უკანასკნელი ქართველი პარტიზანის აუხდენელი ოცნება - კვირის პალიტრა

უკანასკნელი ქართველი პარტიზანის აუხდენელი ოცნება

ძვირფასო რედაქცია, საქართველოდან გადახვეწილი ერთი საინტერესო ადამიანის შესახებ მინდა მოგითხროთ. იტალიაში უკანასკნელი ქართველი პარტიზანი, ლავრენტი ჯაფარიძე გარდაიცვალა. რაჭის სოფელ ღარიდან ათეული წლების წინათ გადაკარგული ბიჭისთვის ცრემლი არც იტალიელ შვილებს დაუშურებიათ და არც სამშობლოში დატოვებულ ნათესავებს.

1969 წელს სამშობლოდან დაკარგულმა  მამისეულ ეზოში ფეხშიშველამ შეაბიჯა და ატირდა - 30 წელიწადი ნატრობდა მშობლიური სახლის ნახვას. არავინ არაფერი იცის, თავისი ბედის - რომ არა მსოფლიო ომი, ლავრენტი ჯაფარიძე იტალიის პროვინცია ვერბანას სახელსაც ვერ გაიგებდა. ომმა კი ის სწორედ ვერბანაში დაამკვიდრა, მაგრამ მანამდე სხვა ქართველებთან ერთად იტალიის ლეგენდად აქცია, - არსად ღირსებია უცხოტომელის საფლავს ისეთი პატივისცემა, როგორიც იტალიელებმა ქართველებს არგუნეს იტალიის ფაშიზმისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, - ქართველების საფლავებზე ისეთი წარწერა გააკეთეს, რომ ყოველმა იტალიელმა ქედი უნდა მოიხაროს, - "შეჩერდი, გამვლელო, აქ შენი თავისუფლებისთვის მებრძოლი განისვენებს!".

ნუნუ გელაძე, იტალია

უკანასკნელი ქართველი პარტიზანი საგულდაგულოდ ემზადებოდა - სამშობლოში უნდა დავბრუნდე, იქ  რომ დავიკრძალოო. როცა იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნუნუ გელაძე ეწვია (ქალბატონ ნუნუს მადლობას ვუხდით მასთან უკანასკნელი საუბრის ჩანაწერის გამოგზავნისთვის), უკანასკნელი პარტიზანი ხმადაბლა ლაპარაკობდა: "ძალიან მენატრება ჩემი ეზო რაჭაში. იქ ისევ დგას მამაჩემის სახლი. ბავშვობის მოგონებებმა, დაბრუნების ოცნებამ გამაძლებინა, სამშობლოში უნდა მოვკვდე. ჩემი ქალიშვილი, ჯულიანა დამპირდა, ამ ზაფხულს წაგიყვანო და დავბრუნდები სამუდამოდ", მერე კი გააგრძელა:

"საბჭოთა კავშირი ერქვა მაშინ სამშობლოს, მაგრამ მე საქართველოს პატრიოტი  ვიყავი. ომი რომ დაიწყო, 22 წლისა გახლდით და ჯარში რუსეთში ვმსახურობდი, ორი თვეღა მაკლდა შინ დაბრუნებას. 1942 წელს რუმინეთის საზღვართან გერმანელებმა ალყა შემოგვარტყეს. ბევრი ჩახოცეს, მერე იარაღი გაგვითავდა და დავნებდით. ვინც გადავრჩით, ვაგონებში შეგვყარეს და გერმანიაში წაგვიყვანეს. საკონცენტრაციო ბანაკში რა ეროვნების ადამიანს არ ნახავდით, გვამუშავებდნენ როგორც მონას. 1944 წელს ისევ ვაგონებში შეგვყარეს, იტალიაში წაგვასხეს და რკინიგზის მეთვალყურეობა გვიბრძანეს. გაქცევაზე გვქონდა თვალი - ამ დროს იტალიაში მთა და ტყე არ იყო, პარტიზანული ჯგუფები არ ყოფილიყო. ინფორმაცია ჰქონდათ ჩვენზე, დაგვიკავშირდნენ და ოცნი გავიქეცით.

გარიბალდის ბრიგადაში ვიბრძოდი. ჩემი მომავალი მეუღლე ექთანი იყო, დაჭრილების გადაყვანაში ვეხმარებოდი. როცა ომი დამთავრდა და რკინიგზის სადგურში ჩვენებს ვაცილებდი, მარიამ მკითხა, - რატომ არ ადიხარ მატარებელში? ცოლად თუ გამომყვები, დავრჩები-მეთქი. გამოგყვებიო. დავრჩი. ორი შვილი შეგვეძინა. რა უნდა ენატრებოდეს კაცს ყველაზე მეტად, თუ არა მიწა, რომელზეც ღმერთმა გააჩინა და სახლი, სადაც დაიბადა..."

ეს ჩანაწერი უკანასკნელი აღმოჩნდა. ლავრენტი ჯაფარიძე ისე გარდაიცვალა, სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. ფაშიზმზე გამარჯვება იმ აუხდენელ ოცნებად დაუჯდა, რომ მშობლიურ მიწას ძვლებიც ვეღარ მიაბარა. უკანასკნელ საათებში შვილები დაიბარა  - ჩემი ფერფლი რაჭაში ჩაიტანეთ და ჩემს მიწაზე მიმოაბნიეთო. იტალიაში კი განუხორციელებელი ოცნების სანაცვლოდ უკანასკნელ ქართველ პარტიზანს მართლაც ბევრი ცრემლი დაადინეს - როცა მისი სასახლე იტალიელებმა ეკლესიიდან მხრებით გაიტანეს, პარტიზანების სიმღერა "ბელა ჩაო" უმღერეს და ყველა იქ მყოფი აატირეს.