ახირება თუ იდეალისტი კაცის შემართება - კვირის პალიტრა

ახირება თუ იდეალისტი კაცის შემართება

"ძვირფასო რედაქცია, მინდა შეგახსენოთ კაცი, რომლის შესახებ თქვენი გაზეთის ფურცლებზეც წერდით: - ბესიკ ადამია თავგამოდებით იბრძოდა, რათა პარიზში, მშვიდობის კედელზე ქართული ასოებით, დაწერილიყო სიტყვა "მშვიდობა". განახორციელა თუ არა მან თავისი ჩანაფიქრი, რათა მსოფლიოს 14 ანბანისგან უმშვენიერესმა ქართულმა ანბანმა სამართლიანად დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი მშვიდობის კედელზე."

მარიამ ლოლაძე

"კვირის პალიტრის" მკითხველებს უთუოდ ემახსოვრებათ ქუთაისელი ბესიკ ადამია, კაცი, რომელმაც მეტად ორიგინალური მიზანი დაისახა და სანამ ამ მიზანს არ მიაღწევს, ცხრა მთისა და ზღვის  გადალახვასაც აპირებს - პარიზში მეორედ დადგა მშვიდობის კედელთან, სადაც 42 ენაზე  წერია სიტყვა "მშვიდობა", აზერბაიჯანულისა და ქართულის გარდა (სომხებმა ეს საქმე უკვე გააკეთეს). ის პარიზში, მშვიდობის კედელთან იდგა ბანერით ხელში, რომელზეც 21 ენაზე, მათ შორის, აფხაზურად და ოსურადაც ეწერა სიტყვა "მშვიდობა"... ბესიკ ადამიას ქუთაისში დავუკავშირდით. ვკითხეთ, - ისევ გყავთ თუ არა ის მანქანა, რომელსაც 21 ენაზე აწერია სიტყვა "მშვიდობა"?

- რასაკვირველია, აბა, ახალს როგორ ვიყიდდი - ის კი არა, ფული ვისესხე, ცოტა დავუმატე და ისევ ჩავედი პარიზში. დავდექი ბანერჩამოკიდებული მშვიდობის კედელთან და საფრანგეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს მივმართე, - მე იმ ერის შვილი ვარ, რომლის ანბანიც მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის არის, მაშ, რატომ არ უნდა ეწეროს ქართულად კედელს "მშვიდობა"-მეთქი! აზერბაიჯანულად დაწერაც  მოვითხოვე.

- აზერბაიჯანი რაღა შუაში იყო?

- ჩვენ, კავკასიელები, ერთი ჯიშისანი ვართ... სომხებმა მოახერხეს და კედელზე თავიანთი ანბანით ჩამოაწიკწიკეს "მშვიდობა". მე აზერბაიჯანელებს დავუდექი მხარში. სხვათა შორის, საქართველოში ჩემი იდეა ბევრისთვის მხოლოდ ახირება გამოდგა, აზერბაიჯანში კი მიმიწვიეს, ტელეეთერიც დამითმეს და  ჩემ შესახებ რამდენიმე სტატიაც გამოქვეყნდა, - ეს ქართველი კაცი საჩვენო საქმეს აკეთებს და მხარში ამოვუდგეთო.

- საქართველოდან არავინ გამოგეხმაურათ?

- აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ მითხრა, აკადემიაში ჩავატარებ კონფერენციას მაგ თემაზეო, მოსამართლე მინდია უგრეხელიძეც აღფრთოვანდა, მაგრამ ჯერ რეალური მხარდაჭერა არ ჩანს, ვფიქრობ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი უნდა დამეხმაროს, თავად ხომ საფრანგეთის მოქალაქეც არის და გაიგებს იმის ფასს, თუ რა მნიშვნელობა ექნება, პარიზის მშვიდობის კედელზე ჩვენი დამწერლობის წარმოჩენას!