რას სჩადიხართ?! - კვირის პალიტრა

რას სჩადიხართ?!

ბატონო "კვირის პალიტრა"! კაცი არ ვიყო, თუ არ მიკვირდეს, რამ შეყარა ამ ჩვენი ცოდვით სავსე ხელისულებაში ამდენი ლუარსაბ თათქარიძესავით მოფიქრალი - მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე დადუღებულაო. ამას წინათ აღმაშენებლის მეთორმეტე კილომეტრზე (ახლა ასე ამერიკულად დაამისამართეს ქვეყანა, გეგონება, ამერიკასავით ტრამალების პატრონი ვიყოთ) მოვხვდი. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, ცადაწვდილი ათეულობით ნაძვის ხე წამოუქცევიათ და შემოღობილში დაუყრიათ. შემოღობავდნენ, აბა, რა იქნებოდა, რაც იქ ტრიალებს, ის რომ გამვლელებს ენახათ, ათასობით მაწყევარი გაუჩნდებოდა ამის მქნელსა და ხელშემწყობს.

ეს რა ღვთის რისხვა ტრიალებს ჩვენს თავზე, რომ რაღაც შენობისთვის, გინდა სახლი იყოს და გინდა ოფისი, მომავალს ვანადგურებთ. და თუ მაინცდამაინც ხელი გაგექცა და გადაჩეხე ეს ათეულწლობით ნაზარდი ბუნება, იმ ხელს კარგს რატომ აღარ აკეთებინებ? ადექი და სადმე, რაც მოჭერი, იმის ნახევარი ხე მაინც დარგე, ოდესმე ხომ გაიზრდება და შენს შვილსა და შვილიშვილს ხომ მაინც აცოცხლებს!

ხალხო, ხმა ამოიღეთ, ჩვენი მომავალი ისპობა და დუმილი როგორ შეგიძლიათ?!

დიმიტრი ღონღაძე

P.S. ბატონი დიმიტრის წერილი ისეა დაწერილი, რომ ჩვენ ვერაფერს დავამატებდით, გარდა იმისა, რომ კაცებივით წაქცეული ნაძვები რომ ვნახეთ, სული შეგვეხუთა. საუბედუროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ხელისუფლებასაც არ მივმართავთ პირველად: - ბატონებო, თუ არც თქვენი ქვეყანა გედარდებათ და არც მისი მომავალი, საკუთარ თავზე მაინც იფიქრეთ, ფილტვები თქვენც გაქვთ. რას სჩადიხართ?!