"ჩემი ამბავი აუცილებლად მისცემს სიკეთის რწმენას ადამიანებს" - კვირის პალიტრა

"ჩემი ამბავი აუცილებლად მისცემს სიკეთის რწმენას ადამიანებს"

ქარიშხლებით სავსე დროში ვცხოვრობთ, მაგრამ რაც უნდა იყოს, ჩვენს ცხოვრებას მაინც აქვს სილამაზე, კეთილშობილება და აზრიც არსებობისათვის, ამიტომაც ღირს სიცოცხლე. ამას მაშინ უფრო შევიგრძნობთ, როცა სიკეთის მოწმენი ვხდებით.

მოგესალმები, ჩემო საყვარელო გაზეთო. ცხოვრებამ მოხუცი მარტო დამტოვა. თქვენს გაზეთს სიხარულით ველი ხოლმე - ბევრჯერ დაგირწმუნებივართ, რომ სიკეთეც არსებობს და ამით სიცოცხლის ძალა მოგიციათ. უფალს ვმადლობ, რომ კარგი მართლაც ბევრი ხდება და ბევრი კარგი ადამიანიც არსებობს, მათ შორის ახალგაზრდობა და მგონი, საქართველოს არ უნდა ეშინოდეს მომავლისა. ერთი ამბავი უნდა გიამბოთ, რომელიც აუცილებლად მისცემს სიკეთის რწმენას ადამიანებს... ალბათ გეხსომებათ მაისის საშინელი წვიმები, რომელმაც ორთაჭალა არა მარტო დაანგრია, ხალხიც დახოცა. ქალაქურ ეზოში ვცხოვრობ, ღამით გუგუნმა გამაღვიძა და რას ვხედავ: უზარმაზარი ტალღა მოაწყდა და თვალის დახამხამებაში მაღლა-მაღლა ავარდა. გარეთ გასვლას ვერ ვახერხებდი, არც აზრი ჰქონდა - მაინც დავიხრჩობოდი. შიშმა ამიტანა, განვლილმა ცხოვრებამ ელვისუსწრაფესად ჩამიქროლა თვალწინ. უცებ ხმა მომესმა - ჩვენი მეზობელი, ახალგაზრდა კაცი, ლევან შეროზია მიყვიროდა, - კარი არ გააღოო! მერე ფანჯარას მივარდა და მუშტით შემოამტვრია. დავინახე, როგორ იფეთქა გაჭრილი ხელებიდან სისხლმა. აინუნში არ ჩაუგდია, დამავლო ხელი და გარეთ, უსაფრთხო ადგილას გამიყვანა. გონს როცა მოვეგე და საფრთხემაც ჩაიარა, აღარაფერზე ვფიქრობდი, ლევანის გარდა, რომელმაც სიკვდილისგან მიხსნა. მას შემდეგ არ ამომდის თვალებიდან ის ღამე. ღმერთმა აცოცხლოს და გაახაროს, საქართველოს კი მისნაირი საამაყო ვაჟკაცების გამრავლება და გაძლიერება ვუსურვოთ.

პატივისცემით, სირანა ტერ-მოსესოვი