"რა სიხარულია ოთხი ქართველი ერთად რომ გაჩნდება" - კვირის პალიტრა

"რა სიხარულია ოთხი ქართველი ერთად რომ გაჩნდება"

"მსოფლიოს ოთხტყუპიანთა სიაში 1001-ე ვიყავით"

რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ, ისიც ხომ სინამდვილეა, რომ ჩვენი ქვეყანა დალხენილი არასოდეს ყოფილა. გვაძლებინებდა სულიერი სიმამაცე და ღვთის წყალობა.

ჩემო "პალიტრა", ისე მიყვარხართ,  ყველაფერი მახსოვს, რაზეც დაგიწერიათ. მათ შორის ბევრი ისეთი ამბავი იყო, რაც მახარებდა და მომავლის იმედს მაძლევდა. არასოდეს დამავიწყდება წერილი ოთხ ტყუპ გურგენიძეზე, - რა სიხარული და ღვთის წყალობაა ოთხი ქართველი ერთად რომ გაჩნდება! ჩემი ემოცია იმანაც გაამძაფრა, რომ თავად აღმოვჩნდი ამ ბავშვების მეზობელი დიდ დიღომში. როცა დედამ პატარები ტყუპის ეტლით პირველად გამოიყვანა სასეირნოდ და დავხედე, დაშორება აღარ მინდოდა. ღვთის ეს ოთხი საჩუქარი ახლაც ჩვენ თვალწინ იზრდება და გვახარებს, - მარტო მე კი არა, მთელ უბანს. ამიტომ იქნებ ნახოთ, როგორები გაიზარდნენ და კიდევ ერთხელ დაწერეთ მათზე - ამაზე სასიამოვნოს ჩვენს რთულ დროში ბევრს ვერაფერს წავიკითხავთ.

ნინო შათირიშვილი

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ბევრი არ მიფიქრია და ხუთი წლის წინანდელი "კვირის პალიტრა" გადავშალე, ტყუპის ფოტოებს დავხედე და მათ დედას, ეკა კუხალიშვილს დავუკავშირდი.

- როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ?

-ჩემი შვილები ახლა უკვე წამოიზარდნენ. მათ გამო ისე აღარ ვშფოთავ. როცა გავიგე, ოთხი ტყუპი უნდა შემძენოდა, იმდენად განვიცადე, ექიმებს ეჭვი შეეპარათ, რომ ორსულობის ბოლომდე მივაღწევდი. მაშინ ისე გვიჭირდა, რომ ერთადერთი, რაც გაგვაჩნდა, ერთოთახიანი ბინა გავყიდეთ. თანაც ორი შვილი, ირაკლი და საბა, უკვე მყავდა. რაც ნიკო, თამარი, ნინო და ბარბარე ქვეყანას მოევლინენ, ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ მათ დაბადებას ღვთის წყალობა მოჰყვა და ცხოვრების აღარ მეშინია. ექვსი წლის წინ მსოფლიოს ოთხტყუპიანთა სიაში ჩვენ 1001-ე ვიყავით...

- ტყუპის გაჩენის შემდეგ ჩემი მეუღლე ისევ დადგა ფეხზე და ცხრასულიან ოჯახს გვინახავს. ბევრი რამ კი გვაკლია, მაგრამ წუწუნის უფლება არ მაქვს, როცა ქვეყანაში ამდენი მშიერი ბავშვია. ერთადერთი იმას ვნატრობ, რომელიმე ბანკმა კრედიტი მოგვცეს, რომ საცხოვრებელი ფართობი შევიძინოთ და ფული იმაში ვიხადოთ. ჯერჯერობით, ამას ვერ მივაღწიეთ.

- ვინც მრავალშვილიანი არ არის, ყველას უკვირს, ნეტავი ბევრ შვილს როგორ ზრდიანო?

- იოლი არ არის. დარდად ისიც კმარა, ერთი რომ ავად გახდება, დანარჩენებიც ავად ხდებიან და ექიმისა და წამლისთვის ფული არა გვაქვს, - ჩვენ ხომ არანაირ შეღავათს არ ვიღებთ სახელმწიფოსგან. დილის 7 საათზე ვდგები და ღამის 1-2 საათამდე დაწოლას ვერ ვახერხებ. რომ იცოდეთ, სიჩუმე როგორ მენატრება, ყველა რომ იძინებს, ცოტა ხანს არ ვიძინებ, სახლში გამეფებული სიმშვიდით ვტკბები. მაგრამ რომ გათენდება და ჩემი შვილების ჟრიამულს გავიგონებ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, სიცოცხლე მართლაც ღირს...

P.S. 4 ივლისს საქართველოში კიდევ 4 ტყუპი დაიბადა: დემეტრე, ბარბარე, ანდრია და მაია კოღუაშვილები. ეს უჩვეულო მოვლენა ტყუპების დედას, ნონა ვარშანიძეს, დიდად არ უკვირს, - თავადაც ტყუპისცალი ვარო, - ამბობს. პატარებს შინ ათი წლის  დაიკო  ელოდებათ.