"გთხოვთ, მიიტანოთ ხელისუფლების ყურამდე მიწათმოქმედის ტრაგედია" - კვირის პალიტრა

"გთხოვთ, მიიტანოთ ხელისუფლების ყურამდე მიწათმოქმედის ტრაგედია"

"უიმედო კაცმა სოფელი ფეხზე როგორ უნდა დააყენოს"

დღეს, როცა საარჩევნოდ გლეხის გულის მოგებას პარტიები, მათ შორის, სახელისუფლებო, გულმოდგინედ ცდილობენ, ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ გლეხი მხოლოდ საარჩევნო ხმა არ არის, იგი ქვეყნის გადამრჩენია და საარჩევნო დაპირებებით ვერც თავად გამოიკვებება, ვერც ქვეყანას გამოკვებავს. ამიტომ, თუკი ხელისუფლებას გლეხის სიკეთე უნდა, დაპირებებთან ერთად ფეხზე წამოდგომაში რეალურად უნდა ეხმარებოდეს. თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებენ.

ძვირფასო რედაქციავ, სამინისტროებიდან უპასუხოდ დაბრუნებული ეს წერილი ხელში უიმედოდ მანამდე მეჭირა, ვიდრე თქვენ არ გამახსენდით, - თქვენ თუ მიიტანთ ხელისუფლების ყურამდე მიწათმოქმედის ტრაგედიას, თორემ ჩვენამდე არავინ მოდის. ასე რომ, ჩვენი ბედისა ვერაფერი გავიგეთ და არც არაფრის იმედი გვაქვს. უიმედო კაცი კი ვერც თავს უშველის და ვერც სოფელს დააყენებს ფეხზე. ტელევიზიებით სტიქიურ უბედურებებზე ატეხილ ვაი-უშველებელს რომ ვუყურებ, მწარედ მეცინება, - იხმაურებენ, იხმაურებენ და მერე ყველაფერს ისევე დატოვებენ, როგორც არის. თუმცაღა, შეიძლება ამ ხმაურსაც აქვს თავისი დანიშნულება - გაუბედურებულ კაცს ვინმე მაინც ანუგეშებს და ესეც საქმეა... არადა, ქვეყანას დიდი ზარალი დაატყდა თავს - თუკი ვინმემ ხორბალი დათესა, ადრეული გაზაფხულის გვალვებმა გაუნადგურა, განსაკუთრებით მარნეულში, სადაც მთლიანად გადახმა ხორბლის ნათესები, მათ შორის ჩემი 55 ჰექტარიც და ვალად 100 000 ლარიც დამედო, თანაც ბანკიდან გამოტანილი კრედიტი. ასე არიან სხვებიც. მიხვდებით, რა ჭკუაზეც ვიქნებით.

არავინ შემეკამათოს - გვალვასაც ხელისუფლებას ნუ დავაბრალებთო! მიწაზე რაც ხდება, ვისი ბრალია, ეგ მიწათმოქმედს არ ესწავლება. მარნეულში მთლიანად განადგურებული სარწყავი სისტემის აღდგენა რომ ხელისუფლების მოვალეობა იყო, ამას რა ლაპარაკი უნდა! ეს ერთი! სოფლის განადგურების დანარჩენი და სხვა მრავალი მიზეზიც შემიძლია ჩამოვთვალო, რაც გლეხმა ზეპირად იცის და ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, თუ მართლა ისე ფიქრობენ, როგორც პრეზიდენტი ბრძანებს, - სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია, ხოლო საქართველოს მთავრობა აგრარული მთავრობააო. ეს კი საეჭვოა, რადგან ყველაფერთან ერთად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს, სასურსათო ხორბლის წარმოებაშიც ძალზე ცუდად გვაქვს საქმე. ქართული ხორბალი ხომ ფაქტობრივად, აღარ ითესება. თესლი ამერიკიდან შემოდის და ისიც სულ 50 ჰექტარზე ითესება, საიდანაც საშუალოდ 10-11 ცენტნერი იწარმოება... მიწაზე დასაქმებული მეწარმეებისთვის ხელის შეწყობის ნაცვლად მთავრობამ სასუქის ფასი 500%-ით გაგვიზარდა, მიწის გადასახადი - 200-დან 500-მდე. ამის მიუხედავად, თუკი ვინმე იდეალისტი გაბრიყვდა და სათესად მიწის ყიდვა მაინც მოინდომა, სახელმწიფოს 900%-ით გაზრდილი ფასი უნდა გადაუხადოს. ასე რომ, ამ პოლიტიკით სოფლის მეურნეობის საშველს ვერ ვხედავ.

ბანკი ვალს გადაგვივადებს თუ არა, ჩემი და ჩემნაირების ბედიც ჯერჯერობით ისევ გადაუწყვეტელია.

ლონგინოზ ზაქაიძე