"გაგეცინება და, ტყემალი ყურძენზე ძვირია!" - კვირის პალიტრა

"გაგეცინება და, ტყემალი ყურძენზე ძვირია!"

ამას წინათ, სოფელ ჩაილურში მოვხვდი. ვის არ გაუგია ცნობილი გამოთქმა "ჩაილურის წყალი დალია", რაც დაკარგულის ვეღარდაბრუნებას ნიშნავს. ჰოდა, მე პირდაპირი გაგებით მინდოდა ჩაილურის წყლის გემო გამესინჯა და პირველივე მცხოვრებს, 78 წლის მაყვალა ღვინაშვილს მივადექი.

ქალბატონი მაყვალა ენაწყლიანი მოუბარი გამოდგა. რვა კლასის განათლების მქონეს კითხვა "იგრე ყვარებია", რომ საღამოობით ტელევიზორის ყურების მაგიერ, კითხვით იქცევს თურმე თავს და ბევრს რასმე იმახსოვრებს და თავისებურად ავსებს.

"კახეთსა, შვილო, იმდენი და იგეთი გაჭირვება უნახამ, რო ენა ვერ იტყვის. ესა ძველადა, მაგრამ ეხლაც არანაკლები გასაჭირია, ყველაზე მეტად კი სამუშაო რო არ არი - ეგაა.  ეხლანდელ ლარებსა ძალა არა აქვ. აი, წინათ, თუმანი რო იყო, მანეთი, აბაზი, შაური, კაპიკი, ყველაი თავისი ფასი ედო, ძალა ჰქონდა, საქონელი იყო ბევრი და ალბათ იმიტომა. ეხლა საქონლი მწარმოებელი შემცირდა, ვაჭარ-გადამყიდველი კი მომრავლდა და ფულ კიდე ძალა დაეკარგა, მიდი აბა ერთი თეთრით იყიდე რამე, ვერ იყიდი".

საშველი რაღაა-მეთქი - ვკითხე.

- შრომა განა დაგვავიწყდა და არ გვიყვარს, მაგრამა ვინაც მუშაობს, ხარჯებ ვერ აუდის. თანაც საწვავი ფასია მაღალი და ეს აძვირებს ყველაფერსა. მთავრობამ საწვავი უნდა გააიაფოს, ყურძენ რა მოვლაც უნდა, 50 თეთრი უნდა ღირდეი? ტყემალი უფრო ძვირია ყურძენზედა, გეგეცინება კაცსა! - მითხრა და საქმეს მიუბრუნდა.

სოფელში კი ახალი დღე იწყებოდა შრომით, გარჯით, წვალებით, მაგრამ მაინც იმედით აღსავსე. იქვე ორღობეში ჩაილურის წყალი ჩამოედინებოდა, დავეწაფე და თან მაყვალა ღვინაშვილის ნათქვამი გამახსენდა: "ცივ გომბორიდან მოდის ეს დალოცვილი და კახელისა თუ მოსული სტუმრის გულს ახალისებს და აგრილებსო".

წყლის ძალა მოგცეთ და შრომის უნარი არ დაგეკარგოთ, კახელნო!

გოგი ჭინჭარაული, ფასანაური