"გმადლობთ, ბატონებო, პარტიის საწევრო რომ დამაზოგვინეთ..." - კვირის პალიტრა

"გმადლობთ, ბატონებო, პარტიის საწევრო რომ დამაზოგვინეთ..."

მინდა თქვენი გაზეთის ახალგაზრდა მკითხველს ერთი ამბავი მოვუთხრო...

გაჭირვებაში გავიზარდე. მამაჩემი 1937 წელს ვორკუტაში გადაასახლეს და მცირეწლოვან ბავშვებს დაგვაწვა ოჯახი. მერე ჯარშიც გამიწვიეს - უკვე გაგანია ომი იყო. 1944-ში ქუთაისში დააყენეს ჩვენი დივიზია. მეთაურს ვთხოვე, - ჩოხატაურში გამიშვი, შინაურებს ვნახავ-მეთქი. გზად საპარიკმახეროში შევიარე - არ მინდოდა შინ საფეთრად მივსულიყავი.  პარიკმახერმა ყვაპუტიამ (ასე ეძახდნენ), ჯერ გაიხარა, მერე მკითხა - მამაშენი რომ იტირეს, მაშინ შინ იყავიო? თურმე ვორკუტიდან მამაჩემის ტანსაცმელი გამოუგზავნიათ - მოკვდაო. ამხელა კაცი ტირილ-ტირილით მივედი შინ. იმ დღიდან ყველაფერი შემჯავრდა სახელმწიფოსი, მაგრამ მერე, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მივხვდი, თუ პარტიაში არ შევიდოდი, ხეირიან  სამსახურს ვერ ვეღირსებოდი და განცხადება დავწერე. სახელს არ ვიტყვი, მის შთამომავლობას რომ არ შერცხვეს, - მაშინდელმა უნივერსიტეტის რექტორმა ბიუროზე გამოაცხადა: - ვერ მივიღებთ. ეგ, ოთარ ლორთქიფანიძე და თენგიზ კეშელავა (შემდგომში ერთი ცნობილი არქეოლოგი, მეორე - ცნობილი ირანისტი) ფუნიკულორზე, რესტორანში ცუდად მოიქცნენო. თურმე ფუნიკულორიდან დაურეკავთ. ჩვენი ცუდად მოქცევა კი ის იყო, რომ სამმა ერთი ბოთლი ღვინო დავლიეთ (მეტის ფული არ გქონდა) პაპიროსი მოგვინდა. მაღაზია დაკეტილი დაგვხვდა. ჩვენ გაღება ჯიუტად მოვითხოვეთ, მათ კი მილიცია გამოიძახეს. მოკლედ, ბატონმა რექტორმა არ მიმიღო. მეორედ რომ შევიტანე განცხადება, ორჯონიკიძის რაიკომის მდივანმა (არც მის სახელს ვიტყვი!), - განცხადებაში რომ გიწერია, მამაჩემი გადასახლებაში მოკვდაო, შენ რა იცი ამ ამბისო. მეც მოვყევი, ხიდისთავში ყვაპუტიამ რა "მომახარა". რაიკომის მდივანმა მომისმინა და "თანაგრძნობა" გამოხატა, - "ხო, მაგრამ მავნებელი მამა მაინც არ უნდა გეტირაო". იმავე წუთში რაღაცამ ჩამჩურჩულა, - არ გაფუჭდე, ბიჭოო. მშვიდად ვუთხარი, - მადლობელი ვარ, ამხანაგო მდივანო, თვალები რომ ამიხილეთ-მეთქი და... წამოვედი. გავიდა ხანი... ერთხელაც ავდივართ ერთი დაწესებულების კიბეზე მე და პროფესორი ალექსანდრე ღლონტი. ზემოდან ჩემი რექტორი არ ჩამოდის! ბატონი ალექსანდრე მიესალმა და მეც მოწიწებით წარმადგინა, - ჩვენი კათედრის პროფესორი გახლავთო. თვალებში შევხედე ჩემს რექტორს, - ნუ შეწუხდებით, ბატონო ალექსანდრე, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. მეტიც, ამ კაცის წინაშე ვალში ვარ - 40 წელიწადი კომუნისტური პარტიის საწევრო დამაზოგვინა-მეთქი. რექტორი დამდუღრულივით დაეშვა კიბეზე. ვინატრე, ნეტა, ის რაიკომის მდივანიც შემხვდებოდეს, მადლობას იმასაც ვეტყოდი-მეთქი. თუმცაღა, ალბათ, იმასაც გამოუჩნდებოდა ვინმე ჩემნაირი და ისიც დამდუღრული დაეშვებოდა კიბეზე... კაცობის კიბეზე კი სულ მაღლა და მაღლა ადიხარ და საკვირველი ის არის, რომ რაც წლები გემატება, მით უფრო მსუბუქად მიუყვები...

პროფესორი ალექსანდრე ფოცხიშვილი