რკინის ქალამნები რკინიგზის დასაბრუნებლად! - კვირის პალიტრა

რკინის ქალამნები რკინიგზის დასაბრუნებლად!

პატივცემულო რედაქციავ. იქნებ თქვენთან გამოქვეყნებული წერილი მაინც წაიკითხოს ბატონმა პრეზიდენტმა და გაიხსენოს, რას გვპირდებოდა რევოლუციის დროს:

"რამდენიმე ოჯახმა და ოლიგარქულმა ჯგუფმა, პრაქტიკულად, უფასოდ ჩაიგდეს ხელში ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები. თუ იქნება თქვენი მხარდაჭერა, კანონის ძალით მოვახდენთ სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაციას და ხალხს დავუბრუნებთ!" სად არის მისი პირობა? ამ ობიექტების დაბრუნებას ვინ ჩივის - საქართველოს რკინიგზას, რომლის შემოსავალი 2003 წლამდე იზრდებოდა, იმდენი მოუხერხეს, უპერსპექტივო გახადეს. აბა, ამას რა ჰქვია? - რკინიგზამ 2003 წელს დაახლოებით 250 მლნ ლარი შემოიტანა, 2003 წლის შემდეგ კი ამ თანხას ერთი თეთრიც არ მომატებია, ტვირთი კი 20-25%-ით მეტი გადააქვთ (!). აზრში ჩავარდნილი ბავშვიც ხომ მიხვდება, რომ ან იმაზე დიდი ქურდობაა რკინიგზაში, როცა ბატონი პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე ოლიგარქს ჰქონდა ხელში საქართველო ჩაგდებული, ანდა რკინიგზას ისეთი უვიცები მართავენ, რომ შემოსავლები იკარგება. ან იქნებ ერთიც არის და მეორეც? ფაქტი კი ის არის, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოს რკინიგზაში სამსახურიდან დაითხოვეს ათი ათასზე მეტი კაცი,  უმრავლესობა მაღალი რანგის სპეციალისტია. თქვენ გჯერათ, რომ ამ ათი ათასი კაციდან ყველა კორუმპირებული და ქვეყნის მტერი იყო? ჩვენ არა. ვფიქრობთ, ეს ხალხი მავანმა იმიტომ განდევნა, რომ რაც უნდოდა, ის ეკეთებინა. რკინიგზის ერთი პირისთვის მიყიდვა როგორ შეიძლება, მოიფიქროს ჭკუათამყოფელმა! გვითხრან, რომელი ქვეყანა იქცევა ასე. თვალებს ვის უხვევენ? რკინიგზის "გაყიდვა" 1988 წელს პირველმა შვედეთმა დაიწყო და იცით, რა გააკეთა? რკინიგზის სტრატეგიული ხაზები და მოძრავი შემადგენლობა ერთმანეთს დააშორა და მხოლოდ ის გადასცა სხვას, რაც სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს არ დააზარალებდა. ასევე მოიქცა საფრანგეთიც. ესტონეთში კი რაც მოხდა, ვეჭვობ, ხელისუფლებამ არ იცოდეს, - აქ 2001 წელს რკინიგზის მართვის 66%  ამერიკულ კომპანიას გადასცეს. ამ უკანასკნელმა რკინიგზა სრულიად მოსპო და ესტონეთიც, იძულებული გახდა, თავისი რკინიგზა 250 მლნ დოლარად გამოესყიდა.

აი, ასეა, ბატონებო. მაგრამ პროფესიონალი რკინიგზელები არ გავჩერდებით, როგორც შევძლებთ, ისე ვიბრძოლებთ, რომ საქართველოს რკინიგზა ამ დღეში არ დარჩეს.

საქართველოს რკინიგზელთა ასოციაციის წევრები