ის ჩვენებური იყო - კვირის პალიტრა

ის ჩვენებური იყო

რამდენიმე თვის წინ "კვირის პალიტრა" წერდა "პირველი ქართველი მფრინავი ქალის, ნინო ხუბულავას შესახებ, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში მთელი საბჭოთა კავშირი აალაპარაკა.

გამოხდა ხანი და რედაქციაში სენაკიდან წერილი მოვიდა. არაფერი შეედრება იმას, როცა მკითხველის მუდამ გვერდში დგომას გრძნობ, მით უფრო, თუ საქმე ჩვენს თანამემამულეებს ეხება. მადლობას ვუხდით სენაკელებს, რადგან წარსულის მწირი ფურცელი შეგვივსეს. - ნინოს შესახებ მოგვწერეს და მისი ფოტოსურათიც გამოგვიგზავნეს.

"კვირის პალიტრის" მადლობელნი ვართ, რომ ჩვენი მამაცი თანამემამულის ამბავი გაიხსენეთ. ნინო ხუბულავას ხსოვნას ჩვენი მხარე ათეული წლებია სათუთად ინახავს - ჩვენი სკოლის ეზოში მისი ძეგლიც დგას. მაგრამ წინაპართა სახელებს თუ გამუდმებით არ მოუარე და საკუთარ თავსაც არ შეახსენე, რომ ისინი გყავდნენ, მსახვრალმა დრომ შეიძლება მათი ხსოვნაც ბინდით გადაფაროს. განა ბევრს ჰყავს ისეთი გმირი ქალი, რომელიც აღაფრთოვანებდა მილიონობით ადამიანს?

წერდით - ნინო სენაკში, სოფელ ეკში დაიბადა. მის გარდა ოჯახში კიდევ სამი ბავშვი იყო - ორი ძმა და ერთი და. ხუბულავებს მამა რომ გარდაეცვალათ, ოჯახის ჭაპანი დედამ გასწია: ვალერიანი რუსეთში წავიდა, მფრინავი გახდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ოთხი წლის ობოლი გოგო ბებიამ გაზარდა. მასზე განსაკუთრებით მფრინავი ძმა ზრუნავდა, ვის გამოც გახდა მფრინავი. როცა ვალერიანიც დაიღუპა, დაიფიცა, - ახლა მის მაგივრად მე ვიფრენო. ასეც მოიქცა. სულ ზეცაში იყო, როგორც ვარსკვლავი და ვარსკვლავივითაც სწრაფად ჩაქრა, - 1935 წელს 18 წლისა გარდაიცვალა.

ჩვენს რაიონში კარგი მამულიშვილი ცხოვრობდა, - ბორის შენგელია, სენაკის გაზეთ "კოლხეთის" რედაქტორი, სწორედ მან დაწერა წიგნი ნინო ხუბულავაზე. კარდაკარ სიარულით მის ფოტოებს თავი მოუყარა. ნინოს მეგობრებსაც მიაგნო, უკვე მხცოვანებს. მათ შორის ქრისტინე კირვალიძეს, რომელმაც უთხრა - ნინოს თმა ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი, მაგრამ ქალურად რომ მოირთვებოდა, თვალს ვერ მოსწყვეტდიო. როცა ბატაისკის საფრენოსნო სასწავლებელში ჩაწერა გადაწყვიტა, მირჩია, შენც ჩაეწერეო, უარი ვუთხარი, - არ ვიცი, ქალმა როგორ უნდა იფრინოს-მეთქი. ის კი ჯიუტი იყო, თავისი გაიტანა."

აკი თქვენც წერდით, და ჩვენც გიდასტურებთ, რომ მისი პატარა სოფელი ეკი მზად იყო თვეობით უსასყიდლოდ ემუშავა, რომ მისთვის თვითმფრინავი ეყიდათ. სასწაულებს ახდენდა, ცაზე რამდენიმე წრეს რომ დაარტყამდა და მიწაზე დაეშვებოდა, ხალხი ხელით ეხებოდა, - ცოცხალი არსება არის თუ არაო. აღფრთოვანებულნი იმასაც ამბობდნენ - გოგოს ფრთები გამოუსხამს და ცაში აფრენილა, თუ ეს სასწაულიაო. 18 წლისა, ავადმყოფობით გარდაიცვალა. მისთვის თვითმფრინავი კი ქართველებმა მაინც იყიდეს. იმ ლექსს, რომელიც მას თავადაც ახალგაზრდა პოეტმა საფო მგელაძემ დაუწერა, მაშინ საქართველო თვალცრემლიანი მღეროდა: "რამ დაფერფლა ნორჩი გული/ ბრძოლით ანანთები/, რად დაგცილდა ასე უცბად/ ეგ ფოლადის ფრთები./ ვინ შეწყვიტა ეგ სიმღერა, ასე მძლავრად თქმული,/ სად დაიმსხვრა ეგ სიცოცხლე/, როგორც სალამური?/