მოგონებისთვის გმადლობთ - კვირის პალიტრა

მოგონებისთვის გმადლობთ

თქვენი გაზეთი ჩემთვის სამყაროსთან შემაკავშირებელი ძარღვია. ამიტომაც გულმა არ გამიძლო და თქვენს წერილს ვეხმაურები. რამდენიმე ხნის წინ წერდით, ტყვედ ჩავარდნილმა  ექიმმა ვანო თოფურიამ როგორ გაუკეთა ქართველ ჯარისკაცს ეკლესიაში, კონსერვის ქილის ხუფით ოპერაცია. თუმცა რა ეროვნებისაც უნდა ყოფილიყო პაციენტი, ბატონი ვანო მაინც გარისკავდა. ბატონი ვანო აბაშის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლდათ და მასთან ვმუშაობდი. კონსერვის ხუფით გადარჩენილი აკაკი კუპრავაც აბაშაში ცხოვრობდა. ამ ღვთისნიერმა ადამიანმა მხოლოდ ერთ კაცს კი არ აჩუქა სიცოცხლე, არამედ მრავალს. მას მთელი აბაშა ემადლიერებოდა. აკაკი კუპრავას შთამომავლობაც რომ ამქვეყნად მოვიდა, ესეც, რა თქმა უნდა, ბატონი ვანოს დამსახურებაა. თანაც როგორი ღირსეული შთამომავლობა! მისი ერთი შვილიშვილი, შალვა კუპრავა, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის უმცროსი სერჟანტი აგვისტოს ომში ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ამ ომში ჭრილობებით დაფლეთილ ახალგაზრდა კაცს ხუთი ოპერაცია გაუკეთეს და ახლა, მეექვსეც გორის ჰოსპიტალში უნდა გაიკეთოს.

ხანდახან ჩავუვლი ბატონი ვანოს სახლს, სადაც ახლა სხვა ცხოვრობს და გული მწყდება, რომ მასზე მემორიალური დაფა არ არის... თუმცა, ბატონი ვანოს სახელი დარჩა და აი, მოიგონეთ კიდეც.

გიგზავნით მის მიერ გადარჩენილი ჯარისკაცისა და მისი შვილიშვილის _ აგვისტოს ომში მებრძოლი შალვა კუპრავას ფოტოებს. ორივეს სიცოცხლე  ბატონი ვანოს ნაჩუქარია.

პატივისცემით,

ექიმი ზაირა

პირტახია-ცანავა