60 კილომეტრი თავგანწირვით გამოიარა, რომ შვილი მოეძებნა - კვირის პალიტრა

60 კილომეტრი თავგანწირვით გამოიარა, რომ შვილი მოეძებნა

ადამიანი მუდამ სიახლეს ეძებს. ჩვენც ვცდილობთ ბევრი სიახლე მივაწოდოთ მკითხველს. თუმცა არის თემები, რომელიც ზუსტად იმ დღეს გაჩნდა, როცა სულიერი და გონიერი არსებები მოევლინნენ დედამიწას; მაგრამ მაინც მუდამ ახალია და სულს აფორიაქებს. ასეთი დედაშვილობის თემაა. ამ წერილის წაკითხვისას, დარწმუნებული ვართ, სული თქვენც შეგეძვრებათ.

ეს ამბავი ათეული წლების წინ მოხდა, მაშინ როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში...

წლების წინ მთიან მარტვილის რაიონში მომხდარმა 6-ბალიანმა მიწისძვრამ მიმდებარე რაიონებიც საფრთხეში ჩააგდო - ეპიცენტრი მარტვილის რაიონის სოფლებში, ბარდასა და ინჩხურში იყო. იქაური მოსახლეობის თავშესაფარი ძირითადად ჩვენი რაიონი - ჩხოროწყუ გახდა. ყველა ოჯახის კარი გაიღო მშობლიური კერიდან აყრილი ადამიანების მისაღებად.

ერთ მშვენიერ დღეს ქებურიების ოჯახს ჩარდახიანი ურემი მოადგა ექვსსულიანი ოჯახით. ურმის ძარაზე ბეღურებივით ისხდნენ პატარები, რომლებიც კალათას ჩასჭიდებოდნენ. მასში პატარა ბოჩოლა ჩაესვათ, რომელიც გამუდმებით ბღაოდა. ბოჩოლა მხოლოდ ორი თვისა იყო. დილით საძოვარზე გაშვებული ძროხა უკან აღარ მობრუნებულა, მიწისძვრით აფორიაქებულ ოჯახს მისი ძებნის თავი აღარ ჰქონია, მაგრამ ბოჩოლა  დასატოვებლად ვერ გაუმეტებიათ. ბავშვური ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდით ყველაფერს. უღელზე შებმული მოვლილი ხარები წვეტიანი რქებით და ფშვინვით იწევდნენ უცნობი ადამიანებისაკენ, მაგრამ პატრონების გაფრთხილება, - "ქოოორე ხოჯი სიიი..." საკმარისი იყო, მაშინვე მშვიდდებოდნენ. ეს პატარა ხბო კი მაშინვე გახდა ჩვენი საზრუნავი, - მთელი ქუჩა ჩამოვატარეთ, მაგრამ არც ერთმა ძროხამ არ გაიკარა. რაღა გვექნა და პატარას რძიან საწოვარას ძალად ვტენიდით პირში. მერე  შეეჩვია და ხარბად ქაჩავდა. მალე ეზოში კუნტრუში დაიწყო, თუმცა დროდადრო ჭიშკართან შეჩერდებოდა და იმ გზას გაჰყურებდა, რომლიდანაც ჩამოიყვანეს.

და... სუსხიანი ზამთრის ერთ დილას ქებურიების ოჯახი სტუმარმასპინძლიანად ლოგინიდან ძროხის ბღავილმა წამოყარა, რომელიც რქებით და ფეხებით ჭიშკრის განგრევას ლამობდა. გომურში დამწყვდეული ბოჩოლა კი აქეთ-იქით აწყდებოდა... პირუტყვს ეტყობოდა დიდი განსაცდელისთვის დაეღწია თავი. კოჭლობდა და ზურგი გადატყავებული ჰქონდა. ჯიქანი რუმბივით გასივებოდა და მძიმე ტვირთივით ეკიდა ქანცგალეულ სხეულზე. მახსოვს, ჯიქანი რომ დაეცალათ, მამაკაცებმა რაც ახლომახლო ხბო ეგულებოდათ, ყველა იმას მიუსიეს. მერე დედა-შვილმა ერთმანეთის ალერსით ძლივს იჯერეს გული. როცა დამშვიდდნენ, მიწაზე დაეყარნენ, ერთმანეთს ჩაკრულებმა ღრმა ძილს მისცეს თავი.

ამ ამბავზე ჩვენს მხარეში დიდხანს მსჯელობდნენ. რა ძალა იყო ის, რამაც პირუტყვს შეაძლებინა 60 კილომეტრი თავგანწირვით გამოევლო, რომ შვილი მოეძებნა. ახლა კი ვხვდები, ეს იყო ის უძლეველი ძალა, რასაც დედაშვილობა ჰქვია!

ზაირა გულუა

ჩხოროწყუს რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შტატგარეშე თანამშრომელი