ესეც ახალი ბიზნესი! - კვირის პალიტრა

ესეც ახალი ბიზნესი!

საზოგადოებას აღარც კი ახსოვს, ვინ რამდენი ხანია ჰპირდება დასაქმებას. ზოგმა უცადა, უცადა და...

ტრანსპორტის მოლოდინში გაჩერებაზე ვიხრუკებოდი, რომ ერთ ფრიად საინტერესო მოვლენას შევესწარი.

მოზრდილჩანთიანმა ქალბატონმა ჩამიარა ძახილით, - ცივი წყალი, კარგი წყალი ხომ არ გნებავთო! ამ პაპანაქებაში წყალი ვის არ ნებავს, მე შენ გეტყვი, თბილისში სადმე იპოვი "ფანტანს," რომელშიც წყალი მოდიოდეს, იმდენი საშუალებაც სად მაქვს, ჩამოსხმულ წყაროს წყალში ფული ვიხადო. ამიტომ ქალბატონს უნებურად ზურგი ვაქციე. მაგრამ თურმე კარგად შეხედე! - ამასობაში მეორე ჩემისთანა დასიცხულმა იხმო. ქალბატონმა ჩანთა დადგა, ჩვეულებრივი ერთჯერადი ბოთლი ამოიღო, ერთჯერადი ჭიქა ამოაყოლა და ცივი წყალი ჩაარაკრაკა. მერე ხუთთეთრიანი გამოართვა, ჩაიდო ჯიბეში და ისევ "წყალი, წყალის!" ძახილით გაუყვა გზას. - უკაცრავად, მგონი, ჩვეულებრივი ონკანის წყალი იყიდეთ მაგ ქალბატონისგან-მეთქი, - ვკითხე ჩემს მოსულიერებულ "მეზობელს" და იმანაც, - ეტყობა, პირველად ნახეთ, ქუჩებში სახლებიდან გამოტანილ წყალს რომ ყიდიან... "ფანტანებში" წყალი აღარ მოდის და ხალხმაც უცებ მოიფიქრა "ბიზნესიო".

ასეც რომ არ ყოფილიყო, მტკიცებას ხომ არ დავუწყებდი, ეს ბიზნესი თბილისში საუკუნის წინაც იყო, - მეთულუხჩეები წყლით ვაჭრობდნენ-მეთქი. ან რა აზრი ჰქონდა, - მთავარია, ხალხი დასაქმდა და "სამსახური" გამოჩნდა, რისთვისაც თბილისის მერიას მადლობა ეკუთვნის, - აბა, მათ რომ არ დაეშროთ "ფანტანები", ეს ბიზნესიც ხომ ვერ განვითარდებოდა? მე კი თბილისის ერთ-ერთ გაჩერებაზე თანამედროვე მეთულუხჩე გადავიღე, რომელიც გასაყიდ წყალს ბოთლიდან ჭიქაში ასხამდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს იმასაც და თქვენც!

ნელი გოგავა