"მათ ხსოვნას ჩემი ბაღი შეინახავს..." - კვირის პალიტრა

"მათ ხსოვნას ჩემი ბაღი შეინახავს..."

ჩვენს ისტორიაში ღირსეულ წინაპართა სახელი ბევრია, მაგრამ ის უსახელო გმირები რომ არა, ვინც უჩუმრად, ზვარაკივით ეწირებოდნენ საქართველოს, რა იქნებოდა ჩვენი ისტორია...

მგონი, სწორად ვიქცევი, რომ გწერთ - ყოველ შემთხვევაში, რაც გურგენ ბაბუას ბაღში ვიყავი, მარტო ის მიტრიალებს თავში, ეს ამბავი ყველასთვის როგორ მომეყოლა. ამ ბაღში ბაბუაჩემმა მიმიყვანა - თავად იქ ყოველ წელიწადს დადის, ხან ცხრა აპრილს, ხან გურგენ ბაბუას გარდაცვლილი შვილების დაბადების დღეს. გურგენ ბაბუას ცხრა აპრილის სახსოვრად გაშენებულ ბაღში თავისი ორი შვილისა და ცხრა აპრილს დაღუპულთა სურათებიანი სტენდი აქვს. ბაბუაჩემს ვკითხე, - მისი შვილებიც ცხრა აპრილს დაიღუპნენ-მეთქი? იმ დღეს არა, მაგრამ ძალიან მალე ცხრა აპრილის შემდეგო... ამ კაცს ისეთი ვაჟკაცი და ნიჭიერი შვილები ჰყავდა, საცოდაობაა შთამომავალი რომ არ დარჩაო. იმ დღეს გურგენ ბაბუას სტენდთან სურათი გადავუღე და გიგზავნით. იქნებ მიხვიდეთ მასთან, ძალიან გაუხარდება.

ლაშა კიღურაძე

წერილის წაკითხვის შემდეგ ნუცუბიძის ფერდობის მესამე მიკრორაიონში წავედი. გურგენ ლაშხს კორპუსებში მოქცეულ ბაღში მივაგენი. მოხუცმა ხეივანი გამატარა და ცხრა აპრილის სტენდთან მიმიყვანა, თვალზე მომდგარი ცრემლი კი უჩუმრად მოიწმინდა, - აი, ჩემი ვაჟკაცები აქ არიანო. მათ შესახებ მიამბეთ-მეთქი, უნდა მეთქვა და თავად დაიწყო...

- საცხოვრებლად აქ რომ გადმოვედი, ამ ადგილზე კლდე იყო, ამოვიჩემე, ბაღი უნდა გავაშენო-მეთქი. მინდოდა აქ ჩემს ბიჭებს დაერგოთ ნერგები. კარგი შვილები მყავდა. როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, შინ ვერც ერთს ვეღარ ვხედავდი. ირაკლი ხელფასს საქველმოქმედო ყუთებში ყრიდა (ასეთი ბლომად იდგა მაშინ). შვილო, ცოტა შენს თავს მოახმარე-მეთქი, ის კი სულ ერთსა და იმავეს მპასუხობდა - მამა, რამდენი საქმეა ქვეყანაში გასაკეთებელი, რა დროს საკუთარ თავზე ფიქრიაო! მერე ცხრა აპრილიც დადგა. შინ რომ აღარ მოვიდა, ძებნა დავუწყეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. შინ შეშლილივით დაბრუნდა, თითქოს ერთ ღამეში დაბერებულიყო - სხვა კაცი იყო. რამდენიმე დღე ხმას არ გვცემდა, მერე როგორც იქნა, ამოთქვა - რუსებმა ჩემ თვალწინ თვალი გამოსთხარეს კაცს, ორსული გოგოც ჩემ თვალწინ ჩაჩეხეს. ვბღაოდი, - ვერ ხედავთ, ორსულია-მეთქი, თითქოს არაფერი ესმოდათ, მერე კი მე მომდგნენო. ჩემი შვილი იმ ღამეს გაზით მოიწამლა. მკურნალობდნენ, მაგრამ... რომ ვუყურებდი, ფიზიკურზე მეტად სულიერი ტკივილი სტანჯავდა... ღამე არ ეძინა, თუ წათვლემდა, ყვირილით წამოვარდებოდა - არ მოკლათ, არ მოკლათო! ერთ დღეს გვითხრა, - რუსებს რომ შემოაკვდათ, ის ორსული გოგო დამესიზმრა, გამიღიმა და მითხრა - ნუ გეშინია, ჩემთან მალე მოხვალო. მაშინ მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ მერე მართლა უბედურება დატრიალდა ჩვენს სახლში...

ნათესავი სტუდენტი გოგონა ირინა ცხოვრობდა ჩვენთან, უბედურ ჩემს ცოლს გასროლის ხმა რომ გაუგონია, ირაკლისთან შევარდნილა ოთახში და სისხლით მოსვრილი შვილი რომ უნახავს, ირინასთვის დაუძახია - მიშველე, მეზობლებს დაუძახეო. გოგონას შემოსასვლელი კარი ვერ გაუღია და ფანჯარას მივარდნია. იქ კი არავინ იცის, რა მოხდა, - ბავშვი მეცამეტე სართულიდან გადავარდა...

ამ ორ უბედურებას მესამეც მიჰყვა, - ჩემი დათო. აიჩემა, ეროვნულ ჯარში უნდა ვიმსახუროო და მათემატიკოსმა კაცმა სამხედრო ფორმა ჩაიცვა. ოფიცერი იყო. არსენალიდან რომ რუსის ჯარი გავიდა, იარაღის საწყობი ჩააბარეს. კი გააფრთხილეს, - მანდ შეიძლება ქიმიური დასხივების რისკი იყოსო, ჩემმა შვილმა კი: - მერე რა, ვიღაცამ ასეთი საქმეც ხომ უნდა აკეთოსო... რამდენიმე თვეში ლეიკემიით დაავადდა. უცხოეთში შეიძლებოდა გადარჩენა, მაგრამ როგორ? საავადმყოფოში ყოფნის ფულსაც მეგობრები უხდიდნენ... მერე ჩემი ცოლიც წავიდა შვილებთან და მარტო მე და ჩემი ბაღი დავრჩით.

ჩემმა ბიჭებმა იცოდნენ, რა რისკზეც მიდიოდნენ, მაგრამ სჯეროდათ, ქვეყანას ასე სჭირდებაო და თავიც გაწირეს... ასე მოიქცა ყველა ცხრა აპრილს დაღუპული. მე თითოეული მათგანით ვამაყობ, ჩემს შვილებთან ერთად მათაც ჭიქას ვუქცევ და სანთლებს ვუნთებ. ასე იქნება, სანამ ვიცოცხლებ, მერე კი, მათ ხსოვნას ჩემი ბაღი შეინახავს...