მაკკეინის ცოლი ქართული ბოლეროთი იწონებს თავს! - კვირის პალიტრა

მაკკეინის ცოლი ქართული ბოლეროთი იწონებს თავს!

პატივცემულო რედაქციავ, მეც ვკითხულობ ამერიკაში თქვენს გაზეთს და თითქოს  საქართველოში ვარ.  მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენთვის ერთი დღეც არ გადის

საქართველოზე ფიქრის გარეშე, სულ სამშობლოს ვახსენებთ და უკან მაინც ვერ ვბრუნდებით. აქ, იცით, რა ნიჭიერი ქართველები არიან წამოსულები? ერთმა თბილისელმა გოგომ, ნინო ქურდაძემ ისე მოაწყო, რომ ახლა ქართველი ქალების ნაქსოვი ტანსაცმელი ამერიკელ მილიონერებს აცვიათ. მსოფლიოში ცნობილი სამოდელო ბრენდები (Calvin Klein, Oscar de la Renta, Donna Karan, Isaac Mizrahi, Derek Lam)  თბილისელ ქალებს აქსოვინებენ, მერე ამერიკაში ჩამოაქვთ და თავიანთ უმდიდრეს მაღაზიებში ყიდიან. აქაური ჩვენი გაზეთი "ერთობა" წერდა, სენატორ ჯონ მაკკეინის ცოლი ქართველი ქალების ნაქსოვი ბოლეროთი გამოცხადდა რესპუბლიკელების ყრილობაზეო. ის კი ძალიან გემოვნებიანი ქალია. ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ ჟურნალ "ვოგში" დაბეჭდილ ფოტოზე მარია შარაპოვას თბილისში მოქსოვილი ტუნიკა ეცვა. მინდოდა, ეს ამბავი ჩემს სამშობლოში სცოდნოდათ და წერილი იმიტომ მოგწერეთ. იმას კი თავად მიხვდებით, ეს ნაქსოვები ამერიკაში რა ეღირება. გული მწყდება, რომ საქართველოს სახელით ამ ყველაფერს არანაირი რეკლამა არ აქვს და ჩვენი ნიჭი ასე უსახელოდ იბნევა.

მარიამ ბოჭორიშვილი

P.S. დიდი მადლობა, მარიამ, რომ ეს წერილი მოგვწერე. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართული ნიჭი სხვა ქვეყნის სამსახურში იხარჯება... იმ ქალბატონებს კი, რომელთა ნახელავისკენ გულმოყირჭებულ მილიონერებს გაექცათ თვალი, ძალიან ვთხოვთ, გამოგვეხმაურონ. გვინდა ისინი საქართველოს გავაცნოთ.