მამულიშვილობა გამოაღვიძეთ! - კვირის პალიტრა

მამულიშვილობა გამოაღვიძეთ!

ამ წერილს დუშეთის რაიონის ხადის ხეობიდან გწერთ. თუ აქაურობა არ გინახავთ, აფსუსია, ამ სილამაზეს რომ დაჰკლებიხართ... არც მთავრობის ხალხს გადმოსცდენია თვალიც აქეთკენ - ნეტავ, საქართველო მარტო თბილისია? რომ ჩამოსულიყვნენ, ერთი ხიდის გაკეთებას როგორ დაგვამადლიდნენ! ხომ იფიქრებდნენ, ისედაც იცლება სოფლები და მოდი, ამ ხიდს ხეობის დაცლის მიზეზად ნუ ვაქცევთო. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უხიდობის გამო აქაურები ერთმანეთთანაც ვეღარ მივდი-მოვდივართ, - მდინარე ხადისხევმა წაიღო ჩვენი ხეობის სამანქანო ხიდი. ეს ხადისთავი დარში ისეთი უშფოთველია, გაგიკვირდება, ამან რა უნდა ქნასო, მაგრამ ადიდდება და ხალხს იმისთანა ზარალში აგდებს, წელში გამართვა დიდხანს უჭირთ. მაგრამ ხეობიდან აყრა და გადასახლება საბოლოოდ მაინც ვერ გადაუწყვეტიათ. იცით, აქ რა ადგილებია? მარტო 60 ციხეა აღმართული და კიდევ, მე-9 საუკუნის ტაძარი, რომელსაც თურმე ჩვენი დიდებული მეფეები ეახლებოდნენ. ეს ხეობა საქართველოს ჩრდილოეთ კარიბჭის საიმედო ფარი იყო. იქიდან მტერი ახლაც არ გვაკლია - მთავრობამ ეს ხომ იცის და ისიც უნდა იცოდეს, რომ ამ ოხერ მტერს დასახლებული ადგილები რომ აკავებს. მაგრამ მერე, რა? არც ხიდის გაკეთებას ფიქრობს ვინმე და არც სხვა გზა-კვალისა. რამდენჯერ მივადექით ადგილობრივ ხელისუფლებას, გვიშველეო, მაგრამ ვინ ხარ და ვის დაჰკარგვიხარ?! გთხოვთ, თქვენ მაინც შეახსენეთ ამ ხალხს, რომ მოგვხედონ, ჩამოვიდნენ ხეობაში და მდინარეზე ხიდი მაინც გაგვიკეთონ... ამით მარტო ჩვენი პრობლემა ხომ არ მოგვარდება, აქ რომ ხალხი დარჩება, ეს საქართველოს კეთილდღეობა არ არის?

უღრმესი პატივისცემით და დახმარების იმედით, ხადისხეობელები.

P.S. ბატონო ხელისუფალნო (მათ შორის დუშეთის დღევანდელო გამგებლებო!)!, ამ წერილს ხელს ხეობის 49 მცხოვრები აწერს. 49 კაცი მცირერიცხოვანი საქართველოსთვის მთელი არმიაა. ამათ გარდა, ხეობაში ის ხალხიც ხომ ცხოვრობს, ვისაც წერილზე ხელი არ მოუწერია! ესენი კი არ ცრუობენ, მართლა საქართველოს ეფარებიან ჩრდილოეთიდან. უმორჩილესად გთხოვთ, მამულიშვილური გრძნობები გამოაღვიძოთ და საქართველოს მიხედოთ!