"ასე ვინ მოექცევა საკუთარ ქვეყანას?!" - კვირის პალიტრა

"ასე ვინ მოექცევა საკუთარ ქვეყანას?!"

"მარგანეცის მომპოვებლები უკვე ხალხის საკარმიდამო ნაკვეთებსაც მიადგნენ"

ფასდაუდებელ სიმდიდრეს თვალისჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ. ჩვენ კი, თითქმის ყველაფერი, რაც ბუნებამ მოგვცა, გაყიდვა-გასხვისების, კაპიტალის დაბანდების წყაროდ ვაქციეთ. სათავისოდ აღარაფრის დატოვებას არ ვაპირებთ.

იმ დროს, როცა ქვეყანაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს არც მძიმე და არც მსუბუქი მრეწველობა, მეზობელ ქვეყნებს (და არა მარტო) ჩვენს ბუნებრივ რესურსებზე მადა აქვთ გახსნილი. მათი ინტერესის სფეროშია მოქცეული - ტყეები, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, მანგანუმი, სპილენძი, ოქრო, მინერალური წყლები... ისინი ჩვენს რესურსებს იმდენად დაჩქარებულად, მტაცებლურად მოიპოვებენ, რომ არა მხოლოდ მადანს, გარემოსაც შავ დღეს აყრიან.

ამის ნათელი მაგალითია ჭიათურის მარგანეცი, რომლის მფლობელი უკრაინული ფირმა შპს "ჯორჯიან მაგნეზი" გახდა (ფლობს ზესტაფონის ფეროს და ვარციხეჰესსაც). სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ის ზარალი, რაც ამ ფირმის მიერ მარგანეცის ღია წესით მოპოვებას მოსდევს, ისედაც მცირემიწიან ჭიათურას მძიმედ აწვება. მარგანეცის ღია წესით მოპოვებისას სასოფლო მიწები პარტახდება. არადა, წიაღისეულის მომპოვებელი ვალდებულია, წინასწარ გააკეთოს პროექტი გამოყენებული კარიერის აღდგენის, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის და აღდგენის შესახებ და აღდგენილი მიწა პირვანდელ მფლობელს დაუბრუნოს. კომუნისტებმა ასე აღადგინეს სოფელ დარკვეთის კარიერი, სადაც ახლა უკვე ვენახები, ხილი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებია გაშენებული. მათ გლეხობას 500 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაუბრუნეს. დღევანდელმა მფლობელებმა კი უკვე დაახლოებით 100 ჰა მიწა გააპარტახეს, მაშინ, როცა ისედაც მცირემიწიან გლეხობას სამოსახლოები აღარ დარჩა. ამას ემატება ეროზია. მოსახლეობას აღარც სახნავ-სათესები, საძოვრები და სათიბები აქვს. მარგანეცის მომპოვებლები ხალხის საკარმიდამო ნაკვეთებსაც მიადგნენ. ტრაილერები გზებზე მარგანეცის წიდას ყრიან, რომლის მტვრით მოსახლეობა იწამლება. ამასთანავე, მარგანეცით დაბინძურებული წყალი ჩაედინება მდინარე ყვირილაში. ალბათ ამის შედეგია ამ კუთხეში სიმსივნურმა დაავადებებმა რომ იმატა.

ახლა ის უნდა ვიკითხოთ, ასე მოექცეოდა შპს "ჯორჯიან მანგანეზი" თავისი ქვეყნის მოსახლეობას?! რასაკვირველია, არა, მაგრამ ამას ვერც ჩვენ გაგვიბედავდნენ, ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს სასათბურე პირობებს რომ არ უქმნიდეს. მაგრამ რა უნდა ელაპარაკო ისეთ სამინისტროს, რომელმაც ბოლო ხანს გარემოს დაცვის კანონში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც ჭიათურის, ზესტაფონის, მარნეულის, კასპის, რუსთავისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა მალე ეკოლოგიურ კატასტროფასა და ეკოლოგიურ მიგრაციას უქადის.

ოთარ ტყემალაძე,

ექსპერტი