"ვინა თქვა თუშთა დალევა"... - კვირის პალიტრა

"ვინა თქვა თუშთა დალევა"...

30 წელზე მეტია, ზემო ომალოში თუშეთობა იმართება. ეს დღე ჩვენს ცნობიერებაში ნამდვილ ზეიმად იქცა. წელსაც განსაკუთრებულად მოემზადა ახმეტა ამ დღისთვის,  და წვიმის მიუხედავად, მშვენიერი დღესასწაული გამოგვივიდა. დღესასწაული კი ყოველთვის ინახავს წარსულს და... მომავალსაც!

ამ ერთ დღეს იქ, ომალოში, ახმეტელებმა და სტუმრებმაც ყველაფერი მოასწრეს: ჯომარდობა, დოღი, მშვილდოსნობა. ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენაც და ტურისტების გაკვირვებაც ჩვენი სულიერი სილაღით და სილამაზით. ომალოდან ისევ გამომყვა ის სულის შემძვრელი შეგრძნება, რომ თუში ძველებურად იმედიანია (ძალიან ეიმედებათ დართლოს აღორძინების პროგრამა) და ისევ ფიქრობენ იმაზე, რომ ის, რაც ჩვენს წინაპარს საგულდაგულოდ, რუდუნებით, წვითა და დაგვით დღევანდლამდე მოუტანია, არ გაფერმკრთალდეს.

დღესასწაულიდან დაბრუნებულს  ხალხური ლექსი ამეკვიატა: "ვინა თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია".  და იმავე წუთს, ჩვენებური პოეტის, მევლუდ მაისურაძის ლექსი გამახსენდა თუშეთზე. ეს ლექსი მე ძალიან მომწონს, იმედია, თქვენც მოგეწონებათ.

"იქ, სადაც გაზაფხული ივნისში იწყება,/იქ, სადაც საჯიხვეებს თოვლი არ სცილდება,/იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება,/იქ, სადაც თუში კაცის წარსული იწყება,/იქ, სადაც იქსოვება ფერადი წინდები,/იქ, სადაც უნგრეველი კოშკები შენდება,/იქ, სადაც გიყვარდება ყოველთვის ვიღაცა,/იქ, სადაც ყველა დილა არყისფრად თენდება,/წაშლილან ჯანღები, ცოდვიან ხევიდან,/აღმოჩნდა ლამაზად იალაღ-ტრიალი,/მივდივარ, მივყვები ამ ღამით სამოთხეს,/ფიქრი არ მშორდება მე შენზე ტიალი".

ბელა ბიტარიშვილი