გამანადგურებელი ნემატოდა - კვირის პალიტრა

გამანადგურებელი ნემატოდა

ხელისუფლება სასიცოცხლო პრობლემების გადასაწყვეტად გროშებს ვერ იმეტებს და გასართობ ღონისძიებებზე მილიონებს ხარჯავს(!). ასეთ პრობლემად მიგვაჩნია ქართველი დოქტორ-ნემატოლოგების მიერ წარმოჩენილი საკითხიც.

"ჩვენი საქმე ისე წავიდა, საქართველოში ნემატოლოგიაზე, ჩვენ გარდა, უკვე არავინ მუშაობს. უცხოეთში კი ეს დარგი სულ უფრო ვითარდება, რადგან ნემატოდები, დედამიწის ეს ძლიერი პარაზიტები, არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ მცენარეებსა და ცხოველებს ისეთ ზიანს აყენებენ, ნებისმიერი ჭკუათამყოფელი რაიმეს იღონებდა. ამ პარაზიტების 50% ზღვებსა და ოკეანეებში ბინადრობენ (ვეშაპის ჭია-ნემატოდა 15 სანტიმეტრსაც აღწევს), 25% - მტკნარ წყლებსა და ნიადაგში, 10% - მცენარეებში. ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც სიცოცხლეა (ყინულებშიც კი). ვვარაუდობთ, რომ გამანადგურებელი სახეობის ნემატოდამ ჩვენთან ციტრუსების ნერგებით შემოაღწია, და არა მხოლოდ ციტრუსებს, სხვა საკვებ მცენარეებსაც გაანადგურებს. ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ მცენარეთა ნემატოდას მონიტორინგისთვის თანხა გამოყოს.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები: ირაკლი ელიავა, ეკა ცქიტიშვილი, თამაზ ცქიტიშვილი, ნანა ბაღათურია, ლალი ჟღენტი, მედეა გოგოლაშვილი".

ნემატოლოგთაგან რედაქციაში პროფესორი ირაკლი ელიავა მობრძანდა.

- გვწერთ, რომ ჩვენს ისედაც მწირ მოსავალს განადგურების საფრთხე ემუქრება...

- დიახ. პარაზიტს, რომლის შესახებაც მოგწერეთ, კაცობრიობა კარგად იცნობს. ის ანადგურებს მსოფლიო ციტრუსების მოსავლის 25%-ს და რომ არა პროფილაქტიკური ღონისძიებები, ზარალი ყოველწლიურად 70% მაინც იქნება. მით უფრო, რომ მცენარეთა ნემატოდას საკვირველი ადაპტაციის უნარი აქვს: ნემატოდამ ისე გაანადგურა კალიფორნიის სან-ხუაკინის დაბლობების ციტრუსები, რომ პლანტაციები აჩეხეს და ვაზი დარგეს. 2-3 წელიწადში ვაზსაც შეესია.

ჩაქვში ესპანეთიდან ჩამოტანილი ციტრუსების ნერგები დაირგო. ისინი არავის გამოუკვლევია. საიდან გამოიკვლევდნენ, როცა ჩვენ, ანუ 7 კაცის გარდა, ნემატოლოგი აღარავინ არის, ჩვენთვის კი არაფერი შეუტყობინებიათ.

არათუ ხეხილის, ყვავილების ნემატოდებიც კი არსებობს. მაგრამ არსებობს ჩვეულებრივი სახეობები და გამანადგურებელიც, რომლებიც ხეებს ბოლოს უღებს.

არც კარტოფილის საქმე გვაქვს კარგად. ნემატოდა კარგა ხანია, მოსავლის დიდ ნაწილს აზიანებს. ამ პარაზიტით დაზიანებული პროდუქტები შემოაქვთ საზღვარგარეთიდანაც, მაგრამ მიმხედავი არავინ არის. ეს მაშინ, როცა მსოფლიო ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს ამ პარაზიტის საწინააღმდეგოდ. რამდენჯერ მივმართეთ შესაბამის სამსახურებს, რომ საქართველოს საზღვრებზე მაინც ჩატარებულიყო ექსპერტიზა, მაგრამ ამაოდ.

იმისთვის, რომ ამ საშინელებისგან ქვეყანა ვიხსნათ, 60 ათას ლარს ვითხოვთ. ამაში ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებაც იგულისხმება, თორემ ეს დარგი საქართველოში მოკვდება. სახელმწიფო სტრუქტურებში ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ჩვენი განაცხადი გააცნობიერა, ანტიკრიზისული სამსახურის თანამშრომელი იყო. მაგრამ დაბალი თანამდებობის პირები ჩვენთან გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ...