"ახლა მეც თქვენი მთხოვნელი გავხდი" - კვირის პალიტრა

"ახლა მეც თქვენი მთხოვნელი გავხდი"

ალბათ ბევრი იცნობს ასეთ გამხდარ, შავოსან, ხელებდაკოჟრილ, შრომაში გალეულ ბებოს. უჭირთ დღეს - პენსია წამლის ფულადაც არ ჰყოფნით. თანაც, განა ადამიანს წამლის მეტი არაფერი უნდა? ვისაც შვილები ჰყავს, კიდევ რა უჭირს, პატრონობენ. მარიამ ბებო რედაქციაში მოვიდა, ძველი რვეულის ფურცელზე დაწერილი წერილი ხელის ცახცახით გადმომცა და იქვე ფანჯარასთან ჩამოჯდა. პატარა წერილის წაკითხვას რა უნდოდა, წავიკითხე და სიბრალულით ავივსე. ხომ გაგიგონიათ, რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულიაო. იქნებ ჩვენც სიბერეში დაგვიბრუნდეს ის, რასაცა გავცემთ, როცა სხვას სიბერეს შევუმსუბუქებთ.

ცხოვრებამ ჩემი საქმე ისე წაიყვანა, აღარაფერი მიხარია. ორი საღ-სალამათი ვაჟკაცი ერთ წელიწადში უცაბედად დამეხოცა, მაგრამ ღმერთს ასე ვყავართ გაჩენილები, სულ რომ არავინ დაგრჩეს ამქვეყანად, თავს მაინც ვერ იკლავ... ჩემს სიცოცხლეს მაინც აქვს აზრი, - ჩემი ორი შვილის სახელზე ერთი ნერგი დამრჩა - 10 წლის მირიანი და მას რომ ვუყურებ, ღმერთს ვეხვეწები, - უფალო, იმდენი ხანს მაცოცხლე, რომ ეს ბიჭი გავზარდო-მეთქი. კარგი რძალი მყავს, თბილი, მოსიყვარულე, რაც შეუძლია შრომობს, მაგრამ ისიც ვერაფერს გახდა ამ ცხოვრებასთან, - ბავშვს ზოგჯერ ისეთი რამ მოენატრება, ღამე ჩუმად ვტირი, მაგრამ ბიჭს ცრემლებს მაინც არ ვაჩვენებ, - კაცი მინდა დადგეს და თავისი შრომით მოიპოვოს ყველაფერი. მაგრამ ჯერ ხომ უნდა გავზარდოთ! საჭმელს კი არ ვითხოვ, ღმერთმა დამიფაროს. ოღონდ ახლა 35 წლის წინ ნაყიდი მაცივარი გაგვიფუჭდა და აღარ ვიცით, რა ვქნათ, - რასაც წვალებით საჭმელს ვყიდულობთ, რამდენიმე საათში გვიფუჭდება. შვილებო, კვირის პალიტრელებო, თქვენს გაზეთში რომ წავიკითხავდი, ხალხს როგორ ეხმარებით, გულში ვიტყოდი, - ვიღაცას ჩემზე მეტად უჭირს, ჩვენ ავად თუ კარგად რაღაცას მაინც ვახერხებთ-მეთქი... მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვაკეთებთ. ჩვენი შემოსავლით ვერასოდეს გავწვდებით მაცივარს. ახლა მეც თქვენი მთხოვნელი გავხდი - ძვირფასი არაფერი მინდა, ხომ არიან ისეთები, ვინც ახალი მაცივარი შეიძინა და ძველი აღარ სჭირდება. ნუ გადააგდებს, ჩვენ ის ძველიც გამოგვადგება. თუ გაიმეტებს და გვაჩუქებს, ჩვენზე დიდი მლოცველი არ ეყოლება...

მარიამი