"საზღვრის იქით თურქეთი დავტოვე, საზღვრის აქეთ კი საქართველო ვერ ვიპოვე" - კვირის პალიტრა

"საზღვრის იქით თურქეთი დავტოვე, საზღვრის აქეთ კი საქართველო ვერ ვიპოვე"

სარფიდან ქალბატონის წერილი მივიღეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებულა, საზღვარი კი გადმოუკვეთავს, მაგრამ საქართველოში შემოსულს სამშობლო ვეღარ უცნია...

"ჩემი საყვარელი გაზეთი ხართ - დღევანდელობის ბევრ სულიერ დეფიციტს მივსებთ და ამისთვის გმადლობთ. ამ წერილსაც იმიტომ გწერთ, რომ  ვიცი, მიმიხვდებით, გული რატომ მტკივა.

ამას წინათ ტრაპიზონში გახლდით და სარფის საბაჟოზე ორი რამ მომხვდა თვალში, - თურქულ მხარეს თურქული დროშების ფრიალი და მინარეთი, ქართულ მხარეს კი სიცარიელე (სახელმწიფო ატრიბუტიკას ვგულისხმობ)... საქართველოს დროშა რომ ვერსად შევნიშნე, გარემოს იმ იმედით დავუწყე თვალიერება, იქნებ სადმე მცირე ზომის ქართული დროშა მაინც დავინახო-მეთქი, მაგრამ ამაოდ... ჩვენი ეროვნული დროშა არც ახლომახლო ჩამწკრივებულ კაფეებისა და მაღაზიების დახლზე  ჩანდა და რაც მთავარია, არც სარფის მუნიციპალიტეტის შენობაზე. გავოგნდი, აქ მაინც არ უნდა ყოფილიყო ქართული სახელმწიფო ატრიბუტიკა?! გულმა არ მომითმინა და ოპერატორს ვუთხარი, საბაჟოს უფროსს დაუძახეთ-მეთქი. მოვიდა ასე, 25 წლის ბიჭი, თან ოციოდე წლის გოგონაც ახლდა. რა ხდებაო? თავად მითხარით, რა ხდება,  მეორე მხარეს თურქეთია, მაგრამ აქეთაც თურქეთია-მეთქი?! როგორ გეკადრებათ, ქალბატონოო! მაშინ ქართული დროშა სად არის-მეთქი! მართალი ბრძანდებით, რაღაც თავი ვერ მოვაბით მაგ საკითხს და აუცილებლად ერთ თვეში მოვაგვარებთო. რა უნდა მექნა, მართალია, ვერ გავიგე, ერთი თვე რაში სჭირდება დროშის აღმართვას, მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც ხომ ვთქვი და გზას თითქოს გულმოოხებული დავადექი...

შეიძლება სარფში ოდესმე ეკიდა ქართული დროშა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც სარფის საბაჟო ჩემთან ერთად ისე გამოიარა, საქართველოში იყვნენ თუ ისევ თურქეთში, აზრზეც ვერ მოვიდნენ!

პატივისცემით,

ნინა ბირკაია"