"ბიბლიაში ისეთი ადგილებია, უნებურად საქართველოსთან მიგიყვანს" - კვირის პალიტრა

"ბიბლიაში ისეთი ადგილებია, უნებურად საქართველოსთან მიგიყვანს"

ქართულ ენაში არის საყოველთაოდ დამკვიდრებული გამოთქმა "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი". მავანს ეს გამოთქმა არ მოსწონს, - უსაქმური კაცის თავის გასამართლებლად არის მოგონილიო. ვეთანხმები, თუმცა ერთიც არის, - ენა ერის ცნობიერების მატიანეა და იქ არაფერია ტყუილად წამოსროლილი, - ისე გამოდის, რომ ჩვენში არა ერთი და ორი კაცი, არამედ ერი ვართ "ნიჭიერი და ზარმაცი". ჩვენს ნიჭიერებას მაგალითები არ სჭირდება, სიზარმაცე კი საკუთარი თავის პატრონობაშიც გვეტყობა - ხალხს ისტორია არ აქვს და იგონებს, ტყუილების ტომებს ქმნის, თარგმნის და კაცობრიობას ახვევს თავს - აი, ასეთები ვართო. ჩვენ გვაქვს და მისი თარგმნა და გახმიანება კი არა, ამაზე ლაპარაკიც გვეზარება უცხოსთან. ამიტომ, როცა დავით მჭედლიშვილის წერილი წავიკითხე, არც კი მიფიქრია, ისე დავუკავშირდი.

კახელი კაცი ვარ, მთელი ცხოვრება ვაზის გვერდით გავატარე. მარტო ღვინოს კი არ ვწურავდი, ვაზის ისტორიაც შევისწავლე, ამიტომაც ღვინო რომ მომეკიდება, ცოტა არ იყოს, ცრემლი მომდის ამ დალოცვილის დღეგრძელობისას, - ქართველებს ხომ ძალიან დიდი განძი გვაქვს. ისიც ხო ვიცოდი, რვა ათასი წლის წინანდელი ყურძნის წიპწები რომ არის ნაპოვნი. ყვარელში ერთი ჩვენებური ისტორიკოსი გვყავს - ელზა ასაბაშვილი, იმან მიამბო საქართველოსა და ვაზზე ბიბლიაშიც არის დაწერილი, ამ საკითხს მრავალი წელი ვსწავლობდი და წიგნადაც გამოვეცი, კიდეც ვათარგმნინე, რომ უცხოელებმაც იცოდნენ ეს ამბავიო. ძალიან გამიხარდა - კარგი ქალობა ეგ არის, უცხოელსაც რო გააგებინებ, რო არც ჩვენზე დიდი ისტორია აქვთ და არც არაფრით გვჯობიან, თორემ მარტო ჩვენ სუფრაზე ვიძახოთ სადღეგრძელოები, ესა ვართ და ისა ვართო, რა გამოვა?! ჩვენი ზოგიერთი მეზობელი ისედაც ხომ გაიძახის, საქართველოსი არაფერია, ყველაფერი ჩვენიაო და მსოფლიოსაც ამას ეუბნება.

სიყვარულით, დავით მჭედლიშვილი

ეს ამბავი საინტერესოდ გვეჩვენა და ქალბატონ ელზას დავუკავშირდით.

- მე არ ვარ პირველი, ვინც ამ თემაზე წერს. საქართველოს ისტორიამ ვაზი "სიცოცხლის ხედ" საუკუნეების წინ აქცია, - როცა ჩვენს გასაქრისტიანებლად წმინდა ნინო შემობრძანდა, მას ხელში თმით შეკრული ვაზის ჯვარი ეჭირა, დემეტრე მეფემ დედა ღვთისმშობელს "შენ ხარ ვენახით" შეასხა ხოტბა; არქიტექტურულ ძეგლებზე და ქართულ ლეგენდებშიც ხომ ვაზის მტევნებია ჩაწნული. შირაქში ერთი ლეგენდაა შემონახული, "ვაზის ცრემლები" ჰქვია, - ვაზს ჰკითხეს, მაინც რამდენი წლისა ხარო და მან უპასუხა, - რამდენის უნდა ვიყო, რამდენისაც საქართველოაო! ჩვენც ხომ ბიბლიასავით ძველი ქვეყანა ვართ.

- ვაზისა და საქართველოს პარალელები ბიბლიაში რის მიხედვით მოიძიეთ?..

- არის ბიბლიაში ისეთი ადგილები, რაც შენდა უნებურად საქართველოსთან მიგიყვანს. მაგალითად, ბიბლიის ძველ აღქმაში არის თავი "სიბრძნე ზირაქისა", სადაც სიტყვასიტყვით წერია, რომ: "თუ სუფრის უფროსად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი მათ შორის, როგორც ერთი მათგანი; ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი" (32;1), "ისაუბრე, წინამძღოლო, რადგან ეს შეგეფერება დარბაისლური ცოდნით და მუსიკასაც ნუ დააბრკოლებ, როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის კეთილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას" (32 3, 5). აქ ეჭვგარეშე თამადობაზეა ლაპარაკი და სხვაგან სად, რომელ ქვეყანაში შეიძლებოდა ყოფილიყო თამადობის ინსტიტუტი ან დღეს სად არის, საქართველოს გარდა?