული ბოჩოლა კი აქეთ-იქით აწყდებოდა და გარეთ გამოსვლას ლამობდა... მერე, მე არ ვიცი, ვის უნდა შესძლებოდა დედა-შვილის შეხვედრის ეპიზოდის აღწერა! პირუტყვს ეტყობოდა დიდი განსაცდელისთვის დაეღწია თავი. კოჭლობდა და ზურგი გადატყავებული ჰქონდა. ჯიქანი რუმბივით გასივებოდა და მძიმე ტვირთივით ეკიდა ქანცგალეულ სხეულზე. მახსოვს, ჯიქანი რომ გაეცალა,  მამაკაცებმა რაც ახლომახლო ხბო ეგულებოდათ, ყველა იმას მიუსიეს. მერე კი... მერე დედა-შვილმა ერთმანეთის ალერსით ძლივს  იჯერეს გული. როცა დამშვიდდნენ, მიწაზე დაეყარნენ, ერთმანეთს ჩაკრულებმა ღრმა ძილს მისცეს თავი.

ამ ამბავზე ჩვენს მხარეში დიდხანს მსჯელობდნენ. ყველა სხვადასხვანაირად ხსნიდა ამ მოვლენას. მე კი ვერაფრით ამეხსნა, თუ რა ძალა იყო ის, რამაც პირუტყვს შეაძლებინა 60 კილომეტრი თავგანწირვით გამოევლო, რომ შვილი მოეძებნა. ახლა კი ვხსნი, -  ეს იყო ის უძლეველი ძალა, რომელსაც დედაშვილობა ჰქვია!

ზაირა გულუა

ჩხოროწყუს რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შტატგარეშე თანამშრომელი